RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სიგიჟე თუ მეთოდი? ზუსტად ვერავინ იტყვის

24 საათი 26.11.09

სიგიჟე თუ მეთოდი? ზუსტად ვერავინ იტყვის

ნიკოლას ქეიჯის ნიჭი ითმენს წარუმატებლობას კარიერაში

მიუხედავად ბევრი არასასურველი “გადახვევისა", ქეიჯის კარიერა მყარი აღმოჩნდა. ვერნერ ჰერცოგის ფილმში “ცუდი ლეიტენანტი: პორტი ახალი ორლეანი" ნიკოლას ქეიჯი სახასიათო როლში გვევლინება. ეს გახლავთ ერთგვარი ინტერლუდია, რომელიც თან მოწონებას იმსახურებს, მაგრამ თან დაბნეულობის გრძნობას გიჩენს, რომელიც დღეს ასე ნაცნობია.

ჰერცოგის ეს ფილმი ერთგვარი თავისუფალი რიმეიქია 1992 წელს გადაღებული ფილმისა, რომელსაც უბრალოდ “ცუდი ლეიტენანტი" ერქვა (რეჟისორი აბელ ფერარა, მთავარ როლში ჰარვი კეიტელი). ამ ორ ფილმს საერთო თემა აერთიანებთ, ორივე მათგანში მთავარი გმირი შეპყრობილი ჰყავს სატანჯველს, რომელიც თვითონვე გაიჩინა; თუმცა ამ ბინძური ისტორიის თხრობის ინტონაცია, დეტალები და ანტურაჟი ახალ ფილმში ოდნავ განსხვავებულია. ფილმის ყურებისას არის მომენტები, როცა მაყურებელი საგონებელშია ჩავარდნილი: სად თავდება საკუთრივ პერსონაჟი და სად იწყება პიროვნება, რომელიც მას თამაშობს? ეს “როლში შეჭრა" მსახიობის სიდიადეზეც მეტყველებს, მაგრამ ამავდროულად ისეთი გადამეტებული გროტესკული კომედიისაკენ მივყავართ, რომ მაყურებელი სიცილისაგან იკრუნჩხება.

ბ-ნი ქეიჯი ტკბება ამ გარდასახვით, მაგრამ მხოლოდ პირველი ფილმის ნახვის შემდეგ მივხვდი, რამდენად ახირებული და ხალისის მომგვრელია მსახიობზე დაკვირვება ამ ფილმში, როცა ის ნაბიჯ-ნაბიჯ, სულ უფრო ღრმად შედის როლში. ჰერცოგისეული ბაროკოს სტილის კინოთხრობითა და როლში მთლიანად დახარჯული კინოვარსკვლავის თამაშით გატაცებულმა, ქეიჯს ახლებურად დავუწყე შეფასება. მის კარიერაში საკმაოდ ბევრი იყო საბედისწერო ცდომილებები, ამდენად თავიდანვე იოლი იყო მისი ტალანტის შეფასებაც და ამ ნიჭიერების ზღვარის დადგენაც; ნაწილობრივ იმიტომ, რომ დასაწყისშივე (მან სახელი გაითქვა ფილმით “ქალიშვილი ველიდან", 1983, სადაც იგი უიმედო სიყვარულით გატანჯული პანკის როლს ასრულებდა) იყო ცალკეული ეპიზოდებიც და მთელი ფილმებიც კი, სადაც იგი გაბღენძილ მიხვრა-მოხვრასა და ხმის “არაამქვეყნიურ" ჟღერადობას ვერ გასცდა. დროდადრო ადგილი ჰქონდა აშკარა ჩავარდნებს; მაგალითად “კაპიტან კორელის არჩევანში" (2001) ქეიჯი საკუთარმა ბიძამ, ფილმ “ნათლიმამას" რეჟისორმა გადაიღო, სადაც მსახიობის პერსონაჟი საშინელი იტალიური აქცენტით საუბრობს.

