"ეროვნულმა ფორუმმა" კოლეგებს მოუწოდა, საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ. პარტიის განმარტებით, სიების "კარდაკარ" გადამოწმების პრინციპი მმართველი გუნდის პროპაგანდისტული გადაწყვეტილებაა, რითიც ხელისუფლებას საარჩევნო სიებში არსებული ხარვეზების დაკანონება ოპოზიციის ხელით სურს. "ეროვნული ფორუმის" მოწოდებას არ იზიარებენ კოლეგა ოპოზიციონერები და აცხადებენ, რომ საარჩევნო სიების მონიტორინგი ყველა ოპოზიციურმა ძალამ უნდა განახორციელოს.
24 საათი 09.02.10
"ეროვნულმა ფორუმმა" კოლეგებს მოუწოდა, საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობა არ მიიღონ. პარტიის განმარტებით, სიების "კარდაკარ" გადამოწმების პრინციპი მმართველი გუნდის პროპაგანდისტული გადაწყვეტილებაა, რითიც ხელისუფლებას საარჩევნო სიებში არსებული ხარვეზების დაკანონება ოპოზიციის ხელით სურს. "ეროვნული ფორუმის" მოწოდებას არ იზიარებენ კოლეგა ოპოზიციონერები და აცხადებენ, რომ საარჩევნო სიების მონიტორინგი ყველა ოპოზიციურმა ძალამ უნდა განახორციელოს.
"ეროვნული ფორუმის" პოლიტიკურ მდივან ირაკლი მელაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ სიების გადამოწმების შეთავაზებამდე კარგად გათვალა, რომ ოპოზიცია "კარდაკარის" გამოყენებით სიების სერიოზულად გაწმენდას ვერანაირად ვერ მოახერხებს. მას შემდეგ კი, რაც საარჩევნო სიების გადამოწმება ისე დასრულდება, რომ ოპოზიცია სერიოზული დარღვევების გამოვლენას ვერ შეძლებს, ხელისუფლებას საარჩევნო სიების გაუმართაობაზე პასუხისმგებლობის მოხსნის საშუალება მიეცემა. "თუ ოპოზიცია საქართველოს მასშტაბით სიებში სერიოზულ ცდომილებებს ვერ აღმოაჩენს, ხოლო თავად ეს სიები ოპოზიციის მონაწილეობით შედგება და მათი თანხმობით დამტკიცდება, სააკაშვილის რეჟიმს მიეცემა საშუალება, პასუხისმგებლობა მოიხსნას საარჩევნო სიების გაუმართაობაზე, გააქარწყლოს ოპოზიციის ბრალდებები 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებული სიებით ჩატარების შესახებ და წინ აღუდგეს მომავალი არჩევნებისთვის სიების გაუმართაობის მოტივით ახალი საარჩევნო სიების შესადგენად ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას. მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, არ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში ან ხელისუფლებას ამომრჩეველთა ზუსტი სიის დასადგენად ქმედითი მექანიზმი შესთავაზონ. მთავარია, არ შეიქმნას ისეთი გარემოება და ვინმეს არ მიეცეს იმის განცხადების საშუალება, რომ საარჩევნო სიების საკითხი დახურულია," - აღნიშნა ეროვნული ფორუმის პოლიტიკურმა მდივანმა.
ირაკლი მელაშვილის განცხადებით, "ეროვნულ ფორუმს" შემუშავებული აქვს მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ქვეყანაში რეალურად სამართლიანი არჩევნების ჩატარება. აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას "ეროვნული ფორუმი" უახლოეს დღეებში გეგმავს. სავარაუდოდ, პროექტის პრეზენტაცია "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში" გაიმართება. მელაშვილის თქმით, მათ მიერ შემუშავებული მექანიზმით სიების გადამოწმება ოპოზიციური პარტიებისთვის უკვე გამოყოფილ მილიონ ორასი ათას ლარზე ბევრად უფრო იაფი ჯდება.
ოპოზიციური პარტიები " ეროვნული ფორუმის" შეთავაზებას არ იზიარებენ და საარჩევნო სიების გადამოწმებაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავენ. "ეროვნულ ფორუმს ცალკეული ნაკლოვანებების ადრესატი შეიძლება ჰყავდეს, მაგრამ ამას ჩვენ ჩვენს თავზე არ ვიღებთ. რაც შეეხება სიების მონიტორინგზე ჩვენს განსხვავებულ პოზიციას, ეს გასაგები და ახსნადია, იმდენად რამდენადაც ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე განსხვავებული პოზიცია გვაქვს," - აღნიშნა "24 საათთან" საუბრისას "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა წევრმა მამუკა კაციტაძემ.
"კონსერვატორები" "ფორუმს" მადლობას უხდიან კეთილი რჩევებისთვის, თუმცა მათ მოწოდებას არ იზიარებენ და საარჩევნო პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. "დიდი მადლობა კეთილი რჩევისთვის "ეროვნულ ფორუმს", მაგრამ პოლიტიკური პროცესი ისეთია, რომ იწილო-ბიწილოს ვერ იტანს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, საარჩევნო სიები გადავამოწმოთ და საერთოდ საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ," - აღნიშნა "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ.
"ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ სიების გადამოწმებაში. ჩვენი ინტერესია, რომ ეს სია სამი მილიონ შვიდასათასიანი და გაბერილი კი არ იყოს, არამედ არჩევნებში რეალურმა ამომრჩევლებმა მიიღონ მონაწილეობა," - აღნიშნა გაზეთ "24 საათთან" საუბრისას ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" პოზიციას, მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ეკა ბესელიას განმარტებით, მოძრაობა არჩევნებში არ მონაწილეობს, თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მათი ინიციატივა იყო და ამიტომ უზუსტობების აღმოფხვრაში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას.