ძალიან რთულია ბრძოლის დინების შეცვლა მაშინ, როცა ის შენს წინააღმდეგ არის წარმოებული.
24 საათი 02.03.10

ძალიან რთულია ბრძოლის დინების შეცვლა მაშინ, როცა ის შენს წინააღმდეგ არის წარმოებული.
ქაბული, ავღანეთი - ნებისმიერი ისტორიკოსი თუ გენერალი ერთსა და იმავეს გეტყოდათ: ბრძოლის ველზე ინიციატივის დაკარგვა კატასტროფის ტოლფასია.
კორეასთან ომში, მაგალითად, ამერიკელებმა ინიციატივა თავიდანვე დაკარგეს. დრამატული და გაბედული ოპერაციით კვლავ აღადგინეს და საბოლოოდ, სისხლით გაჯერებულ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფებმა, ისევ დაკარგეს ის. სტალინგრადის ბრძოლაში, საბჭოელებმა მილიონობით თავისიანი გაწირეს (და მილიონობით გერმანელი შეიწირეს) იმისთვის, რომ გერმანიისთვის ინიციატივა
წაერთმიათ.
2007 წელს, ერაყში, ამერიკელებმა გარისკეს და მოვლენების მსვლელობაზე კონტროლი, თუმცა ძალიან მცირე, კვლავ აღადგინეს (რაც ძალიან ძვირად დაუჯდათ).
აქ, ქაბულში, ამ გრძელი და ინციდენტებით სავსე კვირის ბოლოს, საღ აზრს მოკლებული არ იქნება, თუ ასეთ კითხვას დავსვამთ: ამდენი ხნის შემდეგ, შეძლეს თუ არა ამერიკელებმა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთში ინიციატივის ხელახლა მოპოვება?
მარჯაში (სამხრეთ ავღანეთი) 15 000-მა ამერიკელმა, ავღანელმა და ბრიტანელმა ჯარისკაცმა თავი მოიყარა იმისთვის, რომ ამოძირკვოს თალიბანი თავისი ყველაზე დიდი ავღანური თავშესაფრიდან და შექმნას ის, რასაც იშვიათად ხედავენ აქ: ეს არის მთავრობა, რომელიც მუშაობს.
საზღვრებს გადაღმა, ამერიკელმა და პაკისტანელმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ყარაჩიში აბდულ განი ბარადარი, თალიბანის მთავარი სამხედრო სარდალი, შეიპყრეს. ეს თალიბანის ლიდერებზე განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმაა 2001 წლის შემდეგ.
დიდი ხნის წინანდელი ამბავია, როცა ამერიკელები აქაურობაზე ბატონობდნენ (ან მოვლენებს აკონტროლებდნენ მაინც) - იმდენად დიდი ხნის წინანდელი, რომ ისტორია ღირს გახსენებად. 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკელები ავღანეთისკენ გაეშურნენ, თალიბანი და ალ ქაედა დააჩოქეს და დედაქალაქიდან გააძევეს.
შემდეგ, მათმა ინიციატივამ აშკარად იკლო. მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ავღანელებმა, ამერიკელებმა და ნატოს მოკავშირეებმა ეს წარმატება სულ წყალში ჩაყარეს იმის გამო, რომ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, არ გააკეთეს. მხოლოდ ის, რაც, მათი აზრით, ომის წაგებას ააცილებდა თავიდან. ავღანეთის მთავრობა, პრეზიდენტ ჰამიდ ყარზაის ხელმძღვანელობით, კორუმპირებული, არაკომპეტენტური და ავღანელი მოქალაქეების მიმართ ძალიან აგრესიული აღმოჩნდა, ავღანური ჯარი კი - სრული არარაობა. ამერიკამ და მისმა ნატოელმა პარტნიორებმა კუთხეში მომწყვდეულ თალიბანელთა შეკავებისთვის ძალიან ცოტა ჯარისკაცი გაგზავნეს; პაკისტანში მათი თავშესაფრები ხელშეუხებელი დარჩა.
გადამწყვეტი ცვლილებები მოხდა 2006 წლის ზაფხულში, როცა ავღანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში აჯანყებებმა იფეთქა, მთელი თავისი სიღრმითა და სიმარჯვით. ამის შემდეგ მსგავსი აღარც განმეორებულა.
ნებისმიერი თვალსაზრისით, 2009 წელი ყველაზე რთული და ამორალური წელიწადი იყო.
"ეს ავღანური ამბოხება განუსაზღვრელი დროით შეიძლება გაგრძელდეს," - წლის ბოლოს, ბრიფინგზე გაკეთებულ მოხსენებაში განაცხადა სამხედრო დაზვერვის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მაიკლ ფლინმა. 2009 წლის ბრძოლებში ორჯერ მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, ვიდრე წინა წელს. ყველაზე უარესი ის არის, რომ 2001 წელს ჩამოშლილი დემოკრატიული მმართველობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კვლავ აღსდგა, ოღონდ მოტყუებითა და თაღლითობით.
ამ ყველაფერს კი დღევანდელობამდე მოვყავართ. ბატონი ბარადარის შეპყრობამ და პაკისტანის ერთ-ერთ ქალაქში თალიბანის კიდევ ორი "აჩრდილი ლიდერის" დაპატიმრებამ გვიჩვენა, რომ თალიბანელთა თავშესაფრები მათთვის არცთუ უსაფრთხო ყოფილა. და თუ ეს სიმართლეა, მაშინ თალიბანელთა ოპერაციების ჩაშლისა და მშვიდობის დამყარების შანსი საკმაოდ დიდია.
ამ შანსის გაჩენა მარჯაში განხორციელებულმა მისიამ განაპირობა, ბოლოსდაბოლოს იმიტომ, რომ ომის დასასრული ავღანეთის საზღვრებზე გადაწყდება. მარჯაში ამერიკელები, ბრიტანელები და ავღანელები ახალ, ამბიციურ სტრატეგიას ახორციელებდნენ მთავარი სამხედრო სარდლის, გენერალ სტენლი მაკ-კრისტალის ხელმძღვანელობით.
გეგმის მიხედვით, მარჯაში ამბოხებულთა მკვლელობა ბრძოლის ყველაზე უმნიშვნელო ნაწილი იყო. გენერალ მაკ-კრისტალის გამოთვლით, სწორედ ის გახლდათ მნიშვნელოვანი, რაც სროლებს მოჰყვებოდა: ისეთი ავღანური მთავრობის, პოლიციისა და არმიის შექმნა, რომელიც ბრძოლის დამთავრების შემდეგ თალიბანელთა პარპაშს აღარ დაუშვებდა. ამერიკელებმა ეს ვერ მოახერხეს, რაც მათი უდიდესი ჩავარდნა იყო 2001 წლის შემდეგ.
გენერალ მაკ-კრისტალის გეგმას, შესაძლოა, გაემართლებინა, და ამის დაჯერების ბევრი მიზეზი არსებობს. მისი ბრძანებით, ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეამცირეს. იმ დროისთვის, როცა ამერიკელები და ევროპელები იქაურობას დატოვებენ, ავღანური არმიისა და პოლიციის შესამზადებლად გენერალმა მათ წვრთნებსა და გაძლიერებას მიჰყო ხელი. მისი დაჟინებული მოთხოვნით (მისიაში ავღანელთა როლის გაზრდისთვის) ბრძოლის ველზე ხუთზე მეტი ავღანური ბატალიონი ჩააყენა.
როდესაც ოპერაცია დაიწყო, არ შეიძლებოდა, თავი ოპტიმისტად არ გეგრძნო. მესამე დღეს გენერალი მაკ-კრისტალი მარჯასთან ახლომდებარე სოფელს, შოუალს, ეწვია. ეს მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ავღანელმა ჯარისკაცებმა ბრტყელი თეთრი ზეწარი - თალიბანელთა დროშა, მიწაზე დადეს. "ჩვენ დიდი მისია გვაკისრია, - თქვა გენერალმა, - და ჩვენ მივხვდით, როგორ უნდა მოვიყვანოთ ის სისრულეში."
გენერალი, ალბათ, მართალია. მაგრამ დღესდღეობით, ავღანური პროექტის უმძიმესი ნაწილი ამერიკელების ან მათი ნატოს მოკავშირეების ქცევაში თუ გადაწყვეტილებაში არ მდგომარეობს.
თუმცა, მთავარი კითხვა თავად ავღანელებში უნდა ვეძებოთ. ყველა საუბრობდა იმის შესახებ, რომ მარჯას ოპერაციას ავღანელები ხელმძღვანელობდნენ. სინამდვილეში, ამ ოპერაციის სადავეები თავიდანვე ამერიკელთა და ბრიტანელთა ხელში იყო. საერთო აზრით, ოპერაცია კარგად მიდიოდა. პაკისტანში, ბატონი ბარადარი აალაპარაკეს. ოთხი ხანგრძლივი წლის შემდეგ (ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის), ინიციატივა კვლავ ამერიკელთა ხელში აღმოჩნდა.
მაგრამ მანამ, სანამ სრულ ლიდერობას მხოლოდ ავღანელები მოიპოვებენ (როცა მოკავშირეების დახმარება საჭირო აღარ იქნება), ინიციატივის ზედსართავად მხოლოდ ერთი სიტყვა შეიძლება ვიხმაროთ: ამერიკული.
დექსტერ ფილკინსი