RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

ჰაიტელები შოკიდან გამოვიდნენ და ტირილი დაიწყეს

პორტ-ო-პრენსი 230 ათას დაღუპულ ადამიანს გლოვობს

24 საათი 02.03.10

ჰაიტის მთავრობის განცხადებით, მიწისძვრის დროს 230 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა. ამის გამო გლოვის დ
ჰაიტის მთავრობის განცხადებით, მიწისძვრის დროს 230 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა. ამის გამო გლოვის დ

პორტ-ო-პრენსი 230 ათას დაღუპულ ადამიანს გლოვობს

პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი: ეხსომება თუ არა ვინმეს, რომ საშუალო სკოლის 17 წლის უდედმამო მოსწავლე ანჟელანია რიჩელი, რომელიც მოდელის კარიერაზე ოცნებობდა, მიწისძვრიდან ორი დღის შემდეგ შიშისაგან გარდაიცვალა და ქალაქგარეთ მდებარე საერთო სამარეს მიაბარეს?

ეს შეკითხვა მისმა ბიძაშვილმა, 23 წლის ემანუელა დუპუმ ემოციებით დაბოხებული ხმით დასვა. "ანჟი არავინ იყო და მოკვდა როგორც არავინ. პანაშვიდს მას არასოდეს ჩაუტარებენ და საფლავზე ქვას არ დაუდგამენ, - ამბობს ქალბატონი დუპუ. - მზარავს აზრი, რომ ის უსახელო და უსახო მსხვერპლია".

57 წლის რუდი ბენეტს ჰაიტის ისტორიაში გარკვეული ადგილი ეჭირა. ის ცნობილი ბიზნესმენი და ყოფილი პირველი ლედისა და ჟან-კლოდ დუვალიეს ყოფილი ცოლის მიშელ ბენეტის უმცროსი ძმა იყო, თუმცა ბევრს აქ არც მისი დაღუპვა შეუმჩნევია.

თითქმის არავინ იცოდა, რომ მისი და, რომელიც წინააღმდეგობრივი ფიგურაა და საზღვარგარეთ გადასახლებაში ცხოვრობს, მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა, რომ ბატონი ბენეტი სასტუმრო "მონტანას" ნანგრევებში მოეძებნა, რადგან მიწისძვრის დროს სწორედ იქ იმყოფებოდა მისი კომპანიისგან ნაქირავები ყავის ავტომატის გასარემონტებლად.

12 იანვრის მიწისძვრას იმდენი ადამიანი შეეწირა, რომ ცალკეული დაღუპული ადამიანები არც კი ჩანან. ჰაიტის მთავრობის მონაცემებით, ამ კატასტროფის შედეგად 230 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თუმცა თავდაპირველად დაკრძალვის ცერემონიები იშვიათად თუ ტარდებოდა. მასობრივი მსხვერპლის ხსოვნის პატივსაცემად ეროვნულ დონეზე არანაირი ღონისძიება არ გამართულა და გლოვის დღეებიც მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებში გამოცხადდა.

თუმცა, ნელ-ნელა ყურადღება ცალკეულ დაღუპულ ადამიანებზეც გადადის. ჰაიტელებმაც ბოლოსდაბოლოს მოიცალეს გლოვისთვის. საძიებო სამუშაოების დამთავრებამდე ბევრი დაღუპული გარდაცვლილად არ მიიჩნეოდა, ბევრის გვამი კი ვერ იპოვეს, ან შეუმჩნევლად დაიმარხა საერთო საფლავში. დაგვიანებით, მაგრამ სამგლოვიარო ცერემონიები მაინც ყოველ დღე იმართება. კვლავ დაიწყო მუშაობა “გაფუჭებული ტელეფონის” სახელით ცნობილმა ინფორმაციის გავრცელების ტრადიციულმა ხერხმა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ახლობლების დაღუპვის ცნობებს იღებენ.

"ჩემი პატარა გოგონები სწორედ იმ დროს დაიღუპნენ, როცა მათი მომავლის უზრუნველსაყოფად გეგმებს ვაწყობდი”, - ამბობს ჰაიტის სასამართლო პოლიციის მეთაური ფრანც ტერმილუსი. - “ჩვენი შვილების მომავალი ხომ ჰაიტის მომავალია".

მისი ქალიშვილები - 12 წლის ტალიტა და 11 წლის ემანუელა თავისი სკოლის, ჰაიტის ქრისტიანული ინსტიტუტის ნანგრევებში მოჰყვნენ. ბატონი ტერმილუსი ამბობს, რომ დედამ სკოლიდან მათი წამოყვანა დააგვიანა, რადგან თვითონვე სთხოვდა დაჟინებით ჯერ ინგლისურენოვან აკადემიაში გაევლო და ბავშვები ინტენსიურ კურსებზე ჩაეწერა.

