იმის მიუხედავად, რომ მთელი რიგი ევროპული ქვეყნები ფინანსურ კრიზისს განიცდიან, ევროზონის ეკონომიკური მაჩვენებლები მოწმობს, რომ რეგიონის ეკონომიკა იზრდება.
24 საათი 14.08.10
იმის მიუხედავად, რომ მთელი რიგი ევროპული ქვეყნები ფინანსურ კრიზისს განიცდიან, ევროზონის ეკონომიკური მაჩვენებლები მოწმობს, რომ რეგიონის ეკონომიკა იზრდება.
მაგალითად, გერმანიაში ეკონომიკა, ივნისის მონაცემებით, გასული კვარტლის განმავლობაში 2,2 პროცენტით გაიზარდა. ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია უკანასკნელი 20 წლის მანძილზე. იმედს იძლევა საფრანგეთისა და ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტიც.
"გერმანიის გაერთიანების შემდეგ ყოველ კვარტალში ასეთი ზრდა არასდროს დაფიქსირებულა," - ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს განცხადებაში. გერმანული პროდუქციის ექსპორტის მოცულობა ახლა თითქმის ისეთივეა, როგორიც კრიზისამდე იყო.
იმის მიუხედავად, რომ წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ზრდის გარკვეული შეფერხება, საერთო ჯამში, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ევროპის უმსხვილესმა ეკონომიკამ კრიზისი დაძლია.
ექსპერტები მოულოდნელად მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ევროს კურსის დაცემით და გერმანული პროდუქტის ექსპორტის მკვეთრად ზრდით ხსნიან.
თუმცა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად გერმანელი მომხმარებელია. ჩვეული მომჭირნეობის მიუხედავად, გერმანელებმა, როგორც ჩანს, ეკონომიაზე ფიქრს თავი დაანებეს და ფლანგვა დაიწყეს.
ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი დიდ ბრიტანეთშიც, თუმცა მისი მაჩვენებლები, სავარაუდოდ, გერმანულზე მოკრძალებული იქნება.
ფრანგული ეკონომიკის ზრდამ 0.6 პროცენტი შეადგინა. ხოლო ესპანეთმა, სამშენებლო ინდუსტრიის სრული კოლაფისისა და სხვა სირთულეების მიუხედავად, შეძლო და ზრდა, თუნდაც მინიმალური, მაგრამ მაინც დააფიქსირა: 0.2 პროცენტი.
ბევრი ექსპერტის აზრით, ყველაზე უცნაური ის არის, რომ ევროზონის ფარგლებში შეინიშნება როგორც სტაბილური ეკონომიკური ზრდა - თუნდაც მცირე, ასევე სრული კრახიც, როგორც ეს საბერძნეთის შემთხვევაში მოხდა. საბერძნეთში კატასტროფულ ეროვნულ ვალს მღელვარება და ქვეყნისთვის 499 მილიარდი ევროს ოდენობის გადაუდებელი დახმარების გამოყოფა მოჰყვა.