ფინანსური დარღვევების შესახებ ცოტა ხნის წინ მოკვლეული მასალების საფუძველზე, რომელიც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეაგროვა და პროკურატურას გადაუგზავნა, განათლების სამინისტროს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე დააკავეს.
24 საათი 03.09.10
ფინანსური დარღვევების შესახებ ცოტა ხნის წინ მოკვლეული მასალების საფუძველზე, რომელიც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეაგროვა და პროკურატურას გადაუგზავნა, განათლების სამინისტროს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი უკვე დააკავეს.
საუბარია 2008 წელს განხორციელებულ შესყიდვებზე. სამინისტროში განხორციელებული შესყიდვების შესწავლის თხოვნით, შიდა აუდის დეპარტამენტს ამჟამინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიმართა.
“შესყიდვების დროს გაფლანგულია ათი ათასობით ლარი. კერძოდ, სპორტული ბურთების შეძენის დროს ზოგ-ზოგიერთმა უსინდისო ჩინოვნიკმა მიითვისა 170 000 ლარი. საერთოდ, სპორტული ინვენტარის შეძენის პროცესის შესწავლის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ იყო მოპარული 60 0000 ლარზე მეტი,” - ასეთია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანდრიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მან რამდენიმე დღის წინ, გაფლანგვაში სავარაუდო ეჭვმიტანილთა ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ დაასახელა. თუმცა, განაცხადა, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი დეტალურად მოიკვლევს არა მხოლოდ გია ნოდიას მინისტრობის პერიოდს, არამედ, სხვა წლებსაც. “ყველა დახარჯული თეთრის შესახებ ჩატარდება სპეციალური გამოძიება და დადგინდება, სად, როდის და რა მიზნით დაიხარჯა თანხები,” - განაცხადა რამდენიმე დღის წინ, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
ორი დღის წინ კი არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა განათლების სამინისტროს საფინანსო და საბიუჯეტო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით მამარდაშვილი, საფინანსო სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ბარაბაძე და სამეურნეო სამმართველოს ასევე ყოფილი უფროსი ზვიად კიკვაძე სამინისტროში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დააკავეს. ეს ინფორმაცია გუშინწინ ოფიციალურად პროკურატურას არ დაუდასტურებია. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და
დავით მამარდაშვილსა და ზვიად კიკვაძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბორიტად გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაცვის მხარის მოთხოვნა, რომ დაკავებულები 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ თავდებით გაეთავისუფლებინათ, მოსამართლემ არ დააკამაყოფილა.
ჩვენი ინფორმაციით, მამარდაშვილი 1 სექტემბერს, კიკვაძე კი 31 აგვისტოს დააკავეს. რაც შეეხება განათლების სამინისტროს მესამე მაღალჩინოსანს, საფინანსო სამმართველოს ყოფილ უფროსს დავით ბარაბაძეს, რომელიც, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ასევე დაკავებული იყო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს ჯერ არ დაუკავებიათ და შესაბამისად, სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის გადაწყვეტაზეც არ უმსჯელია.
როგორც დავით მამარდაშვილისა და ზვიად კიკვაძის ინტერესების დამცველმა კახა წერეთელმა განგვიცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცეს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულები საქმის გარემოებას დეტალურად აღწერენ, თუმცა იკვეთება თუ არა მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, ადვოკატის განცხადებით, მისი მხრიდან ამის თქმა არაეთიკურია.