აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და შენიშნა, რომ აშშ-მ "მაღალი ფასი" გადაიხადა, რათა "ერაყის მომავალი მისივე მოქალაქეებისთვის ჩაებარებინა."
24 საათი 02.09.10
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და შენიშნა, რომ აშშ-მ "მაღალი ფასი" გადაიხადა, რათა "ერაყის მომავალი მისივე მოქალაქეებისთვის ჩაებარებინა."
ოვალური კაბინეტიდან გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში (ობამა თავისი სამუშაო ადგილიდან საჯარო განცხადებას მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან შემთხვევებში აკეთებს) პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არ ჰყოფნის სიტყვები რათა უღრმესი მადლობა გადაუხადოს ამერიკელ სამხედროებს მათ მიერ გაღებული მსხვერპლისთვის.
ობამამ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ამ დროისთვის ყველაზე "მნიშვნელოვანი ამოცანა" ერაყის ეკონომიკის აღდგენაა.
პრეზიდენტმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ამერიკა ერაყის მთავრობასა და ხალხს ამჟამადაც ეხმარება. "ერაყის გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა და ახლა ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა მისივე მოქალაქეებს ეკისრებათ," - განაცხადა ობამამ და დაამატა, რომ სამხედრო ოპერაციის დასრულებით დაინტერესებული იყო ორივე ქვეყანა - ერაყიც და ამერიკაც.
"ჩვენ ერაყში ჩვენი კაცები და ქალები გავგზავნეთ, მათ ერაყის მიწაზე წარმოუდგენელი მსხვერპლი გაიღეს. უცხოეთში ოპერაციის ჩატარებაზე დიდი თანხები დავხარჯეთ, მაშინ როდესაც შინ ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება დაგვჭირდა... ერაყისა და ამერიკის ისტორიის ამ შესანიშნავი ფურცლით ჩვენ საკუთარი ვალი მოვიხადეთ. ახლა უკვე ფურცლის გადაშლის დროა," - განაცხადა პრეზიდენტმა.
ერაყიდან ამერიკული სამხედრო ძალების გამოყვანა ქვეყანაში ძალადობის ტალღისა და არასტაბილურობის ფონზე მიმდინარეობს.
ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკური ძალები უშედეგოდ ცდილობენ თუნდაც რაიმე სახის შეთანხმების მიღწევას 7 მარტის არჩევნების შემდეგ, რომელმაც აშკარა გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
ამავე დროს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური მალიქიმ განაცხადა, რომ ქვეყანა უკვე აღარ არის დამოკიდებული ამერიკელების დახმარებაზე და თავად შეძლებს ნებისმიერ შიდა თუ საგარეო საფრთხესთან გამკლავებას.
სპეციალურ სატელევიზიო მიმართვაში ნური მალიქიმ სცადა თანამოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალები "საკმარისად კვალიფიციურია იმისთვის, რომ ქვეყნის კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა იკისროს."
"დღევანდელი ერაყი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენი უსაფრთხოების ძალები სახელმწიფოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წამყვან როლს იკისრებენ და ქვეყანას ნებისმიერი შიდა და საგარეო საფრთხისგან დაიცავენ," - განაცხადა მალიქიმ.
თუმცა ანალიტიკოსები ერაყში ამერიკის შვიდწლიანი ოპერაციის შეჯამებისას ყურადღებას ამახვილებენ ბევრი ერაყელის შიშზე იმის გამო, რომ ამერიკელების არყოფნის დროს ერაყის სამხედრო ძალები და პოლიცია საკმარისად მომზადებული თუ არ იქნება, სუნიტი და შიიტი ექსტრემისტები ერთმანეთის ხოცვას კვლავ გააგრძელებენ.