ბევრი მსახიობი უბრალოდ მოთხოვნებს პასუხობს, არის პროფესიონალი და შრომისუნარიანი და იშვიათად გადადის ამ ზღვარს. ქეიჯის ეგზომ უჩვეულო და არატიპური ვარსკვლავური იმიჯი კი იმით არის განპირობებული, რომ იგი ფილმიდან ფილმში საოცრად ცვალებად სახეებს ქმნის, მეტიც: ერთი ფილმის სხვადასხვა სცენებშიც კი შეიძლება იყოს ხან რადიკალურად დადებითი და ხან პირიქით. ბევრი სხვა ცნობილი მსახიობისაგან განსხვავებით, რომელთა “ვარსკვლავობა" ემყარება იმას, რომ ისინი პიროვნულად ადვილად ამოსაცნობნი, თანმიმდევრულნი და გაწონასწორებულნი არიან და აქვთ უნარი, ასეთივე თანმიმდევრული და სტაბილური იყვნენ ეკრანზეც, ბ-ნი ქეიჯი სწორედ რომ “სტაბილურად" არაპროგნოზირებადია.

იგი ყოველთვის “ყურებადი" იყო, რაც ყველაზე მეტად იპყრობს მაყურებლის ყურადღებას (ხშირად სწორედ ეს გვევლინება “ვარსკვლავობის" წინაპირობად და “ვარსკვლავს" სიკაშკაშესაც უფრო მეტად ეს მატებს, ვიდრე სამსახიობო ხელოვნება და თვით ფიზიკური სილამაზეც კი).

ჟურნალისტებმაც მალე გაიგეს, რომ ქეიჯი კადრს მიღმაც არანაკლებ კოლორიტული პერსონაჟი იყო, რომელიც ფილმისათვის მზადებას მთელი არსებით ეძლეოდა ხოლმე: მის ადრეულ ბიოგრაფიაში არის ფაქტები, როცა მან ნარკოზის გარეშე მხოლოდ იმიტომ ამოიძრო ორი კბილი, რომ ფილმ “ჩიტუნას" (1984) პერსონაჟის - ვიეტნამის ომის ვეტერანის ტკივილი ბოლომდე გაეთავისებინა; ცნობილია ისიც, თუ როგორ მიირთვა მან კამერის წინ (“ვამპირის კოცნა" (1989)) ცოცხალი ბაღლინჯო.

გავიდა დრო და ახალგაზრდობის დროინდელი ეს გადამეტებები მის იმიჯს “მიეწება", მის მთავარ მახასიათებლადაც კი იქცა, სადაც ძნელი გასავლები აღმოჩნდა ზღვარი პიროვნებას, მსახიობურ მეთოდსა და სიგიჟეს შორის.

ქეიჯის თამაშს რეალისტური არ ეთქმის, არც დიდად დამაჯერებელი; ე.წ. “ექშნის" ვარსკვლავად მისი გადაქცევა უფრო სხვა უნარითაა განპირობებული: იგი რიხით იწყებს და ეს რიხი შედარებით და აღმატებით ხარისხში აჰყავს; იგი ჯერ დიდია, შემდეგ უფრო დიდი, ბოლოს კი უდიდესი. ეს თვისება უფრო გასაგებს ხდის, მიზეზს თუ რატომ ითამაშა მსახიობმა (რომელმაც თვით დევიდ ლინჩის ყურადღება მიიპყრო (ფილმი “ველური გულები, 1990) იმავე წელს იაფფასიან ბოევიკში “ცეცხლოვანი ფრინველები" (1990); ოსკარის აღების შემდეგ კი იგი სულ მალე ფილმ “კლდეში" გამოჩნდა. ეს იყო პირველი ჯერი ბრუკჰაიმერის ექვსი ფილმიდან, რომელშიც ქეიჯმა ითამაშა.

მაიკლ ბეის მიერ დადგმულმა ფილმმა, რომელშიც ტრადიციული ნარინჯისფერი ცეცხლოვანი ბურთებიც ფიგურირებს და დროის აღრევაც აღინიშნება, ქეიჯს ტომ კრუზის მსგავსი წარმატება არ ერგო, მაგრამ მან ცხელ ათეულში ადგილი სწორედ “კუნთით" დაიმკვიდრა. პროდიუსერმა ბრუკჰაიმერმა, რომელიც მსახიობს პიროტექნიკოსისაგან კარგა ხანს ვერ არჩევდა, ქეიჯში იპოვა მსახიობი, რომელსაც სიუჟეტის საოცარი განვითარება შეუძლია, მთელი ძალებით იხარჯება და იმასაც ახერხებს, რომ როლს ხალისი შემატოს (კომედიური ელემენტი მაყურებელს ეკრანული სასაკლაოს უკეთ გადატანაში ეხმარება), მაგრამ თან ზომიერებაც დაიცვას, ისე რომ მაყურებელის გაუცხოება არ გამოიწვიოს.

