RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სარკოზის საეჭვო განმარტება

"მისტრალის" გაყიდვას საფრანგეთი აგრესორის მიმართ პოლიტიკური ნდობის გამოხატვად მიიჩნევს

24 საათი 03.03.10

"მისტრალის" გაყიდვას საფრანგეთი აგრესორის მიმართ პოლიტიკური ნდობის გამოხატვად მიიჩნევს

საფრანგეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. ეს ვიზიტი, ფაქტობრივად, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დემონსტრირება გახდა. შეხვედრებზე განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე მსოფლიო პოლიტიკის საჭირბოროტო საკითხები - ირანის ბირთვული პრობლემიდან, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტამდე და კლიმატურ და ეკონომიკურ პრობლემებამდე. მედვედევმა სარკოზის ქარიშხალ "ქსინტიასგან" მიყენებული ზარალის აღმოფხვრაშიც კი შესთავაზა დახმარება. ცხადია, ერთ-ერთი მთავარი იყო საქართველოსთვის მტკივნეული საკითხის - "მისტრალის" გარიგების განხილვაც.

რუსეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში რუსეთის წლის გახსნის ცერემონიაში. ეს აქცია ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ოფიციალური მიზანია და, სხვათა შორის, პარიზის აეროპორტში დმიტრი მედვედევს არა პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ, რატომღაც, სწორედ კულტურის მინისტრი დახვდა.

საფრანგეთი და რუსეთი, ფაქტობრივად, შეთანხმდნენ კოსმოსური რაკეტა-მატარებლის "სოიუზის" საფრანგეთისთვის მიწოდებაზე და შესაბამისი კონტრაქტი შეიძლება უკვე ზაფხულში, სანკტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაფორმდეს. ლაპარაკია 18 რაკეტაზე და მათში საფრანგეთი ერთ მილიარდ დოლარს იხდის. მედვედევმა საფრანგეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები რუსეთში ეკონომიკურ ფორუმზე დაპატიჟა და ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს ერთმანეთის აქტივების შეძენისკენ მოუწოდა. საფრანგეთსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2003-2008 წლებში ხუთჯერ გაიზარდა და ეს, მედვედევის აზრით, კარგი ტემპია. რუსეთის პრეზიდენტს მხარი აუბა საფრანგეთის პრემიერმა და მხარეებს მოუწოდა, გაზარდონ ურთიერთინვესტიციები, რაც შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის მთავრობის საბოლოო კომუნიკეშიც დაფიქსირდა.

საერთაშორისო საკითხებიდან ყველაზე დიდი დრო, ცხადია, ირანის ბირთვულ პრობლემას დაეთმო. საფრანგეთი ირანის მიმართ მკაცრი სანქციების მომხრეა და ამისკენ რუსეთსაც მოუწოდებს, თუმცა რუსეთი დღემდე თავს იკავებს ამ საკითხში თავისი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერისგან. ბოლო დროს, უბრალოდ, გაჩნდა მინიშნებები (განცხადებები რუსეთის რამდენიმე სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირმა გააკეთა) იმაზე, რომ რუსეთის პოზიცია შეიძლება შეიცვალოს. ეს საფრანგეთში მყოფმა პრეზიდენტმა მედვედევმაც გაიმეორა. მან აღიარა, რომ ირანთან მოლაპარაკებები წინ ვერ მიიწევს და უფრო მეტიც, დეგრადაციას განიცდის. ასე გაგრძელების შემთხვევაში სანქციებს რუსეთიც დაუჭერს მხარს, ოღონდ მედვედევი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მკაცრ სანქციებს. მისი აზრით, ამან ჰუმანიტარული კატასტროფა არ უნდა გამოიწვიოს და მთელ ახლო აღმოსავლეთზე უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინოს. თუმცა რუსეთი ამ სიტყვების იქით არ მიდის და ირანთან ურთიერთობაში ტონს ჯერჯერობით არ ამკაცრებს. არ არის გამორიცხული, საიდუმლო მოლაპარაკებების დროს, რუსეთი ირანს კიდევაც აგულიანებდეს და ტრადიციულად ორმაგ თამაშს ეწეოდეს. სხვათა შორის, ირანის კიდევ ერთი მოკავშირე უშიშროების საბჭოში ჩინეთი ჯერჯერობით სანქციებზე არც ლაპარაკობს და მიიჩნევს, რომ დიპლომატიური საშუალებები ამოწურული არ არის.

რუსეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ერთობლივ ძალისხმევას არ დაიშურებენ. ორივე ქვეყანა, აშშ-სთან ერთად, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან და სწორედ ამ ფორმატში მუშაობენ ყარაბაღში სიტუაციის გამოსწორებაზე, მაგრამ წლების განმავლობაში მათ მუშაობას არავითარი შედეგი არ მოაქვს.

საქართველოსთვის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხი - "მისტრალის" კლასის ხომალდების მიყიდვის გარიგება ამ ვიზიტისას ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ორ ქვეყანას შორის ექსკლუზიური კონკრეტული მოლაპარაკებები იწყება. თუ მანამდე ევროპული საქმეების მინისტრი პიერ ლელუში საერთაშორისო საზოგადოებას იმით აწყნარებდა, რომ ამ თემაზე ტექნიკური მოლაპარაკებები ჯერ დაწყებული არ იყო, ახლა ეს "არგუმენტიც" აღარ არსებობს.

საფანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ თვითონ გამოაცხადა და ეს გარიგება კვლავ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ ურთიერთნდობას დაუკავშირა, რაზეც მანამდე მინისტრი ლელუშიც საუბრობდა. სარკოზის აზრით, "როგორ შეიძლება რუსეთს ვუთხრათ, რომ გვჭირდება მისი დახმარება მშვიდობისთვის, მსოფლიოში კრიტიკული სიტუაციის მოგვარებაში და თან ის "დავაყოლოთ", რომ ჩვენ მას არ ვენდობით?" მოლაპარაკებების დაწყება მედვედევმაც დაადასტურა და, ამ თემის გამო ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, მანაც ნდობაზე ილაპარაკა.

რუსეთისთვის მისტრალის "სამოქალაქო" ვარიანტი იქმნება, - ამაზე აქცენტი თვითონ პრეზიდენტმა სარკოზიმ გააკეთა, - შეიარაღების გარეშე, რასაც ხომალდზე, ალბათ, რუსეთი თვითონ განათავსებს. ჯერჯერობით ლაპარაკია ოთხი გემის ყიდვაზე. სხვა წყაროებში იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთს სურს, ფრანგების ლიცენზით თვითონ ააგოს ოთხი ასეთი გემი. ამ ეტაპზე ცოტა გაურკვეველია, რუსეთი ოთხ გამზადებულ გემს ფრანგებისგან იყიდის და კიდევ ოთხის აგებას თვითონ შეეცდება, თუ ფრანგული ნიმუშის მიხედვით ააგებს ოთხ გემს. ეს ტექნიკური დეტალებიც ალბათ მალე გაირკვევა. ყოველ შემთხვევაში, ეს იქნება პრეცედენტი, როდესაც რუსეთი ნატო-ს წევრი ქვეყნისგან მიიღებს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ სამხედრო დანიშნულების გემს, თუნდ შეიარაღების გარეშე.

ამ თემაზე კომენტარი დღეს საქართველოშიც გაკეთდა. “რუსეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარე პროცესზე, რომელიც მოსკოვის მიერ სამხედრო ხომალდის "მისტრალის" შეძენას შეეხება, საქართველოს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია," - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, საქართველოსთვის მთავარია, ნებისმიერი გარიგების მიუხედავად, ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს. ინტერესების დაცვა, იაკობაშვილის აზრით, ნატო-ში საქართველოს დროულად გაწევრიანებით და ქვეყნის მიერ თავდაცვითი იარაღის შეძენით მოხდება. "ვფიქრობ, “მისტრალის" გაყიდვის შემდეგ ეს საკითხი საერთოდ უნდა მოიხსნას, რადგან გვაქვს როგორც თავდაცვის, ისე საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საშუალებების შეძენის უფლება, თუნდაც საფრანგეთისგან," - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი