კიევში ჩატარებულ მიტინგზე, რომელშიც რამდენიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უკრაინის გაერთიანებული დემოკრატიული ოპოზიციის შექმნა გამოცხადდა, მის ლიდერად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო აირჩიეს.
24 საათი 10.03.10
კიევში ჩატარებულ მიტინგზე, რომელშიც რამდენიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უკრაინის გაერთიანებული დემოკრატიული ოპოზიციის შექმნა გამოცხადდა, მის ლიდერად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო აირჩიეს.
"იულია ტიმოშენკოს ბლოკის" გარდა, მიტინგში მონაწილეობდნენ “ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი”, "სამშობლოს დამცველთა კავშირი", "უკრაინის სახალხო რუხი" და "სახალხო თავდაცვა". მიტინგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციური გაერთიანების შემადგენლობაში შევლენ სამოქალაქო და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგანან. გაერთიანების მიზანია უკრაინის ევროპული ორიენტაცის შენარჩუნება, დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის შექმნა. ოპოზიცია პირობას იძლევა, რომ არ დაუშვებს უკრაინის შესვლას ისეთ საერთაშორისო სტრუქტურებსა და გაერთიანებებში, რომლებიც ხელს შეუშლიან ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. ისინი იბრძოლებენ აგრეთვე იმისთვის, რომ უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში შენარჩუნდეს გაზის სატრანსპორტო სისტემა და უკრაინული ენა ერთადერთ სახელმწიფო ენად დარჩეს. სხვათა შორის, გუშინ შევჩენკოს პრემიის ლაურეატებთან შეხვედრისას თვით პრეზიდენტმა იანუკოვიჩმაც განაცხადა, რომ უკრაინაში ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინული იქნება.