ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ოლქის ხელისუფლებამ ფილიპინები იმ ქვეყნების "შავ სიაში" ჩართო, რომლებში მოგზაურობაც ძალზე სარისკოდ მიიჩნევა.
24 საათი 25.08.10
ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ოლქის ხელისუფლებამ ფილიპინები იმ ქვეყნების "შავ სიაში" ჩართო, რომლებში მოგზაურობაც ძალზე სარისკოდ მიიჩნევა.
ჰონგკონგის იმ მოქალაქეებს კი, რომლებიც უკვე იმყოფებიან ფილიპინებში, სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, ჩინეთისა და ჰონგკონგის ხელისუფლება მოითხოვს გამოიძიონ მძევლებით სავსე ავტობუსის შტურმის გარემოებები, რის შედეგადაც 8 ჰონგკონგელი ტურისტი დაიღუპა.
ჰონგკონგიდან მანილაში ექიმებითა და კონსულტანტებით სავსე ორი თვითმფრინავი გაფრინდა.
ექიმებმა იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც ავტობუსის შტურმის დროს დაშავდნენ, დახმარება უნდა აღმოუჩინონ და ისინი სამშობლოში დააბრუნონ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ძეჩიმ თავის ფილიპინელ კოლეგას ალბერტო რომულოს დაურეკა, რათა ეთქვა, რომ ჩინეთი ტურისტების მკვლელობამ შეძრა. "ჩინეთის ხელისუფლება ფილიპინების ხელისუფლებისგან ინცინდენტის ამომწურავად გამოძიებას და ყველა დეტალთან დაკავშირებით ინფორმირებას მოითხოვს," - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველმა პირმა.
ფილიპინების პრეზიდენტმა ბენინო აკინომ უკვე დადო პირობა, რომ მანილას ცენტრში 8 ჰონგკონგელი ტურისტის მკვლელობას აუცილებლად გამოიძიებს. ავტობუსში, რომელიც ორშაბათს მანილას ერთ-ერთი ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, 22 ჰონგკონგელი ტურისტი და სამი ფილიპინელი - მძღოლი, გიდი და ფოტოგრაფი - იმყოფებოდა.
მალევე დადგინდა, რომ ავტობუსი 55 წლის როლანდო მენდოზამ გაიტაცა - პოლიციის ყოფილმა ინსპექტორმა, რომელიც სამსახურიდან 2008 წელს გამოძალვის ბრალდებით გაათავისუფლეს. ყოფილი პოლიციელი, რომელიც შაშხანა “მ-16-ით” იყო შეირაღებული, მოითხოვდა, რომ სამსახურში აღედგინათ.
შტურმის მომენტში, რომელიც ორშაბათს საღამოსვე განხორციელდა, მენდოზას მძევლად 15 ადამიანი ჰყავდა.
ფილიპინელმა პოლიციელებმა ვერ შეძლეს, ავტობუსში პირველივე მცდელობაზე მოხვედრილიყვნენ, ხოლო როდესაც ამის გაკეთება მოახერხეს, იქ 8 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. კიდევ 7 ადამიანი ამ დროისათვის საავადმყოფოში იმყოფება. ერთი მათგანის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.
"მე ის მაბრაზებს, თუ როგორ ჩატარდა ეს ოპერაცია, და განსაკუთრებით კი მისი შედეგები," - განაცხადა ჰონგკონგის ადამინისტრაციის ხელმძღვანელმა დონალდ ცანგმა. ფილიპინების პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ინცინდენტს აუცილებლად გამოიძიებენ.
ამავე დროს, აკინომ ფილიპინელი პოლიციელების ქმედების გამართლება სცადა და განაცხადა, რომ როლანდო მენდოზა საბაბს იძლეოდა ეფიქრათ, რომ მალე მძევლების დახოცვას დაიწყებდა.
ამავე დროს, თხოვნაზე, შეეჯამებინა სპეცოპერაციის შედეგები, აკინომ განაცხადა: "როგორ შეიძლება კმაყოფილი ვიყო, როდესაც ხალხი დაიღუპა?"