ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ მსოფლიო საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა, თუ სად წავიდოდა პირველი ვიზიტით უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი.
24 საათი 03.03.10

ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ მსოფლიო საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა, თუ სად წავიდოდა პირველი ვიზიტით უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი.
პირველ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე, რადგან მას, ტრადიციულად, სიმბოლური დატვირთვა ეძლევა და ახალარჩეული ხელმძღვანელის მომავლის ხედვის ინდიკატორად მიიჩნევა. 1 მარტს პირველი ოფიციალური ვიზიტით იანუკოვიჩი ბრიუსელს ეწვია, თუმცა არის თუ არა დასავლეთი უკრაინის უმთავრესი პრიორიტეტი, ეს უკვე სხვა საკითხია.
საინტერესოა ამ საკითხზე თავად პრეზიდენტის განცხადება და შეფასებები. “ყველაფერს გავაკეთებ, რათა ევროინტეგრაცია საქმით განხორციელდეს და არა მხოლოდ სიტყვით. სწორედ ეს განგვასხვავებს მე და ჩემს წინამორბედებს, რომლებიც ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ, თუმცა ცოტა საქმეს აკეთებდნენ. ყველამ დაინახა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მე სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა მსურს. ჩემი მიზანია, უკრაინა როგორც ევროკავშირის, ასევე რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების საიმედო პატრნიორად იქცეს. უკრაინა ყოველთვის საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებს და ეს ჩემთვისაც უმთავრესია.”
ბრიუსელში ვიზიტის დროს ერთ-ერთ ინტერვიუში ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა: “შევთანხმდით, რომ ამ გზას ერთი წლის შემდეგ შევუდგებით. მივიღეთ გადაწყვეტილება და ავიღეთ ვალდებულებები, რომლებსაც შევასრულებთ და 1 წლის შემდეგ უვიზო რეჟიმს მივაღწევთ და ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონაშიც შევალთ. რაც შეეხება ევროკავშირის სრულ წევრობას, ჩვენ ჯერ კიდევ მრავალი რეფორმის განხორციელება მოგვიწევს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა ზუსტი თარიღი, თუ როდის შეძლებს უკრაინა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრობას”.
ბრიუსელის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მილსადენების სისტემა უნდა ყოფილიყო. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, მისი მთავარი მიზანი უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის მიწოდების საიმედოობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა: “მიმაჩნია, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ევროპისკენ 200 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს, თუმცა დღეს ჩვენ 100 მილიარდსაც კი არ ვატარებთ. ეს მიზანი განხორციელდება, თუ სამივე მხარის: გაზის მიმწოდებელის - რუსეთის, მომხმარებლის - ევროკავშირის და ტრანზიტორი - უკრაინის ძალისხმევა გაერთიანდება.”
უკრაინის პრეზიდენტმა აფხაზეთისა და ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” აღიარებაზეც ისაუბრა, თანაც საკმაოდ დიპლომატიურად და შენიშნა, რომ ორმაგი სტანდარტების სასტიკი წინააღმდეგია. “როდესაც კოსოვოს დამოუკიდებლობა წყდებოდა, მაშინ განვაცხადე, რომ სერბეთის მიმართ ორმაგი სტანდარტები გამოიყენებოდა და ეს ნეგატიურ შედეგს გამოიღებდა იმ ტერიტორიებზე, სადაც გაყინული კონფლიქტებია. სწორედ ასე მოხდა აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” შემთხვევაში. მე ვეწინააღმდეგები ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას და ამიტომ მინდა, რომ აღნიშნული საკითხი საერთაშორისო ურთიერთობების მაღალ დონეზე (არა აქვს მნიშვნელობა, ეს გაერო იქნება თუ რამე სხვა საერთაშორისო ფორუმი) იქნეს განხილული. ამ საკითხს, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს გაერო, კიდევ ერთხელ განიხილოს და სამუდამოდ შეთანხმდეს ერთიან წესზე.
ბრიუსელში ვიზიტის დროს, სხვა საკითხებთან ერთად, ისიც გაირკვა, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი არცთუ კარგად ერკვევა გეოგრაფიაში. “ევრონიუსთან” ინტერვიუში ის ხშირად ურევდა ერთმანეთში კოსოვოს, სერბეთს და ჩერნოგორიას, ასევე ჩრდილოეთ და “სამხრეთ ოსეთს”. ეს შეცდომები პრეზიდენტმა მაშინ დაუშვა, როდესაც “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის აღიარების შესახებ ჰკითხეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იანუკოვიჩის თანმხლებმა პირებმა ჟურნალისტს სთხოვეს, ინტერვიუ იმგვარად დაემონტაჟებინა, რომ შეცდომები შესწორებულიყო.
ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, იანუკოვიჩი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის პრაგმატული დაბალანსების პოლიტიკას გაატარებს, საიდანაც საკუთარი ქვეყნისთვის მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს და შეიძლება რუსეთისთვის მთელ რიგ შემთხვევებში მძიმე პარტნიორადაც კი იქცეს.
საინტერსოა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე თავად პრეზიდენტის მოსაზრება: “ევროკავშირი უკრაინაზე მეტად არის დაინტერესებული რუსეთთან ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების აღდგენით, რაზეც ბევრი სოციალურ-ეკონომიკური საკითხია დამოკიდებული.” თუმცა, დაველოდოთ 5 მარტს - იანუკოვიჩის მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტს, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი რამ გახდება ნათელი.
რაც შეეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას, კიევიდან იუწყებიან, რომ საპარლამენტო კოალიცია, რომელშიც შედიოდნენ “იულია ტიმოშენკოს ბლოკი”, “ჩვენი უკრაინა - სახალხო თავდაცვა” და “ლიტვინის ბლოკი”, დაიშალა. თუმცა, ამ ინფორმაციას “იულია ტიმოშენკოს ბლოკი” არ ადასტურებს.
ოთხშაბათს უკრაინის უმაღლესი რადას სხდომა ტარდება და ტიმოშენკოს მოთხოვნით კენჭი უნდა ეყაროს მთავრობის მიმართ ნდობას. ტიმოშენკო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩის მთავარი მოწინააღმდეგე იყო, სავარაუდოდ, პრემიერის თანამდებობას დაკარგავს და ოპოზიციაში გადავა.