RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სიურპრიზი ოპოზიციისთვის

ცესკო-ს ახალმა თავმჯდომარემ მოღვაწეობა მოულოდნელი ინიციატივებით დაიწყო

24 საათი 27.01.10

ცესკო-ს ახალმა თავმჯდომარემ მოღვაწეობა მოულოდნელი ინიციატივებით დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა ახალმა თავმჯდომარემ მოულოდნელი განცხადებით დაიწყო - ზურაბ ხარატიშვილი პოლიტიკურ პარტიებს მემორანდუმის გაფორმებას ანუ თამაშის ახალ წესებზე შეთანხმებას სთავაზობს: შეთავაზება ორ ძირითად შეტყობინებას შეიცავს - ერთი მხრივ, უშუალო მონაწილეობა სიების გადამოწმებაში, დავებისა და ზოგადად ცესკო-ს გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში, მეორე მხრივ კი - პარტიების მიერ პარტიული კვოტით წარდგენილი კომისიის წევრების უკან გაწვევაზე

ცესკო-ს პირველ სხდომაზე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სიებს სპეციალური ჯგუფები გადაამოწმებენ, რომლებიც ოპოზიციისა და საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. მისივე თქმით, ჯგუფების მუშაობას თავად საარჩევნო ადმინისტრაცია დააფინანსებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიების გადამოწმებას ორშაბათიდან, პირველი თებერვლიდან დაიწყებს. ჯგუფები ამ მომენტისთვის უკვე დაკომპლექტებული უნდა იყოს. ხარატიშვილმა სიებზე მომუშავე შესაბამისი სამუშაო ჯგუფების გაძღოლა ცესკო-ს ოპოზიციონერ წევრებს შესთავაზა და განმარტა, რომ "ამით სიების გადამოწმების საკითხში უნდობლობა აღარ იარსებებს". ამასთან, "რადგან სიების გამო ყველაზე დიდ უკმაყოფილებას “რესპუბლიკური პარტია” გამოთქვამდა, მინდა ცესკო-ში მის წარმომადგენელს შევთავაზო, თავად უხელმძღვანელოს ამ პროცესს," - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ. ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელობის შეთავაზება ლეიბორისტებმაც მიიღეს.

ზურაბ ხარატიშვილის მოულოდნელი ინიციატივის მეორე ნაწილი კი მორატორიუმს ეხება. ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე "24 საათთან" საუბრისას განმარტავს, რომ ეს წინადადება დღემდე კანონით გათვალისწინებულმა სქემამ გამოიწვია: დღეისთვის ცესკო დაკომპლექტებულია პროფესიონალური და პარტიული ნიშნით. თუ პირველ შემთხვევაში ცესკო-ს წევრობის ვადა 5 წლით განისაზღვრება, პარტიული წარმომადგენლების შემთხვევაში, წარმდგენ პოლიტიკურ სუბიექტებს წევრების გაწვევის უფლება ნებისმიერ დროს აქვთ. ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და, ამასთან, მნიშვნელოვნად ზღუდავს ცესკო-ს პარტიული ნიშნით წარდგენილი წევრების დამოუკიდებლობას. სწორედ აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ეუთო-ს დასკვნაშიც და ვენეციის კომისიის დებულებაშიც "გამოწვევის უფლების" გაუქმების აუცილებლობაზეა საუბარი, ზურაბ ხარატიშვილი პოლიტიკურ პარტიებს ნებაყოფლობითი მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს. "მემორანდუმით პარტიებმა ნებაყოფლობით უნდა აიღონ ვალდებულება, რომ ხუთი წლის მანძილზე მათ მიერვე წარდგენილ ცესკო-ს წევრებს უკან არ გაიწვევენ," - განმარტავს ხარატიშვილი.

ამ სიტუაციაში პარტიებს უჩნდებათ რისკი, რომ მათი წარმომადგენლის გადაბირება-"ყიდვის" ალბათობა იზრდება. ამ რისკის არსებობაზე "24 საათის" მინიშნებას ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე ასე პასუხობს: "პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეძლონ ისეთი კანდიდატურის წარმოდგენა, რომელიც არ იყიდება. საკუთარ რიგებში ერთი ასეთი კანდიდატურის მოძებნა, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ," - აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.

როგორც "24 საათს" ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა, პირველივე სხდომაზე გაჟღერებული შეთავაზებების მიზანია არჩევნების გამჭვირვალობისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა: "ადგილობრივ არჩევნებამდე საარჩევნო კოდექსში დამატებითი ცვლილებების განხორციელება არასწორად მიმაჩნია. სხვათა შორის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით და ელემენტარული ლოგიკის შესაბამისადაც, არჩევნებამდე, დაახლოებით, ერთი წლის ვადაში საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა არ არის მიზანშეწონილი. მართალია, ჩვენს შემთხვევაში ეს არჩევნებამდე დაახლოებით ექვსი თვით ადრე მოხდა, თუმცა მოხდა პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. ახლა, პირველ ეტაპზე, მთავარია არსებული კანონმდებლობის რესურსების გამოყენება, რათა უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ოპოზიციაც ჩაერთოს," - აცხადებს ხარატიშვილი, თუმცა ამასთანავე მიიჩნევს, რომ მომავალში, უკვე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, იმავე ოპოზიციასთან ერთად, საარჩევნო კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების გასაუმჯობესებლად, მეორე ეტაპის განხორციელება უნდა დაიწყოს.

საინტერესოა, რომ ცესკო-ში პარტიული ნიშნით წარმოდგენილი წევრები შეთავაზებებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ჟურნალისტებთან საუბარში "რესპუბლიკელთა" წარმომადგენელმა ზურაბ მარაქველიძემ განაცხადა, რომ ის მზად არის, ჩაერთოს არა მხოლოდ სიების გადამოწმების პროცესში, არამედ "დავების და, ზოგადად, ცესკო-ს გამჭვირვალობის მიმართულებითაც იმუშაოს", მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პარტიასთან კონსულტაციისთვის დრო მოითხოვა. გადაწყვეტილებისთვის “ლეიბორისტთა” წარმომადგენელმაც მოითხოვა დრო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქვე აღნიშნეს, რომ წინადადება მათთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის პირველ ინიციატივებზე საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიციური წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარასკევს დაგეგმილ სხდომაზე გააცნობენ.

მანამდე კი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე მდივანი აირჩია. კომისიამ ამ თანამდებობაზე, ხმათა უმრავლესობით, გიზო მჭედლიძე დაამტკიცა. ცესკო-ს მდივნის პოსტზე სულ ორი კანდიდატი იყო დასახელებული. მჭედლიძეს კონკურენციას “კონსერვატორების” წარმომადგენელი ნინო გოგუაძე უწევდა.

ახალმა მდივანმა ოპოზიციას საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი