მას შემდეგ, რაც საფრანგეთს ძლიერმა ქარიშხალმა გადაურა, რომელსაც სერიოზული ნგრევა და ათობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, ქვეყნის მთავრობამ ეროვნული კატასტროფა გამოაცხადა.
24 საათი 02.03.10
მას შემდეგ, რაც საფრანგეთს ძლიერმა ქარიშხალმა გადაურა, რომელსაც სერიოზული ნგრევა და ათობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა, ქვეყნის მთავრობამ ეროვნული კატასტროფა გამოაცხადა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიიონის თქმით, მსგავსი ნაბიჯი სტიქიური უბედურების შედეგებთან საბრძოლველად ხარჯების მობილიზაციისთვის გადაიდგა.
ქარიშხალმა ესპანეთის, პორტუგალიისა და საფრანგეთის რიგ რაიონებს გადაურა და 50-ზე მეტი ადამიანის სიციცხლე შეიწირა. ძირითადი დარტყმა საფრანგეთმა მიიღო, სადაც 45 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთში სტიქიამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო პორტუგალიში 10 წლის ბიჭი შეიწირა.
ქარმა, რომლის სისწრაფემ 140 კმ/სთ-ს მიაღწია, პორტუგალიიდან ბისკაის ყურემდე მთელ რიგ რაიონებში ქაოსი გამოიწვია. ქარიშხალს ძლიერი წვიმები მოჰყვა, ადამიანთა უმეტესობა სწორედ წყალდიდობას ემსხვერპლა, დანარჩენები სახლების ჩამონგრევის და ხეების დაცემის გამო დაიღუპნენ. საფრანგეთში, სულ მცირე, 10 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, 59 კი სერიოზულად არის დაშავებული.
ფრანგ მეტეოროლოგთა პროგნოზით, ქარიშხალი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდება და დანიას მიაღწევს.
ქარიშხალი, რომელსაც "ქსინტია" შეარქვეს, საფრანგეთის 95 დეპარტამენტიდან ხუთში უკვე გახდა "წითელი განგაშის" გამოცხადების მიზეზი. ეს სისტემა 2001 წელს შემოიღეს და მას შემდეგ იგი მეორედ გამოიყენეს.
საფრანგეთის დასავლეთსა და სამხრეთ-დასავლეთით ასი ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რამდენიმე სანაპირო სოფელი დაიტბორა.
ესპანეთში წაქცეულ ხეებს ორი ადამიანი ემსხვერპლა: ხე მათ ავტომობილს დაეცა. გალისიაში კედლის ჩამონგრევის შედგად 82 წლის ქალბატონი დაიღუპა. პორტუგალიაში 10 წლის ბიჭი აგრეთვე ხის წაქცევას შეეწირა.
ესპანეთის ჩრდილოეთში სარგინიგზო მიმოსვლა დაირღვა. კვირას ძლიერი ქარის გამო პარიზში ყველა პარკი და სასაფლაო დახურული იყო.
ძლიერ ქარს ვერც ესპანეთის კანარის კუნძულები გადაურჩა, თუმცა სერიოზული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ არის.