გუშინ უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.
24 საათი 06.03.10

გუშინ უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.
ვიზიტის შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი პირველი დეტალები. ვიქტორ იანუკოვიჩი აქტიურად ცდილობს აღადგინოს რუსეთთან ბოლო დროს გაცივებული ურთიერთობები. რუსეთის ხელისუფლება მტკივნეულად განიცდიდა უკრაინის ხელისუფლებაში პროდასავლური "ნარინჯისფერი" ლიდერის ყოფნას და ბოლო პერიოდში საერთოდ გაწყვიტა კონტაქტები პრეზიდენტ იუშჩენკოსთან.
რუსეთისთვის ყველაზე კომფორტული კანდიდატის - იანუკოვიჩის გამარჯვების შემდეგ სიტუაცია ალბათ შეიცვლება. მოსკოვში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ეს პირდაპირ განაცხადა და ისიც დაურთო, რომ მათ სჭირდებათ დაეწიონ რუსეთს. საინტერესო იყო პუტინის პასუხი იანუკოვიჩის რეპლიკაზე. მან რუსეთს ხუმრობით შესთავაზა უკრაინელი ოპოზიციონერების ექსპორტი, რათა მათ უკეთესად დაეფასებინათ რუსეთში არსებული სტაბილურობა და გაეგოთ პოლიტიკანების "ფასი", რაზეც პუტინმა არცთუ ხუმრობით უპასუხა: "გმადლობთ, არ გვინდა. ჯობია სალა გამოგვიგზავნოთ".
რაც შეეხება უფრო სერიოზულ თემებს, მთავარი იყო გაზის მიწოდების საკითხი. იანუკოვიჩი თავის ინტერვიუებში აქამდეც დაუფარავად აცხადებდა, რომ აპირებდა, რუსეთისთვის გაზის ფასის დაწევა ეთხოვა, სულ მცირე, მესამე კვარტლიდან. ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამის მიღწევა იანუკოვიჩისთვის ადვილი არ იქნება. რუსეთს სრულიად აკმაყოფილებს ტიმოშენკოსთან დადებული კონტრაქტები და ფასის დაწევაზე ვერ დათანხმდება მხოლოდ უკრაინის ახალი პრეზიდენტის დეკლარირებული კეთილგანწყობის სანაცვლოდ. ალბათ ამისთვის "გაზპრომი" უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ხელში ჩაგდებას მოინდომებს, ხოლო რამდენად წავა ამაზე იანუკოვიჩი, ეს ჯერ კიდევ უცნობია.
დაახლოების კიდევ ერთი მიმართულება, სადაც პუტინმა უკრაინელები პირდაპირ "დაპატიჟა", ეს შექმნის სტადიაში მყოფი რუსეთ-ყაზახეთ-ბელარუსის საბაჟო კავშირია, მაგრამ ამ კავშირს შიგნითაც პრობლემები აქვს. რუსეთი არ არის მზად, ამ საერთო წესებით მიაწოდოს ენერგომატარებლები ბელარუსსაც კი. უკრაინა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია და მთლად თავისუფალი არ არის ამ საკითხებზე ორმხრივი კონტრაქტებისთვის. საშინაო ფრონტზე იანუკოვიჩმა მეტ-ნაკლებად გადაწყვიტა "პირველ ეტაპზე განსახორციელებელი ამოცანები". მთლიანად მოაგვარა საკუთარი ლეგიტიმურობის საკითხი და პარლამენტში სხვა ფრაქციების დეპუტატთა გადაბირების გზით გადაააყენა იულია ტიმოშენკოს მთავრობა. მათ შორის "რეგიონების პარტიის" მხარეზე გადავიდა იუშჩენოს ფრაქციის "ჩვენი უკრაინა - სახალხო თავდაცვა" დეპუტატთა ნაწილი და თვით "იულია ტიმოშენკოს ბლოკის" შვიდი წევრი. იულია ტიმოშენკომ დემონსტრაციულად დატოვა უმაღლესი რადას დარბაზი, კაბინეტის წევრებსა და საკუთარ აპარატსაც დაემშვიდობა და ოფიციალურად შვებულებაში გავიდა. მან განაცხადა, რომ არავითარი სურვილი არა აქვს, პასუხისმგებლობა აიღოს უკრაინის ხელისუფლებაში მომავალში განვითარებულ მოვლენებზე და ახალი მთავრობისთვის საქმის გადაბარება დააკისრა თავის "მარჯვენა ხელს", პირველ ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ტურჩინოვს, რომელიც, კანონის თანახმად, დაინიშნა კიდეც პრემიერის მოვალეობის დროებით შემსრულებლად. ცოტა უფრო რთულად არის რადაში ახალი კოალიციის ჩამოყალიბებისა და ახალი მთავრობის შექმნის საკითხი. კონსტიტუციის თანახმად, კოალიცია არ შეიძლება ჩამოყალიბდეს დეპუტატების უბრალო უმრავლესობით. კოალიციაში შემავალი ფრაქციების დეპუტატთა რაოდენობა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი უნდა იყოს. მაგრამ "რეგიონების პარტიის", კომუნისტებისა და ლიტვინის ბლოკის მანდატების რაოდენობა ამას არ ყოფნის. იუშჩენკოს ბლოკის "ჩვენი უკრაინა - სახალხო თავდაცვა" მხარდაჭერა კი (არც ეს ფრაქციაა ერთგვაროვანი) იანუკოვიჩის მომხრეებს უპირობოდ არა აქვთ და ცდილობენ, ახალ კოალიციაში მათ ჩართვას თავი აარიდონ. ორი დღის წინ რადამ მიიღო რეგლამენტის შესწორება, რომლის თანახმად, კოალიციის შექმნაში მონაწილეობის მიღება ცალკეულ დეპუტატებსაც ექნებათ, რაც ყოფილი ნარინჯისფერი კოალიციიდან კონკრეტული პიროვნებების გადაბირების ხარჯზე იანუკოვიჩს საშუალებას მისცემს "თავისი" მთავრობა დააკომპლექტოს.
ეს ნაბიჯი ბევრმა დეპუტატმა თუ პოლიტიკურმა ძალამ შეაფასა როგორც კონსტიტუციის დარღვევა და იანუკოვიჩს არ ურჩიეს ასეთი ნაბიჯით საკუთარი საქმიანობის დაწყება. ცხადია, ასე მიაჩნია "იულია ტიმოშენკოს ბლოკს", ასევე პარტია "ცვლილებების ფრონტის" ლიდერს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს არსენ იაცენიუკს. მაგრამ ეს ალბათ იანუკოვიჩს ხელს ვერ შეუშლის თავისი გეგმის განხორციელებაში.