ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა იმ საგანგებო ზომებზე ისაუბრა, რომლებსაც ქვეყნის მთავრობა შაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვით დაზარალებულთა დასახმარებლად მიიღებს.
24 საათი 02.03.10

ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა იმ საგანგებო ზომებზე ისაუბრა, რომლებსაც ქვეყნის მთავრობა შაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვით დაზარალებულთა დასახმარებლად მიიღებს.
მათ შორის იგეგმება დაზარალებულ რეგიონებში ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ დახმარების ჩატანა, მაულისა და ბიობიოს მცხოვრებლებისთვის აუცილებელი პროდუქტის უფასოდ გადაცემა და რეგიონებში ელექტრომომარაგების აღდგენა.
8.8 ბალის მიწისქვეშა ბიძგები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მიწისძვრად იქცა. სტიქიურმა უბედურებამ, სულ ცოტა, 700 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ქვეყნის ბევრი ქალაქი დაანგრია, გზები, ხიდები, კომუნიკაციები და სატრანსპორტო კვანძები გაანადგურა.
"ისეთი წარმოუდგენელი მასშტაბების კატასტროფას შევეჯახეთ, რომ მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის გიგანტური ძალისხმევის მობილიზება გვჭირდება," - განაცხადა ბაჩელეტმა.
მაშველთა დასახმარებლად და მაროდიორობასთან საბრძოლველად დაზარალებულ რეგიონებში შეიარაღებული ძალები ჩადიან. ჩილეს ტელევიზია მაღაზიების ძარცვის კადრებს აჩვენებს.
ზოგიერთ დაზარალებულ რეგიონში კომენდანტის საათი დაწესდა. კერძოდ, ხალხისა და ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია მაულის ოლქში, სადაც 540-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კომენდანტის საათი მოქმედებს კონსეფსიონშიც, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში.
კონსეფსიონის მერის განცხადებით, ქალაქში საკვების მარაგი იწურება და სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. ხალხი სუპერმარკეტებსა და აფთიაქებს ძარცვავს, ათასობით ადამიანი თავშესაფრის გარეშე რჩება. ამ დროს კი კონსფესიონში სამაშველო სამსახურები მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებიდან ათობით ადამიანის გამოყვანას ცდილობენ.
ჩილეს ბევრი მცხოვრები ღია ცის ქვეშ უკვე მეორე ღამეს ატარებს, რადგან მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სახლებში დარჩენის ეშინიათ.
ზოგიერთი ინფორმაციით, მეთევზეთა სოფელ კონსტიტუსიონში, რომელიც, მიწისძვრის გარდა, ცუნამიმაც დააზარალა, დაახლოებით, 350 გვამი იპოვეს. ხოლო პორტ ტალკახუანოში ცუნამიმ ნაპირზე 20-მდე გემი გარიყა.
ჩილელი მაღალჩინოსნების თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა თანდათან ნორმაში დგება. სანტიაგოში მეტროს ერთი ხაზი მოქმედებს. გზების უმეტეს ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთი ნაწილი მაინც ჩაკეტილი რჩება.
სანტიაგოს საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა დაიწყო. ის ორი დღის განმავლობაში დახურული იყო, რადგან მიწისძვრის ბიძგებმა ტერმინალი დააზიანა.
მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრი ქვეყნის ორი უდიდესი ქალაქის - სანტიაგოსა და კონსეფსიონის სიახლოვეს მდებარეობდა, საერთო ჯამში, 1.5 მილიონი შენობა დააზიანა. მათი უმეტესობა დიდი ხნის აშენებული იყო. დაინგრა ბევრი ისტორიული ნაგებობა. წინასწარი შეფასებებით, საერთო ზარალმა შესაძლოა, 15-30 მილიარდი დოლარი შეადგინოს, რაც ქვეყნის თავისუფალი შიდა პროდუქტის 10-15 პროცენტია.
ქვეყნის აღდგენა ჩილეს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სებასტიან პინერას მოუხდება, რომელიც თანამდებობას ორ კვირაში დაიკავებს.
აშშ-მ და ევროკავშირმა ჩილეს სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთვაზეს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჯერ ზარალის მასშტაბების შეფასებაა საჭირო.