რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი "სტრატეგია-31"-ის არასანქცირებული აქციების დარბევას გამართლებულად მიიჩნევს.
24 საათი 31.08.10
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი "სტრატეგია-31"-ის არასანქცირებული აქციების დარბევას გამართლებულად მიიჩნევს.
ამ საკითხზე მან გაზეთ "კომერსანტის" ჟურნალისტ ანდრეი კოლესნიკოვთან არაოფიციალური ინტერვიუს დროს ისაუბრა.
რუსეთის პრემიერსა და რუს ჟურნალისტს შორის დიალოგი მაშინ შედგა, როდესაც მათ ხაბაროვსკი-ჩიტას გზა ავტომობილ Kalina Sport-ით გაიარეს. მანქანას პრემიერი თავად მართავდა.
ინტერვიუში რუსეთის მთავრობის ლიდერმა "2012 წლის პრობლემებზე" ანუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მიხაილ ხოდორკოვსკის საქმესა და მუსიკოს იური შევჩუკთან გახმაურებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"მე მითხრეს, რომ ის მუსიკოსია," - განაცხადა პრემიერმა, როდესაც ჟურნალისტმა მას როკ-ჯგუფ "დე-დე-ტეს" ლიდერთან შეხვედრა გაახსენა.
პუტინისა და შევჩუკის შეხვედრა 31 მაისს, მორიგი არასანქცირებული მიტინგის წინ შედგა. მუსიკოსსა და პრემიერს შორის დიალოგი სიტყვის თავისუფლებას შეეხო. ამასთან დაკავშირებით პუტინმა ინტერვიუში განაცხადა:
"აუცილებელია ნებართვის აღება ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისგან. მიიღეთ? მიდით და ჩაატარეთ მიტინგი. თუ ვერ მიიღეთ - მაშინ უფლებაც არ გაქვთ. უნებართვოდ გამოხვედით? - თავში ხელკეტს მიიღებთ."
ამასთანავე, მან ეჭვი შეიტანა იმაში, რომ აქციების მიზანი ნამდვილად კონსტიტუციის 31-ე მუხლის შეხსენებაა და სხვა არაფერი.
"მათი მიზანია, მოახდინონ ხელისუფლების პროვოცირება, რომ თავში ხელკეტები მოხვდეთ. შემდეგ კი წითელი საღებავი დაისხან და იყვირონ, რომ ხელისუფლება უღირსად იქცევა და ადამიანის უფლებებს არღვევს," - აღნიშნა პუტინმა.
ინტერვიუს კიდევ ერთი თემა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. პუტინის თქმით, "ის შეუთანხმდება პრეზიდენტ მედვედევს თავისი ქმედებების შესახებ 2012 წელს."
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მსოფლიო პრაქტიკაა. მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტებიც კი, თანამდებობის დატოვებამდე, თავიანთ მემკვიდრეს ყოველთვის ასახელებენ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ დასავლეთში მემკვიდრის დასახელების შემდეგ ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლა იწყება, რაც რუსეთში ნაკლებად შესაძლებელია და რჩება შთაბეჭდილება, თითქოს 2010 წლის პრობლემები პუტინს არ აღელვებს, პრემიერმა განაცხადა: მე, უბრალოდ, "ამ თემას არ ვაფეტიშებ."
"მთავარია, რომ 2010 წლის პრობლემებმა სტაბილური განვითარების, აი, ამ გზიდან არ გადაგვიყვანონ. ხდება ხოლმე, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური ბრძოლის გამო პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას ხშირად გადააქვთ ყურადღება ისეთი საკითხებიდან, როგორიც, მაგალითად, ეკონომიკაა. თუმცა ეს არის მსხვერპლი, რომელიც უნდა გავიღოთ იმისათვის, რომ სახელმწიფო და საზოგადოება კონკურეტუნარიანები გახდნენ," - განაცხადა პუტინმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესახებაც ჟურნალისტი პუტინს ესაუბრა, მიხაილ ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესებია. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ მიიმწყვდია კუთხეში რუსეთის ხელისუფლებამ მიხაილ ხოდორკოვსკი, როცა თავად პუტინი თითქოსდა ადამიანების მიმართ ასეთი მიდგომის წინააღმდეგია, პრემიერმა განაცხადა, რომ ის "დამსახურებულ სასჯელს იხდის. გამოვა ციხიდან და თავისუფალი ადამიანი იქნება. პირადად მე ის კუთხეში ნამდვილად არ მიმიწყვდევია."
პუტინმა ისიც განაცხადა, რომ ხოდორკოვსკის წინააღმდეგ მიმდინარე მეორე პროცესმა გააკვირვა. "რა პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, როცა ადამიანს უკვე მისჯილი აქვს. თუმცა, რადგან ეს პროცესი მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა," - აღნიშნა რუსეთის მთავრობის მეთაურმა.
შიდა პოლიტიკის გარდა, ინტერვიუში ჟურნალისტმა პუტინს კითხვები საგარეო პოლიტიკის შესახებაც დაუსვა, მთავარი თემა კი ამერიკა და მასთან ურთიერთობების "გადატვირთვა" იყო.
ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს პუტინის 2007 წლის მიუნჰენის გამოსვლა გაიხსენა, როდესაც რუსეთის პრემიერმა მკვეთრად გააკრიტიკა ამერიკის საგარეო პოლიტიკა და ჰკითხა, სჯერა თუ არა მას ვაშინგტონთან ურთიერთობების გადატვირთვის. "ძალიან მინდა მჯეროდეს, - განაცხადა პუტინმა, - ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სურვილი, რომ რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს. ეს სრულიად აშკარაა." თუმცა პუტინმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ის მომენტებიც გამოჰყო, სადაც "გადატვირთვა" ჯერჯერობით არ შეიმჩნევა, მაგალითად, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება.
რაც შეეხება პუტინის ობამასადმი დამოკიდებულებას, პრემიერის თქმით, ის ფიქრობს, რომ "ობამას განწყობა გულწრფელია." "მე არ ვიცი, რა შეუძლია, რა არ შეუძლია. მინდა დავინახო, გამოუვა თუ არა. მაგრამ მას უნდა. იმასაც კი ვფიქრობ, რომ ეს მისი გულწრფელი პოზიციაა," - განაცხადა პუტინმა ამერიკის ლიდერის შესახებ.