“სამართლიანი საქართველოსთვის” პოლიტიკურ პარტნიორად ოკუპანტს ირჩევს
24 საათი 10.02.10
“სამართლიანი საქართველოსთვის” პოლიტიკურ პარტნიორად ოკუპანტს ირჩევს
გუშინ ქართული ოპოზიციის წარმომადგენელმა, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა რუსეთის სახელისუფლებო პარტია “ედინაია როსიასთან” თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების ტექსტში არ იგრძნობა, რომ საქართველო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ვინაიდან დოკუმენტის თანახმად, ორი პარტია ისწრაფვის, საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოსა და რუსეთს შორის “კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებაში, ეფუძნება რა ურთიერთპატივისცემის, ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობის და პარტნიორობის პრინციპებს”.
შეთანხმების გაფორმების შემდეგ ნოღაიდელის და რუსეთის მმართველი პარტიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის გრიზლოვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. გრიზლოვის შეფასებით, "ედინაია როსიას" ისტორიაში გუშინ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.
"ჩვენი ურთიერთობა გასული წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. ჩვენ ერთმანეთს საკმაოდ ბევრჯერ შევხვდით. ეს არ არის სპონტანური გადაწყვეტილება. მშვენივრად გვესმის, რომ საჭიროა საქართველოში ჯანსაღი ძალების ძებნა. საქართველოს და რუსეთს ტრადიციულად მეგობრული, კათილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ტრადიციები ბევრ ოჯახს, ჩვენი ქვეყნების ცალკეულ მოქალაქეებს აკავშირებს," - განაცხადა გრიზლოვმა.
გრიზლოვის თქმით, შეთანხმება პირველ ეტაპზე ითვალისწიენებს პარტიულ თანამშრომლობას, კონსულტაციებს, ინფორმაციების გაცვლას. მხარეები ასევე 2010 წლის კონკრეტულ გეგმებზე იმსჯელებენ.
გრიზლოვი თანამშრომლობისკენ სხვა ქართულ ოპოზიციურ ძალებსაც მოუწოდებს. ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც - გრიზლოვის შესაძლო ადრესატები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: "მთავარია, ისინი საქართველოს ჯანსაღი ძალები იყვნენ, ელექტორატის საკმაოდ სერიოზულ ნაწილს წარმოადგენდნენ და ამომრჩევლების მასობრივი მხარდაჭერით სარგებლობდნენ."
თავად ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც გუშინდელ შეთანხმებას "ისტორიულ დოკუმენტს" უწოდებს, თავმომწონედ აცხადებს, რომ მის გზას ბევრი ქართველი პოლიტიკოსი გაჰყვა. ნოღაიდელს მხედველობაში ჰყავს ის პოლიტიკური ძალები (ესენი, ძირითადად, არიან "კონსერვატორები" და კობა დავითაშვილი), რომლებმაც რუსეთთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ბოლო პერიოდში საჯარო განცხადებები გააკეთეს. ექს-პრემიერის შეფასებით, ბევრი პოლიტიკური ლიდერი რუსეთთან სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად მზად არის.
ქართულ ოპოზიციურ პარტიას და რუსულ სახელისუფლებო გუნდს შორის შეთანხმების ხელმოწერას მუსიკალური გაფორმების გარეშე არ ჩაუვლია. ბორის გრიზლოვმა ზურაბ ნოღაიდელს სოსო პავლიაშვილისა და ოლეგ გაზმანოვის ახალი სიმღერის დისკი გადასცა. რუსი პოლიტიკოსის განმარტებით, სიმღერა, სახელწოდებით "ორი ხმა", ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ეხება. როგორც ჩანს, ეს დისკი იქნება ნიმუში ნოღაიდელის სამომავლო რეპერტუარის ფორმირებისთვის.
ქართულმა სახელისუფლებო გუნდმა ზურაბ ნოღაიდელს გუშინ კიდევ ერთხელ უწოდა მოღალატე. "ისტორიამ ყველა ასეთი ქმედება სამშობლოს ღალატად შეაფასა," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა. დეპუტატის თქმით, თუ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესია განმეორდება, ნოღაიდელი საქართველოს წინააღმდეგ პუტინთან და მის გუნდთან ითანამშრომლებს.
ცნობისათვის - რუსეთთთან ნოღაიდელის კონტაქტები ექსპერტების და ოპოზიციის დიდი ნაწილისთვისაც (ირაკლი ალასანიას გუნდი, “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, ედპ) მიუღებელია. როგორც მათ “24 საათს” განუცხადეს, ოკუპანტ ქვეყანასთან ნოღაიდელის გააქტიურებული ურთიერთობა მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს, ვინაიდან ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნოღაიდელს არ გააჩნია არანაირი ბერკეტები იმისა, რომ “რუსეთთან მეგობრობა” სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის გამოიყენოს.