ამერიკის კონგრესის ყოფილი წევრების ვიზიტი
24 საათი 28.01.10
ამერიკის კონგრესის ყოფილი წევრების ვიზიტი
ამერიკის კონგრესის ოთხი ყოფილი წევრი - მარტინ ლანკასტერი, ჯოელ ჰეფლი, ჰეზერ უილსონი და პრესტონ გერენი იმ დელეგაციის წევრები არიან, რომელიც 25 იანვრიდან საქართველოში დემოკრატიული პარტნიორობის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. საქართველოს პარლამენტში, ასევე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები ქართულ მედიასთან საუბრით დასრულდა. შეხვედრას დიალოგის ფორმატი ჰქონდა. აშშ-ს დელეგაციის სტუმრებმა მედიის წარმომადგენლებს ქართული დემოკრატიის შესახებ თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს და მათგან ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციაც მიიღეს.
საქართველოში გამართული შეხვედრების კონკრეტული მიზანი, როგორც თავად დელეგაციის წევრებმაც განაცხადეს, საქართველოს პარლამენტის პროგრამული დახმარებაა, მათ შორის - ისეთი საკითხების უკეთ ზედამხედველობისთვის, როგორიც არის თავდაცვა და უსაფრთხოება.
ამერიკის კონგრესის ყოფილი წევრებისგან შემდგარმა დელეგაციამ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის და უმცირესობის წევრებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. შეხვედრების შთაბეჭდილებები საკმაოდ საინტერესოა. დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ აღფრთოვანებულნი არიან ლიდერების მისწრაფებით დასავლური ღირებულებებისკენ, ნატო-სკენ, რეფორმების განხორციელებისკენ, დემოკრატიის განვითარებისკენ. აღფრთოვანებულნი არიან იმით, რომ საქართველო ევროპის წევრად განიხილავს თავს, რომ ასეთი სწრაფვა როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის მხრიდან დაფიქსირდა.
ქართული მედიის წარმომადგენლების კომენტარზე იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში, თუნდაც რამდენიმე თვის წინანდელი ვითარებისგან განსხვავებით, ქართული პოლიტიკური ძალების განწყობა ნატო-სთან მიმართებაში აღარ არის ერთაზროვანი, რომ ნატო-ს უარი და დასავლეთის ფრთხილი პოზიციები საქართველოში დასავლური ორიენტაციით იმედგაცრუებასა და ანტიდასავლურ განწყობებს კვებავს, სენატორები ასეთ განმარტებას აკეთებენ:
"სამწუხაროდ, განრიგი, რომელსაც ელოდა საქართველოს ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, რეალური არ აღმოჩნდა. წლები სჭირდება ქვეყანას მას შემდეგ, რაც ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მზადყოფნას შეძლებს. ქვეყანამ მზადყოფნის ხარისხი უნდა აჩვენოს," - განმარტავს მარტინ ლანკასტერი. საუბარია დემოკრატიის დონეზე და იმაზე, რომ საქართველო ჯერ კიდევ განვითარებადი დემოკრატიაა: "დემოკრატია მზარდი რამ არის. გვესმის, რომ ჯერ არ ხართ იქ, სადაც გსურთ ყოფნა, მაგრამ ნამდვილად აღმაფრთოვანებელია ის, თუ რას მიაღწია ქვეყანამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ," - აცხადებენ აშშ-ს დელეგაციის წევრები.
მედიის თხოვნას, დაესახელებინათ ქართული დემოკრატიის ნაკლოვანებები, ყოფილმა კონგრესმენებმა არსებულ "გამოწვევებზე" საუბრით უპასუხეს. გამოწვევებს შორის არის ჯანსაღი ოპოზიციის არსებობა.
"ჯანსაღი ოპოზიცია არის გამოწვევა. როცა პარლამენტში უმრავლესობა 90 პროცენტია, ძალზე ძნელია ოპოზიციის ხმის გაგება. შეერთებულ შტატებში მედია ეხმარება უმცირესობას, რომ მათი ხმა ისმოდეს. მედიამ მრავალფეროვანი ხმები, დებატები უნდა შესთავაზოს საზოგადოებას. მედიის მიერ საზოგადოებისთვის სხვადასხვა პოზიციების მიწოდება - ესეც გამოწვევაა," - აცხადებს დელეგაციის წევრი კონგრესმენი მარტინ ლანკასტერი.
ხელისუფლების დემოკრატიულად ცვლის აუცილებლობასა და მედიის განსაკუთრებულ როლზე აკეთებს აქცენტს ჯოელ ჰეფლიც: "ჩემი აზრით, ახალ დემოკრატიებში არსებობს შიში, რომ მმართველი პარტია თუ არ იქნა, ქვეყანა დაიღუპება. როცა დემოკრატია მტკიცდება, მაშინ ხელისუფლების ცვლა კატასტროფულ შედეგებს არ იწვევს. ჩვენ გვიმსახურია როგორც უმრავლესობაში, ისე უმცირესობაში და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი მუჭა ხმა იყო. თქვენი დემოკრატია ნელ-ნელა ძალას მოიკრებს. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელვანია, რომ ძლიერი და თავისუფალი მედია გქონდეთ, მედია, რომელიც სვამს სწორ კითხვებს."
მედიასთან გუშინდელი საუბარი ხელისუფლების გამჭვირვალობას, ინფორმაციის თავისუფლებას და პარლამენტის ინსტიტუციონალური გაძლიერების აუცილებლობასაც შეეხო.