ხუთშაბათს ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი.
24 საათი 03.09.10
ხუთშაბათს ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი.
ეს შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევდა, რადგან იგი ლამის ერთადერთ საშუალებაა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად.
შეხვედრაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. შეხვედრის წინა დღეს, ოთხშაბათს, ნეთანიაჰუც და აბასიც ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან გამართულ სადილს დაესწრნენ.
შეხვედრაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ იორდანიის მეფე აბდულა მეორე, ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ახლო აღმოსავლეთის "ოთხეულის" წარმომადგენელი ტონი ბლერი. ცნობისათვის - “ოთხეულის” წევრები არიან რუსეთი, ამერიკა, გაერო და ევროკავშირი.
შეხვედრის დაწყებისას ამერიკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აუცილებლად მიაღწევენ იმ მიზანს, რისთვისაც შეიკრიბნენ. "ჩვენ ახლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვართ, თუმცა ჩვენ მარტონი არ ვართ - ჩვენ უკან თაობები დგანან," - განაცხადა ობამამ ოთხშაბათ საღამოს.
საღამოს შეეხვედრაზე ისრაელის ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პალესტინელთა ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განაცხადეს, რომ მათი მიზანი მშვიდობის დამყარებაა. ნეთანიაჰუმ აბასს "მშვიდობის საკითხში თავისი პარტნიორი" უწოდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში კომპრომისის მოსაძებნად ჩამოვიდა, თუმცა თავიდანვე შენიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ისრაელის უსაფრთხოების პოზიციის გათვალისწინებით იქნება მიღებული. თავის მხრივ, აბასმაც აღნიშნა ამ შეხვედრის მნიშვნელობა და ნეთანიაჰუს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშებნებლობის შეჩერებისკენ მოუწოდა. ნეთანიაჰუს დასახლებების შესახებ არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია. პალესტინის ლიდერის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სისხლიანი ურთიერთობა აუცილებლად უნდა დასრულდეს.
მოლაპარაკებებში პალესტინის მხარის მთავარი წარმომადგენლის სააბ ერეკატის თქმით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს “ჰამასის” კონტროლის ქვეშ მყოფი ღაზას სექტორი.
მხარეებმა სამშაბათს მომხდარ თავდასხმაზეც გააკეთეს კომენტარი, რომლის შედეგად ისრაელის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. მხარეების თქმით, ეს ინციდენტი მოლაპარაკების პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს.
მომხდარიდან მოკლე დროში პალესტინის მხარემ თვითონვე დაიწყო დამნაშავეების ძებნა. ოპერაციის ფარგლებში მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ავტონომიის უშიშროების ძალებმა (იგივე მოძრაობა “ფატხი”, რომელიც მაჰმუდ აბასს უჭერს მხარს) “ჰამასის” 250 წევრი დააპატიმრეს. თუმცა, დაჯგუფება აცხადებს, რომ არ შეჩერდება და თავდასხმებს კვლავაც განახორციელებს.
თეთრ სახლში ობამასთან შეხვედრის დაწყებამდე კიდევ ერთ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა "ჰამასმა". ამ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. "ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი ადამიანი გაუბედურდა. ახლანდელი შანსი შეიძლება აღარ განმეორდეს," - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა შეხვედრაზე პალესტინელებს მიმართა: "ჩვენ თქვენ იქამდე დაგიჭერთ მხარს, ვიდრე არ შეიქმნება პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო დედაქალაქით იერუსალიმში."
იორდანიის მეფე აბდულა მეორემ კი მხარეებს მიუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ ამ პირდაპირი მოლაპარაკებების შანსი და იმედი დაუბრუნონ იმ ადამიანებს, რომლებსაც მშვიდობის დამყარების იმედი უკვე აღარ აქვთ.
ლიდერები ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მიიღო, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტის ბენჯამინ ფრანკლინის ოთახში მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. ჰილარი კლინტონმა დიი შეფასება მისცა "ორი ქვეყნის ლიდერის ვაჟკაცობას და მშვიდობისკენ სწრაფვას." სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკა არ ჩაერევა ამ ქვეყნების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში: "ეს მხოლოდ ამ ორი ქვეყნის საქმეა" - შენიშნა ჰილარი კლინტონმა.
მოლაპარაკების დაწყებამდე მოკლე გამოსვლაში ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "პალესტინას მოუწევს, ისრაელი ებრაელი ხალხის ეროვნულ სახელმწიფოდ აღიაროს."
თავის მხრივ აბასმა თავის კოლეგას ღაზას სექტორის ბლოკადის მოხსნისა და დასახლებების მშენებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. იგი ასევე შეეხო იმ ტერორისტების ძებნის საქმეს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ისრაელის ოთხი მოქალაქე ჩაცხრილეს.