ბოლო ათწლეულის მანძილზე გადაღებულ კიდევ რამდენიმე ბლოკბასტერში ("საჰაერო ციხე", “60 წამში გამქრალი," “ეროვნული საუნჯის" ორივე ნაწილი) მონაწილეობამ როგორც ბრუკჰაიმეირსათვის, ისე “დისნეისათვის" ქეიჯი საბოლოოდ აქცია ყველაზე სანდო კინოვარსკვლავად.

იყო აგრეთვე რომანტიკული როლებიც, რომლებიც დამაჯერებლობით სხვებისაგან გამოირჩეოდა, მათ შორის ფილმში "ლას ვეგასიდან წასვლა;" 1995 წელს გადაღებულ ამ კინოდრამაში მონაწილეობისათვის ქეიჯმა საუკეთესო მსახიობის ნომინაციით კინოაკადემიის ჯილდო მიიღო; ფილმში იგი ასრულებს ჰოლივუდელი უმუშევარი კაცის როლს, რომელიც თავს ალკოჰოლით იკლავს. როგორც ყველა რომანტიკული საბედისწერო ისტორია, მაიკ ფიგისის ეს ფილმიც უთმობს საპატიო ადგილს ხალისიან ელემენტებს. ამ მხრივ საყურადღებოა ლამაზმანი მეძავის (ელიზაბეტ შუ) უცნაური პერსონაჟი, რომელიც თავისი თანამგრძნობი ცრემლებითა და ჩამოსხმული სხეულით ქეიჯის პერსონაჟს ბოლომდე ჩაჰყვება მორევში. მაგრამ, ყველაზე მეტად მაყურებელს ქეიჯი აჯადოვებს, როცა იგი თამაშობს კაცს, რომელიც სიკვდილისკენ ჯიუტად, თავისი ფეხით მიილტვის. ფილმის ბოლოს, როცა იგი ხელში ჩაბღუჯული ბოთლით ოთახში დაბორძიკობს და მთელი სხეულით ირხევა, მაყურებლის წინაშეა ადამიანი, რომელიც უკვე იქამდე მივიდა, რომ სახე სიკვდილის ნიღაბს მიუგავს.

ამ ბოლო წლებში ქეიჯს აშკარად ღალატობს ავ-კარგის გარჩევის უნარი (იქნებ გემოვნებაც), ეს კი მის გაფურჩქნილ კარიერას ჩრდილს აყენებს. ამაში ყველა დარწმუნდება, ვისაც 2006 წელს გადაღებული სასაცილო რიმეიკი “დაწნული კაცი" უნახავს, რომელიც პოლიციელთან მებრძოლ წარმართ ქალებზე მოგვითხრობს. თუმცა ("ცუდი ლეიტენანტის" ნახვის შემდეგ) ძალიან მაინტერესებს: რამდენად აყენებს ჩრდილს მის ღირსებას ის ამბები, რომელსაც ბევრი ჩვენგანი მისი კარიერის ნაწილად თვლის (ახალგაზრდობის დროინდელი გაუწონასწორებლობა, მოწიფულობის წარმატებები, შუახნის ქეიჯის არაერთი აღმაშფოთებელი არჩევანი).

ერთი რამ ცხადია, რომ გასართობ ფილმებში ("ეროვნული საუნჯე", “ნიშანი" (2009) ქეიჯი იმ ფინანსური თავისუფლების მოსაპოვებლად მუშაობს, რაც მას მისი აზრით, ვერნერ ჰერცოგის მსგავს რეჟისორთან თანამშრომლობის საშუალებას აძლევს. ბ-ნ ქეიჯს ხშირად ჩავარდნებიც ჰქონია, თავისი ნიჭითაც არაერთხელ უვაჭრია, მაგრამ “ცუდმა ლეიტენანტმა" გვიჩვენა, რომ ის ისევ ის ნიკოლას ქეიჯია, როგორიც თავისი კარიერის ყველაზე ხმაურიან მონაკვეთში იყო: კაცი, რომელსაც სახე ათასგვარი მიმიკით ებრიცება, ვარსკვლავი, რომელიც ყველა აქცენტს შეგირდის დონეზე ფლობს და დაოსტატებას ვერ მიაღწია; მსახიობი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში (კარგშიც, ცუდშიც და ზოგჯერ ორივეში ერთად) გვაიძულებს, რომ კინოში ვიაროთ.

მანოლა დარჯისი ესსე

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი