რუსეთი ამას ოფიციალურად აპროტესტებს
24 საათი 21.08.10

რუსეთი ამას ოფიციალურად აპროტესტებს
ტაილანდის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აშშ-ს თხოვნა დააკმაყოფილოს და რუსი ბიზნესმენი ვიქტორი ბუტი, რომელსაც ვაშინგტონი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იარაღით მოვაჭრედ მიიჩნევს, ამერიკას გადასცეს. აშშ-სა და ტაილანდს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ბუტის ექსტრადიცია უახლოსი სამი თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
თავად ბუტი, არსებული ინფორამციით, ტაილანდის სასამართლოს გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ის ამერიკის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული.
ბუტი ამერიკის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. ვაშინგტონი მას ბრალს სდებს კოლუმბიელ მეამბოხეებთან შეთანხმებაში იარაღის მიყიდვის მიზნით.
44 წლის ყოფილი საბჭოთა ოფიცრის ექსტრადიციის შესახებ ახალი მოთხოვნა ამერიკულმა მხარემ ტაილანდის სასამართლოში ახალი ბრალდებების წაყენების შემდეგ შეიტანა, რომლებიც ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლომ 2010 წლის თებერვალში დაარეგისტრირა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომის წინა დღეს, ვაშინგტონში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ტაილანდის ელჩი გამოიძახეს და განუცხადეს, რომ "ეს საქმე აშშ-სთვის განსაკუთებით პირორიტეტული იყო." ამ განცხადების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ გაავრცელა. ამერიკის ხელისუფლებამ ბუტს ორი ახალი ბრალდება წაუყენა - ფულის გათეთრებასა და ელექტრონულ თაღლითობაში.
თუკი სააპელაციო სასამართლო ექსტრადიციის შესახებ თხოვნას არ დააკმაყოფილებდა, ბუტს მანამდე მოუწევდა ტაილანდის ციხეში დარჩენა, სანამ სასამართლო ამ ორ ახალ ბრალდებასაც არ განიხილავდა.
მოსალოდნელია, რომ ახლა აშშ-ს ხელისუფლება ამ ბრალდებებზე უარს იტყვის და შეეცდება ექსტრადიციის პროცესი რაც შეიძლება მალე დაასრულოს.
ამერიკაში ბუტს რამდენიმე ბრალდება ელოდება, კონკრეტულად კი, შეთქმულება ამერიკის მოქალაქეებს დახოცვის მიზნით, შეთქმულება ტერორიზმისთვის ხელის შეწყობის მიზნით და შეთქმულება საზენიტო რაკეტის შეძენისა და გამოყენების მიზნით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბუტს სამუდამო პატიმრობა ელის.
ვიქტორ ბუტის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მისი საქმის განხილვა აშშ-ში ობიექტურად არ წარიმართება, რადგან ამ ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი ბიზნესმენი იარაღით დიქტატორებს, "ალ-ქაიდასა" და თალიბანს ამარაგებდა.
ანალოგიურ ბრალდებებს უყენებს ბუტს გაეროც და მას აფრიკასა და ავღანეთში იარაღის მიყიდვაზე დაწესებული ემბარგოს დარღვევაში ადანაშაულებს.
ოპერაციაში, რომლის შედეგადაც ბუტი დააკავეს, ამერიკელი ოფიცრები მონაწილეობდნენ, რომლებმაც კოლუმბიელი მეამბოხეების როლი გაითამაშეს.
საგულისხმოა, რომ ტაილანდის სააპელაციო სასამართლომ, რომელიც ექტრადიციის საკითხებში ქვეყნის უმაღლესი ინსტანციაა, გასულ წელს ამერიკის თხოვნა ბუტის ექსტრადიციასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე უარყო, მაშინ ეს საქმე პოლიტიკურად მიიჩნიეს, ამჟამად კი სისხლის სამართლის დანაშაულად.
ბუტის ოჯახმა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ტაილანდის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელი და პოლიტიკური უწოდეს. ამის შესახებ კომენტარი თვით საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. მისი სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება არის "არასამართლებრივი" და "პოლიტიკური". რუსეთის ხელისუფლება და ბუტის ოჯახი პირდაპირ აცხადებენ, რომ ამერიკა ღიად ახდენდა ზეწოლას ტაილანდზე. საკუთარი მოქალაქის დაცვის გარდა, აქ არის სხვა, უფრო სერიოზული "ნიუანსიც". ბუტი პოპულარული გახდა 90-იან წლებში, როდესაც მისი ორგანიზებით ხორციელდებოდა საბჭოთა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რეისები აფრიკის რიგ "ცხელ წერტილებში". ამ პერიოდში ბუტი ძალიან საჭირო კაცი იყო რუსეთის დაზვერვისთვის და, ცხადია, მოსკოვს არ უნდა, რომ ის აშშ-ს სასამართლომ გაასამართლოს. მისმა მოხვედრამ ამერიკელთა ხელში შეიძლება რიგი საიდუმლოებების გამჟღავნება გამოიწვიოს.