RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მედვედევი ბაქოში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.

24 საათი 03.09.10

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის შესახებ შეთანხმებას. ამ დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მიმდინარე წელს კი მხარეებმა საზღვრის უკანასკნელი სამი მონაკვეთისა და სასაზღვრო მდინარე სამურზე გადებული ხიდის საკითხი შეათანხმეს.

დმიტრი მედვედევის თანაშემწე სერგეი პრიხოდკოს განცხადებით, შეთანხმება საზღვრისა და სასაზღვრო მდინარე სამურის წყლების რაციონალური გამოყენებისა და დაცვის შესახებ რუსეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში უდიდეს როლს შეასრულებს.

ვიზიტის დაწყების წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საზღვრის შესახებ შეთანხმების შემუშავებაში დიდი როლი ითამაშეს უშუალოდ რუსეთისა და აზერბაჯანის პრეზიდენტებმა.

დმიტრი მედვედევის ბაქოში ვიზიტი ორდღიანი იქნება და ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტები ძირითად ყურადღებას ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონალურ საკითხებს დაუთმობენ. რუსეთი აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, ამიტომაც ოფიციალური მოსკოვი ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გარდა ამისა, რუსეთისთვის საჭიროა გარკვეული ბალანსის დაცვა. ცოტა ხნის წინ მედვედევი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა და სამხედრო ბაზის შესახებ სტრატეგიულ ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი (ამ თემაზე უკვე წერდა “24 საათი”). ახლა მისთვის აუცილებელია, რომ აზერბაიჯანიც არ გაანაწყენოს.

ბაქოში ჩასვლისთანავე დმიტრი მედვედევმა ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო. 2 სექტემბრის საღამოსვე რუსეთის პრეზიდენტი მეუღლითურთ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც აზერბაიჯანის ლიდერმა და მისმა მეუღლემ მაღალი რანგის სტუმრების პატივსაცემად გამართეს. მიღება "გიულისტანის" სასახლეში გაიმართა, სადაც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ღონისძიებები ტარდება

დმიტრი მედვედევის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 3 სექტემბერს, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების ოფიციალურად შეხვედრის ცერემონიით იწყება. პრეზიდენტები თავდაპირველად ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, შემდეგ კი მასში მონაწილეობას დელეგაციებიც მიიღებენ.

როგორც მოსალოდნელია, შეხვედრაზე ლიდერები მათი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების მთელ სპექტრს განიხილავენ. მათ შორის იქნება პოლიტიკური დიალოგის აქტივიზაციის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. დაგეგმილია, რომ მომდევნო წლის განმავლობაში რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის საქონელბრუნვა 2 მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. არ არის გამორიცხული, პრეზიდენტებმა სწორედ ამ მიზნის მიღწევის გზებზე იმსჯელონ.

სავრაუდოდ, მედვედევი და ალიევი შეხვედრაზე კასპიის ზღვის საკითხსაც განიხილავენ. კონკრეტულად კი, ისინი იმსჯელებენ, თუ როგორ დაჩქარდეს ყოვლისმომცველი დოკუმენტის მომზადება, რომელმაც კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსი უნდა განსაზღვროს. დოკუმენტის მომზადებაში კასპიის ზღვის ხუთივე სახელმწიფო იქნება ჩართული.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტები გამორჩეულ ყურადღებას დაუთმობენ, მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირება და ამ პროცესში რუსეთის მონაწილეობის გაზრდა იქნება. რუსეთი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. ეს ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

ბაქოელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებებზე შეიძლება განიხილონ ორ ქვეყანას შორის სამხედრო და სამხრედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებიც.

ეს მედვედევის მესამე ვიზიტია ბაქოში. იგი აზერბაიჯანის დედაქალაქში 2008 და 2009 წლებში იმყოფებოდა.

2009 წლის ვიზიტის დროს პრეზიდენტების მთავარი განსახილველი თემა იყო ეკონომიკური ურთიერთობები და გაზის სფეროში თანამშრომლობა. კონკრეტულად კი, რუსულ მხარეს არ დაუმალავს, რომ მას მიზნად ჰქონდა, არ დაეშვა აზერბაიჯანის მონაწილეობა რუსულ გაზსადენ "სამხრეთის ნაკადის" კონკურენტ პროექტ "ნაბუკოში."

თავის მხრივ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია გაზის ექსპორტის გაზრდით და აზერბაიჯანს ამ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს.

პარალელურად კი, ევროკავშირი პროექტ "ნაბუკოს" განხორციელებას ცდილობს, რომელიც ევროპას საშუალებას მისცემს, გაზი რუსეთის გვერდის ავლით მიიღოს და ამ მხრივ უსაფრთხოების მეტი გარანტია ჰქონდეს. საგულისხმოა, რომ "ნაბუკოსთვის" გაზის ერთადერთი რეალური მიმწოდებელი სწორედ აზერბაიჯანია, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობითაც არანაკლებ არის დაინტერესებული.

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი