33-მა ჩილელმა მაღაროელმა, რომლებიც შახტის ჩანგრევის შედეგად მიწაში ბლოკირებული აღმოჩნდნენ, საკვებისა და სასმელი წყლის პირველი პარტია მიიღეს.
24 საათი 25.08.10
33-მა ჩილელმა მაღაროელმა, რომლებიც შახტის ჩანგრევის შედეგად მიწაში ბლოკირებული აღმოჩნდნენ, საკვებისა და სასმელი წყლის პირველი პარტია მიიღეს.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გლუკოზასა და სხვა საკვები ნივთიერებების კაფსულები მაღაროში 15 სმ-ს ფართობის მქონე ხვრელიდან ჩაუშვეს. მიწის ქვეშ დარჩენილი მაღაროელები დანარჩენ სამყაროსთან კონტაქტს სწორედ ამ ხვრელის მეშვეობით ინარჩუნებენ.
მაშველებს ასევე იმედი აქვთ, რომ მიწაში მიკროფონების ჩაშვებასაც მოახერხებენ, რის შემდეგაც მაღაროელები თავიანთ ახლობლებთან კონტაქტს შეძლებენ.
ატაკამას უდაბნოში მდებარე სპილენძისა და ოქროს მაღაროში ინცინდენტი 5 აგვისტოს მოხდა, როდესაც გვირაბი ჩაინგრა. მაღაროელები ავარიიდან 17 დღის შემდეგ ცოცხლები აღმოაჩინეს.
როდესაც მაშველებმა მაღაროში ვიდეოკამერიანი ზონდი ჩაუშვეს, მოულოდნელად კაკუნი გაიგეს. ზონდის ამოწევის შემდეგ მასზე მიმაგრებული წერილი აღმოჩნდა: "33-ვე კარგად ვართ და თავშესაფარში ვიმყოფებით."
კამერამ გადარჩენილთა სახეები დააფიქსირა. ივარაუდება, რომ მაღაროელები მიწისქვეშ 700 მეტრის სიღრმეზე იმყოფებიან, მაღაროს შესასვლელიდან 7 კილომეტრის მოშორებით.
"ბევრი მათგანი ბავშვივით კამერასთან მოდიოდა და მას სახეს ადებდა. მათ თვალებში ჩვენ სიხარულსა და იმედს ვხედავდით," - ყვება ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინერა.
მაღაროელებმა გადარჩენა მიწის ქვემოთ დარჩენილი სასმელი წყლის მარაგის მეშვეობით შეძლეს, თუმცა საკვები პრაქტიკულად არ ჰქონიათ.
მიწის ქვეშ დარჩენილ ადამიანთა გასათავისუფლებლად საჭირო სამუშაოები, როგორც მოსალოდნელია, 4 თვეს გაგრძელდება.
შემთხვევის ადგილზე უკვე მიტანილია მოწყობილობა, რომელსაც ახალი, უფრო ფართო გვირაბის გასათხრელად გამოიყენებენ და რომლის მეშვეობითაც გადარჩენილები მიწის ზედაპირზე ამოსვლას შეძლებენ.
გარდა ამისა, მაღაროელებს ექიმებიც დაეხმარებიან - როგორც თერაპევტები, ასევე ფსიქიატრებიც.
"ჩვენთვის აუცილებელია სასწრაფოდ დავადგინოთ, როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. მათ კი უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ აქ, მიწის ზემოთ გვესმის: სანამ ისინი დღის სინათლეს ნახავენ, კვირები გავა," - აცხადებს ჩილეს ჯანდაცვის მინისტრი ჰაიმე მანალიჩი.