ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვსა და მის შემოგარენში ტყისა და ტორფის ხანძრების ფართობი მნიშვნელოვად შემცირდა და წვიმები, რომელსაც სინოპტიკოსები ელოდებიან, მეხანძრეებს იმედს უჩენს.
24 საათი 17.08.10

ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსკოვსა და მის შემოგარენში ტყისა და ტორფის ხანძრების ფართობი მნიშვნელოვად შემცირდა და წვიმები, რომელსაც სინოპტიკოსები ელოდებიან, მეხანძრეებს იმედს უჩენს.
ეკოლოგები არ უარყოფენ, რომ საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ მართლაც ბევრი გააკეთა, თუმცა აცხადებენ, რომ საკუთარ დამსახურებებს ისინი გაზვიადებულად წარმოაჩენენ.
სამინისტროს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის განცხადებით, "რიაზანისა და ვლადიმირის ოლქებში ხანძრის ფართობის შემცირების მყარი ტენდენცია" შეინიშნება.
მოსკოვის ოლქში გასული შაბათ-კვირის განმავლობაში, ხანძრის ფართობი ორჯერ შემცირდა. წვას განაგრძობს ტორფი მოსკოვის აღმოსავლეთით ორეხოვო-ზუევსკისა და ნოგისნკის ოლქებში. სმოგი, რომელიც მოსკოვში კვირას საღამოს დაბრუნდა, ქარის მიმართულების შეცვლის წყალობით თითქმის სრულიად გაიფანტა.
საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის რუსეთში ხანძრის 494 კერა რჩება, რომელთა საერთო ფართობი 45889.9 ათასი ჰექტარია. მათგან ხანძრის მსხვილი კერა მხოლოდ 32-ია.
ამჟამად მოსკოვის ოლქში 46.6 ჰექტარი ფართობის 17 კერის ჩაქრობა მიმდინარეობს. მათგან 7 ტორფისაა, ხოლო 10 ტყის. გასული დღე-ღამის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ტყის 7 ხანძრის ჩაქრობა. მათი საერთო ფართობი 57.6 ჰექტარია. ტორფის ხანძრების მოცულობა კი 2.5 ჰექტარით შემცირდა.
სახანძრო დაცვის სამსახურმა მიმდინარე ზაფხულის შედეგები შეაჯამა, რომელიც ანომალიური სიცხით გამოირჩეოდა. 16 აგვისტოსთვის რუსეთში 27 724 ბუნებრივი ხანძარი გაჩნდა, რომელთა საერთო ფართობი 856903 ჰექტარი იყო.
ხანძრის ჩაქრობით დაახლოებით 166 ათასი ადამიანი და 26.5 ათასი ერთეული ტექნიკაა დაკავებული, მათ შორის 13.8 ათასი ადამიანი და 2.2 ათასი ერთეული ტექნიკა მოსკოვის შემოგარენში. სხვადასხვა ქვეყნებიდან რუსების დასახმარებლად 515 სპეციალისტი, სამი თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი ჩავიდა.
პრემიერ-მინისტრი პუტინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პირადად მოინახულა უბედურების ზონა ნიჟეგოროდის ოლქში, ხოლო შემდეგ რიაზანში სახანძრო თვითმფრინავიდან ხანძრის კერებს წყალი თვითონ დაასხა, მოგვიანებით კოლომნშიც ჩავიდა, სადაც მას ასწავლეს, როგორ უნდა დაასხას წყალი ტორფის ხანძარსაშიშ ზონებს.
სპეციალისტების აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ასეთი უბედურება გამოიწვია, აგარაკების ტერიტორიებზე ტორფის ჭაობებზე დაუფიქრებელი გამოშრობაა.
სწორედ ხანძრების პერიოდში "ტექნიკური სამუშაოების" მიზეზით დროებით დაიხურა ფედერალური საწარმო "როსლესოზაშიტას" საიტი, რომელიც ორშაბათს კვლავ გაიხსნა, თუმცა საიტიდან გაქრა ინფორმაცია, რომელმაც საგანგებო სიტუაციათა მინისტრის სერგეი შოიგუსა და რუსეთის მთავარი სანიტრის სერგეი ონიშნეკოს უკმაყოფილება გამოიწვია. საიტზე განთავსებული იყო ინფორმაცია რადიაციული საფრთხის შესახებ, რომელსაც ეკოლოგების აზრით, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაბინძურებული ტყეების წვა იწვევს.
ინფორამციის გაქრობას რუსული "გრინფისის" უკმაყოფილება მოყვა, რომელშიც აცხადებენ, რომ საიტიდან ინფორმაციის აღება არის "ადამიანის კონსიტიუციური უფლებების უხეში დარღვევა, რადგან მათ აქვთ უფლება, მიიღონ სარწმუნო ცნობები გარემოს მდგომარეობის შესახებ."
ეკოლოგების განცხადებით, ხელისუფლება შეგნებულად ამცირებდა თავდაპირველ მონაცემებს ხანძრის კერების ფართობის შესახებ, ამიტომ სინამდვილეში მათმა მოცულობამ რამდენიმე პროცენტით კი არა, რამდენჯერმე დაიკლო.
გამოქვეყნებულ განცხადებაში "გრინფისელები" შეგვახსენებენ, რომ საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხანძრის ერთ კვირაში ჩაქრობის პირობა ჯერ კიდევ 8 აგვისტოს დადო.
ამასთანავე, ხალხს შესაძლოა ამინდიც დაეხმაროს. მეტეოროლოგების პროგნოზით, 18-19 აგვისტოს ცენტრალურ რუსეთში წვიმები დაიწყება. "აალებულ" რეგიონებში ტემპერატურამ უკვე დაიკლო აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დამახასიათებელი კლიმატის ნიშნულამდე.