RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სასამართლომ ნემცოვისთვის წაყენებული ბრალდებები უარყო

მოსკოვის პრესნენსკის სასამართლოს მოსამართლემ ბორის ნემცოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის მასალები მილიციაში დააბრუნა.

24 საათი 26.08.10

მოსკოვის პრესნენსკის სასამართლოს მოსამართლემ ბორის ნემცოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის მასალები მილიციაში დააბრუნა.

ნემცოვს ბრალი რუსული დროშის დღის აღსანიშნავად მოწყობილი მსვლელობისას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედება.

მოსამართლის განმარტებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარდგენილ მასალებში ნემცოვის ბრალეულობის დასამტკიცებლად საკმარისი არგუმენტები არ არის მოყვანილი.

პოლიტიკოსის ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა მოსამართლის გადაწყვეტილებას "ფაქტობრივად გამამართლებელი" უწოდა.

თავად ნემცოვი, რომელიც ოპოზიციური მოძრაობა "სოლიდარობის" ერთ-ერთი ლიდერია, აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს მის გეგმებს - რუსეთის დროშით კიდევ ბევრჯერ მოაწყოს მსვლელობები და თანაც, არა მხოლოდ შესაბამის დღესასწაულზე, არამედ სხვა დღეებშიც.

პრესნენსკის სასამართლოს გარდა, მოსმენა ზამოსკვორეცკის სასამართლოშიც უნდა გამართულიყო. აქ უნდა განხილულიყო მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე 31 ივლისს გამართულ აქციასთან დაკავშირებით აღძრული საქმე, თუმცა ეს მოსმენა 2 სექტემბრისთვის გადაიდო.

რუსეთში მოსამართლეებს გამამართლებელი განაჩენი ბევრად იშვიათად გამოაქვთ, ვიდრე სხვა, განსაკუთრებით კი, დასავლეთის ქვეყნებში. ფორმალურად, გამამართლებელი განაჩენი არც ნემცოვის შემთხვევაში არსებობს, თუმცა მისი ადვოკატი მიიჩნევს, რომ მილიცია საქმის რეანიმირებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.

"თავისი არსით, ეს, რასაკვირველია, გამამართლებელი განაჩენია. თუმცა რაღაც მიზეზების გამო მოსამართლემ ვერ შეძლო მიეღო გადაწყვეტილება იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მივიჩნევთ. ანუ მოსამართლემ ვერ შეძლო, უბრალოდ გამამართლებელი ვერდიქტი დაეფიქსირებინა," - განაცხადა ადვოკატმა.

"თავად ფაქტი, რომ მოსამართლემ საქმე მილიციაში დააბრუნა, ერთ რამეზე მეტყველებს - უკანონოდ დამაკავეს. თუმცა მოსამართლეს, შესაძლოა, ბოლომდე არ ეყო გამბედაობა, ეს პირდაპირ ეთქვა," - აღნიშნა თავად ნემცოვმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 19.3 მუხლი, რომელიც მილიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს, 500-დან 1000-მდე რუბლის ოდენობით ჯარიმას ან 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.

თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე მილიციელმა ნემცოვს სთხოვა, ავტოგრაფი დაეტოვებინა ბროშურაზე, რომელშიც ის და მისი თანაავტორი ვლადიმირ მილოვი რუსეთის ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ. "ვფიქრობ, ეს რუსული დემოკრატიის გრანდიოზული წარმატებაა," - ირონიულად განაცხადა ნემცოვმა სასამართლო პროცესის შემდეგ.

რუსი დემოკრატები რუსული დროშის დღეს 1992 წლიდან, ტრადიციულად, არბატისა და ნოვინსკი ბულვარის გადაკვეთაზე იკრიბებიან, სადაც აგვისტოს პუტჩის დროს სამი ახალგაზრდა მოსკოველი დაიღუპა. სწორედ ამის აღსანიშნავად, ყოველ წელიწადს იმართება მსვლელობა, რომლის მონაწილეებიც რუსეთის დროშებით კრასნოპრესნენსკის სანაპიროს გავლით მთავრობის სახლამდე მიდიან.

2008 წლამდე ამ მსვლელობებთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვის ხელისუფლება მსვლელობაზე სანქციის გაცემას არ თანხმდება და მხოლოდ მიტინგის ჩატარების ნებართვას იძლევა.

ამჯერად, მსვლელობის დაწყების მცდელობისას, მილიციამ დემოსტრანტებს გზა გადაუღობა და სამი ადამიანი დააკავა: "სოლიდარობის" ლიდერები - ბორის ნემცოვი და მიხაილ შნაიდერი, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დამცველი ლევ პონომაროვი. მათ ბრალი მილიციის დაუმორჩილებლობაში წაუყენეს.

ნემცოვი და მისი ადვოკატი მიიჩნევენ, რომ პონომაროვისა და შნაიდერის საქმეების მოსმენაც ანალოგიური შედეგით დასრულდება.

ნემცოვის საქმეს სასამართლო ღამის სამ საათამდე განიხილავდა. მთელი ამ დროის განმავლობაში შნაიდერი და პონომაროვი თავის რიგს ელოდნენ. 68 წლის პონომაროვის თხოვნაზე, სახლში გაეშვათ, მოსამართლემ განაცხადა, რომ რუსული სასამართლო დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობს.

პროცესის ხანგრძლივობის გამო, ჰიპერტონიით დაავადებული პონომაროვისა და შნაიდერისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა ის მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა, რაც სასამართლომ შესვენება გამოაცხადა. პონომაროვისა და შნაიდერის საქმეები უახლოეს დღეებში განიხილება.

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა მილიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც 31 ივლისს სანკტ-პეტერბურგში მიტინგის დარბევის დროს თანამდებობრივ უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ზედმეტად უხეშად მოიქცნენ. საქმე სამართალდამცავთა ჯგუფს ეხება, თუმცა მათი ვინაობა არ დაუსახელებიათ. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მილიციის ერთი "პრაპორშჩიკი" ოპოზიციონერებს უცენზურო სიტყვით მიმართავს და ერთ-ერთს ხელკეტს ურტყამს. ჯერჯერობით არც ამ პირის სახელია ცნობილი, გამოცხადდა მხოლოდ ის, რომ მან საყვედური მიიღო. ორი ასეთი ფაქტი ერთად შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ორთქლის გამოშვება გადაწყვიტა. ან ეს, შეიძლება, რაიმე შიდა დაპირისპირების გამოვლინებაც იყოს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი