ფილიპინების პოლიციამ აღიარა, რომ მძევალთა გასათავისუფლებლად ჩატარებული ოპერაციის დროს სერიოზული შეცდომები დაუშვა.
24 საათი 26.08.10
ფილიპინების პოლიციამ აღიარა, რომ მძევალთა გასათავისუფლებლად ჩატარებული ოპერაციის დროს სერიოზული შეცდომები დაუშვა.
მანილას ცენტრში ავტობუსის 9-საათიანი ალყის შემდეგ 8 ჰონგკონგელი ტურისტი დაიღუპა.
ავტობუსი 55 წლის ყოფილმა პოლიციელმა როლანდო მენდოზამ გაიტაცა, რომელიც გამოძალვაში იყო ეჭვმიტანილი და ამის გამო 2008 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს. "მ-16"-ით შეიარაღებული მენდოზა სამსახურში აღდგენას მოითხოვდა. შტურმის მომენტში, რომელიც იმავე საღამოს დაიწყო, მენდოზას მძევლად 15 ადამიანი ჰყავდა. ოპერაციის დროს პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლო.
ფილიპინების პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მომხდართან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და ის შეცდომები ჩამოთვალა, რომლებიც პოლიციამ ოპერაციის ჩატარების დროს დაუშვა. მათ შორის არის "შესაძლებლობათა, გამოცდილების, ტექნიკისა და გეგმების უკმარისობა." მისივე თქმით, ოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა, ხოლო მათი ხელმძღვანელი საკმარისად კომპეტენტური არ იყო.
პოლიციის მონაცემებით, მამაკაცი, რომელმაც მძევლები აიყვანა, კრიზისის გაშუქებას ტელევიზიით ადევნებდა თვალს და ამან მისი ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. გარდა ამისა, ყოფილმა პოლიციელმა ადგილობრივ რადიოს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია უკან არ დაიხევდა, ის მძევლებს დახოცავდა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურმა მანილამ გამოძიება უკვე დაიწყო. ამასთან დაკავშირებით დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება 4 პოლიციელს, რომლებიც ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლები იყვნენ. პოლიციის ოფიცერთათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ადმინისტრაციული წესის შესაბამისად იმიტომ მოხდა, რომ მათ გამოძიების მსვლელობაზე ზემოქმედება ვერ შეძლონ. პოლიციის უფროსი ოფიცრის, აგრიმენტო კრუზის განცხადებით, შტურმის დროს სამართალდამცავთა 200-კაციან ჯგუფს 4 პოლიციელი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ფილიპინების ძალოვანი სტრუქტურები მომხდარში ბრალს ნაწილობრივ ადგილობრივ ტელეარხებს სდებენ, რომლებიც გატაცებული ავტობუსის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ. ჰონგკონგის ხელისუფლებამ, რომელიც ინცინდენტის გამოძიებას დაჟინებით მოითხოვდა, ფილიპინები მკაცრად გააკრიტიკა და იმ ქვეყნების "შავ სიაში" ჩართო, რომლებში მოგზაურობაც განსაკუთრებით საშიშია. ჩინეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფილიპინებში უკვე იმყოფებიან, ხელისუფლება სასწრაფოდ სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ჰონგკონგში ფილიპინების საელჩოსთან მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.