კალინინგრადში წლის განმავლობაში მეორე მასშტაბური ანტი-სამთავრობო მიტინგი გაიმართა.
24 საათი 24.08.10
კალინინგრადში წლის განმავლობაში მეორე მასშტაბური ანტი-სამთავრობო მიტინგი გაიმართა.
აქციის მონაწილეები გუბერნატორის არჩევნების დაბრუნებასა და კომუნალური გადასახადების შემცირებას ითხოვდნენ.
მიტინგი, სახელწოდებით "მრისხანების დღე", სანქცირებული იყო და მან ექსცესების გარეშე ჩაიარა.
ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ქუჩაში ხალხს ისევ გამოიყვანენ. მომავალი მიტინგის სახელი კი, სავარაუდოდ, "ანტი-პუტინი" იქნება.
პირველი მსხვილი საპროტესტო აქცია კალინინგრადში მიმდინარე წლის 30 იანვარს გაიმართა, როდესაც ქუჩაში დაახლოებით 12 ათასი ადამიანი გამოვიდა. მასში მონაწილეობას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იღებდნენ.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა "ედინაია როსიას" დეპუტატების გადადგომა, გუბერნატორ გიორგი ბოოსის მოხსნა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის გადადგომაც კი იყო. თუმცა მიტინგის რეზოლუციაში მხოლოდ ეკონომიკური მოთხოვნები შევიდა: სატრანსპორტო გადასახადის 5-ჯერ შემცირება, უცხოური მანქანების შემოყვანაზე დაწესებული გადასახადის გაუქმება და კომუნალური გადასახადების ზრდის შეწყვეტა.
იმის გამო, რომ ხელისუფლება მოთხოვნების შესრულებას არ ჩქარობდა, მომდევნო მიტინგი 20 მარტისთვის დაინიშნა, თუმცა მოგვიანებით ოპოზიციის ლიდერების - კონსტანტინ დოროშოკისა და არსენი მახლოვის ინიციატივით გადაიდო. მათი განმარტებით, არ სურდათ საფრთხე შეექმნათ ადამიანების ჯანმრთელობისთვის, რადგან, მათი ინფორმაციით, ხელისუფლება აქციის დასაშლელად ემზადებოდა.
ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად, კალინინგრადში ოპოზიციური განწყობა არ შეცვლილა. უკმაყოფილო ხალხს კი ამჯერად სათავეში ახალი ლიდერები ჩაუდგნენ.
ახალი დემონსტრაცია, თავდაპირველი გეგმის თანახმად, მხოლოდ გუბერნატორის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ გუბერნატორობის კანდიდატების სიაში ბოოსი შეტანილი არ იყო. ამის მიუხედავად, ვითარება არსებითად არ შეცვლილა, რადგან კალინინგრადის მცხოვრებლებისთვის გუბერნატორობის სხვა კანდიდატებიც არანაკლებ მიუღებელი აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტები ძირითადად სწორედ გუბერნატორის დანიშვნას აპროტესტებენ და სურთ, რომ ეს თანამდებობა არჩევითი იყოს.
კალინინგრადის რეგიონის გუბერნატორობის ერთ-ერთ, სავარაუდოდ ძირითად, კანდიდატად კი რუსეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ნიკოლაი ცუკანოვი წარადგინა. ცუკანოვის გარდა, გუბერნატორის პოსტზე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ იური სავენკოს ან კალინინგრადის მერ ალექსანდრ იარუშკას დანიშვნის საკითხიც განიხილება.
სამივე კადიდატურა კალინინგრადის მოსახლეობისთვის ერთნაირად მიუღებელია, რადგან ისინი "ედინაია როსიას" გამოჩენილი მოღვაწეები არიან.
"მრისხანების დღისგან" განსხვავებით, დაპატიმრებებით დასრულდა მოსკოვში რუსული დროშის დღესთან დაკავშირებით გამართული მიტინგი. აქციის შემდეგ მილიციამ რუსული ოპოზიციის სამი ლიდერი - ბორის ნემცოვი, ლევ პონომაროვი და მიხაილ შნაიდერი დააკავა.
ისინი მილიციის განყოფილებაში ღამის სამ საათამდე დატოვეს და ახლა სამივეს ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
ნემცოვი და შნაიდერი მილიციამ ერთად დააკავა, ხოლო პონომაროვი - კიდევ ერთი აქციის მსვლელობისას, რომელიც პუშკინის მოედანზე მიმდინარეობდა და ხიმკის ტყის გადარჩენას ეძღვნებოდა (ხელისუფლება ამ ტყის ნაწილის გაჩეხვას და იქ მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგისკენ ახალი, მოკლე გზის აშენებას გეგმავს).
ხელისუფლებამ პუშკინის მოედანზე აქციის გამართვის სანქცია გასცა, თუმცა მოითხოვა, რომ აქციაზე კონცერტი არ ჩატარებულიყო, რადგან, მათი თქმით, ამ შემთხვევაში მერიაში სხვანაირი განცხადების შეტანა იყო საჭირო. თუმცა დემონსტრანტებმა კონცერტის ჩატარება მაინც მოინდომეს, რასაც პონომაროვის დაპატიმრება მოჰყვა.
ამჟამად სამივე ოპოზიციონერს ბრალი "მილიციის თანამშრომლის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობაში" ედება, რაც 500-1000 რუბლის ოდენობით ჯარიმას ან 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.