სიცოცხლის უფლების დარღვევა, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა, დაცვის ეფექტური საშუალებების არარსებობა - ეს ევროკონვენციის მუხლებზე დაყრდნობით მომზადებული ის განაცხადია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.
24 საათი 16.03.10
სიცოცხლის უფლების დარღვევა, სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა, დაცვის ეფექტური საშუალებების არარსებობა - ეს ევროკონვენციის მუხლებზე დაყრდნობით მომზადებული ის განაცხადია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.
საუბარია 2008 წლის 8 მაისს, ზანდუკელის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე, როდესაც პატრულ-ინსპექტორმა ვახტანგ აბუაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გიორგი გამცემლიძე მოკლა. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, გამცემლიძის ოჯახის წევრების სახელით, სარჩელი "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაგზავნა.
ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა - ორი წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო ორი წელი პირობითი სასჯელი გამოსაცდელი ვადით - ასეთი განაჩენი გამოუტანა ქართულმა მართლმსაჯულებამ განსასჯელ პატრულ-ინსპექტორს ვახტანგ აბუაშვილს.
ევროსასამართლოში გაგზავნილი სარჩელის ავტორების მტკიცებით, საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გიორგი გამცემლიძის მიმართ არაპროპორციული ძალა იმ ვითარებაში გამოიყენა, როდესაც იგი არ იყო შეიარაღებული და არ უქმნიდა რაიმე საფრთხეს პოლიციელების ან სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სარჩელის ავტორების მტკიცებითვე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამცემლიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა წინასწარი სიტყვიერი გაფრთხილებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე.
"მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, საქართველოს პროკურატურის მიერ საპატრულო პოლიციის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდა, როგორც სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის შედეგად, ცხადი ხდება, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია და სასჯელი აშკარად არაადეკვატურია და საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოძიების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი განზრახ მკვლელობისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მსჯავრდებული," - განმარტავენ
პატრულ-ისპექტორი ვახტანგ აბუაშვილი სამართალდამცველებმა მკვლელობის დღესვე დააკავეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თავდაპირველად, უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღიძრა, თუმცა, მოგვიანებით ეს მუხლი გადაკვალიფიცირდა და ვახტანგ აბუაშვილი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით გაასამართლეს.
პროკურატურისა და სასამართლოს მასალების მიხედვით, "ვახტანგ აბუაშვილი, თავის მეწყვილე ლევან ჯინიყაშვილთან ერთად, პატრულირებდა რუსთაველის გამზირის ტერიტორაზე, რა დროსაც შეამჩნია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომანქანა. პატრულ-ინსპექტორებმა მოუწოდეს ავტომანქანის მძღოლს შეჩერებულიყო, თუმცა ის არ დაემორჩილა გაფრთხილებას და მაღალი სიჩქარით განაგრძო გზა ზანდუკელის ქუჩის მიმართულებით. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მარცხენა ბარდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც, ავტომანქანა გაჩერდა, ხოლო მძღოლმა მიატოვა იგი და მიმალვის მიზნით შევიდა იქვე მდებარე ეზოში.
პატრულ-ინსპექტორი აბუაშვილი და მისი მეწყვილე მიჰყვნენ გაქცეულ პიროვნებას და გააფრთხილეს, პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დანებებოდა. გამცემლიძე პატრულის გაფრთხილებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც, აბუაშვილმა გაუფრთხილებლობით ერთი გასროლა მოახდინა. გასროლის შედეგად, გამცემლიძემ კეფის არეში მიიღო ჭრილობა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა".
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განმარტებით, ევროსასამართლოში გაგზავნილი სარჩელი შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მე-6 და მე-13 მუხლების დარღვევას.