გუშინ ცსკო-ში არმყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს თავმჯდომარის თაობაზე.
24 საათი 15.01.10
გუშინ ცსკო-ში არმყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს თავმჯდომარის თაობაზე.
“კონსერვატიული პარტია” ვერანაირ რეალურ სხვაობას ვერ ხედავს თავისუფლების ინსტიტუტის მიერ დასახელებულ ლევან თარხნიშვილს, გაერო-ს ასოციაციის მიერ დასახელებულ ოთარ სიჭინავასა და ფონდ “ალპეს” მიერ დასახელებულ ზურაბ ხარატიშვილს შორის. “კონსერვატორების” განმარტებით, სამივე ხელისუფლების სატელიტი კანდიდატია.
“ხელისუფლება ისევ აპირებს არჩევნების შედეგებით მანიპულირებას. ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის კისერზე იყოს. ვფიქრობთ, რომ მთავრობის სატელიტ პერსონებზე ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკურად სწორი არ იქნებოდა. ვინც უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ოპოზიცია გაიმარჯვებს და რაც მთავარია, ბოლომდე დაიცავს თავის გამარჯვებას,” - განაცხადეს “კონსერვატორებმა”.
ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ცესკო-ში “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლის ხმა. “ლეიბორისტ” კახა ძაგანიას თქმით, ხელისუფლება "ფარული მაქინაციებით" ცდილობს ოთხი სავალდებულო ხმის მოპოვებას.
“ლეიბორისტული პარტია” უნდობლობას უცხადებს წარმოდგენილ კანდიდატებს და უარი განაცხადა კანდიდატებთან კონსულტაციებსა და ცესკო-ს არჩევნებში მონაწილეობაზე,” - აღნიშნა ძაგანიამ.
“ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძის თქმით, “ერთი თარხნიშვილის ნაცვლად მივიღეთ სამი თარხნიშვილი. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა... ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, ამ კანდიდატურებიდან მხარი დავუჭიროთ რომელიმეს”.
პარტიის “ჩვენ თვითონ” ლიდერმა, დეპუტატმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებით, რომლებიც კითხვის ნიშნებს ბადებენ, ხდება "პოლიტიკური პარტიების შანტაჟი". “კანდიდატი, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, დიდი ალბათობაა, რომ თარხნიშვილი იქნება, რომელიც ყოვლად მიუღებელია,” - განაცხადა პაატა დავითაიამ.