ბატონი ტერმილუსი ამბობს, რომ მიწისძვრამ არამხოლოდ მისი შვილები შეიწირა, არამედ 5 000 პატიმარს ქვეყნის მთავარი ციხიდან გაქცევის საშუალება მისცა. "იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში დაინგრა ბევრი რამ, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა”, - თქვა მან. - “სამართალმა ვერ იზეიმა, დავკარგე ბავშვები, დაიღუპა უდანაშაულო ხალხი. ახლა ამ ყველაფერს ვგლოვობ".

ბევრი უფრო ხანშიშესულ ადამიანებს გლოვობს, რადგან მათ ჰაიტიში დატრიალებული ბევრი უბედურება დაატყდათ თავს და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის მეხსიერებად იყვნენ ქცეული.

85 წლის უბერ სანონი, მაგალითად, კათოლიკური ეკლესიის სალესის ორდენის პირველი ჰაიტელი წევრი იყო. ეს ორდენი ჰაიტის ღარიბ და ობოლ ბავშვებს უწევს მზრუნველობას.

სალესის ორდენმა აღზარდა, სასულიერო წოდება მიანიჭა და ბოლოს ქვეყნიდან გააძევა ყოფილი პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდი. ღირსი სილვენ დუკანჟი ამბობს, რომ ბატონი არისტიდი გაიქცა და ლა სალინის მახლობლად მდებარე ორდენის სასულიერო სკოლაში რადიკალურ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. ამის შემდეგ სკოლაში წესრიგის დასამყარებლად ბატონი სანონი გაგზავნეს.

ბატონი სანონი სკოლის საძინებელი ოთახის ჩამონგრევისას სკოლის უამრავ მოსწავლესთან ერთად დაიღუპა. მამა დუკანჟი ყვება, რომ მისი ცხედარი მოგვიანებით, სკამზე მჯდომარე და კრიალოსნით ხელში იპოვეს.

ბატონი სანონი პროფესიით თერძი იყო და მრავალი წლის განმავლობაში მღვდელმსახურებისა და მოსამართლეებისთვის მანტიებს კერავდა. "ახლა ამას ვინ გააკეთებს?" - იკითხა მამა დუკანჟმა.

სხვებს ჟორჟ ანგლადის დაღუპვა მიაჩნიათ აუნაზღაურებელ დანაკარგად. ის ჰაიტიში დაიბადა და დიდხანს კანადაშიც ცხოვრობდა. ჯერ გეოგრაფი იყო, სიცოცხლის ბოლო წლებში კი მწერლობას მიჰყო ხელი და ლიტერატურათმცოდნეობასაც სწავლობდა. ბატონმა ანგლადმა სათავე დაუდო ახალ ჟანრს, რომელსაც საფუძვლად ჰაიტიში გავრცელებული ზეპირმეტყველება უდევს. "ის ჰაიტელებს საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარებოდა. მისი სიკვდილი აქაური ინტელექტუალებისთვის დიდი დანაკლისია", - ამბობს მწერალი ევლინ ტრუიო.

17 წლის ანჟელანიას, რომელსაც უნდოდა მოდელი გამხდარიყო, არავითარი მემკვიდრეობა არ დაუტოვებია, "კაბა და რვეულიც კი. არავითარი კვალი არ დარჩა", - ამბობს მისი ბიძაშვილი ქალბატონი დუპუ. ოთხი წლის იყო, როცა მშობლებმა მიატოვეს და მას შემდეგ თავს თვითონ უვლიდა. დეპრესიაში ხშირად ვარდებოდა. ქალბატონი დუპუ, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ, როგორც ჩანს, მიწისძვრა მისთვის გადაულახავი სტრესი აღმოჩნდა.

"აღგზნებული იყო და კიოდა, სკოლა დავკარგე, სახლი აღარა მაქვს, არაფერი დამრჩა და სიცოცხლე რად მინდაო”, - ყვება ქალბატონი დუპუ. - “მიწისძვრიდან ორი დღე იყო გასული. გვეძინა, როცა ვიღაც კაცები ჩვენი ეზოს ჭიშკარს მოადგნენ და ყვირილი დაიწყეს, ცუნამი გვიახლოვდებაო. ყველა პანიკაში ჩავარდა და გარეთ გამოვარდა ანჟის გარდა.

“მას გული გაუჩერდა".

დებორა ზონტაგი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი