RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

მოსკოვი ტარიელ ონიანს მადრიდს გადასცემს

58 წლის ტარიელ ონიანი, ადამიანების გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით, მოსკოვში, საგამოძიებო იზოლატორ "მარტოსკაია ტიშინაშია" მოთავსებული და, როგორც რუსული პრესა წერს, უახლოეს მომავალში ესპანეთის მხარეს გადაეცემა.

24 საათი 15.03.10

58 წლის ტარიელ ონიანი, ადამიანების გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით, მოსკოვში, საგამოძიებო იზოლატორ "მარტოსკაია ტიშინაშია" მოთავსებული და, როგორც რუსული პრესა წერს, უახლოეს მომავალში ესპანეთის მხარეს გადაეცემა.

რუსული მხარის ეს გადაწყვეტილება მოსკოვში დაწყებული “კრიმინალური ომის” ჩაქრობითაა გამოწვეული, რადგანაც, ამ ომის მთავარი ფიგურა სწორედ ტარიელ ონიანია. “რუსეთი თანახმაა ონიანის ექსტრადიციაზე, რადგანაც ახალი “კრიმინალური ომის” თავიდან აცილება სურს,” - წერს რუსული მედია.

ესპანეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურას ოფიციალური მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა და ტარიელ ონიანის ესპანეთში ექსტრადირება მოითხოვა. საქმე ისაა, რომ ესპანეთში მიმდინარეობს რუსული მაფიის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოძიება, სადაც ტარიელ ონიანი მთავარი ბრალდებულია. ესპანეთში იგი დადანაშაულებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრებაში.

“იქიდან გამომდინარე, რომ ტარიელ ონიანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არაა, რუსთის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, იგი ესპანეთს გადაეცემა. ონიანი იქნება პირველი ეჭვმიტანილი, რომელსაც მოსკოვი მადრიდს გადასცემს," - აცხადებენ რუსი სამართალდამცველები.

თუმცა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ინტერპოლის მიერ ძებნილი მაფიოზის, რომელიც რუსთეს აფარებდა თავს, ექსტრადიცია ქართულმა მხარემ მოითხოვა, რუსეთმა უარი განაცხადა, იმ მოტივით რომ ონიანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო.

გაზეთი “კომერსანტი” წერს, რომ 10 მარტს მიგრაციის ფედერალურ სამსახურში ინკოგნიტო პირმა განაცხადა, რომ ონიანი რუსეთის მოქალაქე არაა და მან ყალბი პასპორტი გააკეთა. “გარდა ამისა, ონიანის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ იგი რუსეთში 1992 წელს ჩაეწერა და კანონით, ავტომატურად მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რუსი სამართადამცველები იმ არგუმენტით აბათილებენ, რომ ონიანმა ნაცნობი პირის ბინაში გაიარა რეგისტრაცია, მაშინდელი კანონით კი, მხოლოდ ნათესავებთან ჩაწერა იყო ნებადართული,” - წერს გაზეთი.

ამდენად, რუსული მხარისთვის ამჯერად, ონიანის "მტკიცებულება" უკანონო აღმოჩნდა.

ტარიელ ონიანი 2009 წლის ზაფხულში მოსკოველი ბიზნესმენის გატაცებისა და 500 ათასი დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მისი საქმის გამოძიება ფაქტობრივად დასრულებულია და განსახილველად მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაეცემა.

ტარიელ ონიანი 1990-იან წლებში გავიდა საზღვარგარეთ - ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი ესპანეთში, სადაც სამშენებლო ბიზნესით იყო დაკავებული. მის დაკავებას ევროპელი სამართალდამცველები 1995-1998 წლებში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. 2005 წელს ესპანელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური სპეცოპერაციის "კრაზანას"-ს ფარგლებში 30 პირი დააკავეს. მაშინ ონიანი დაკავებას გადაურჩა, რადგან ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.

ესპანეთის მიერ ძებნილმა ონიანმა რუსეთში განაგრძო საქმიანობა და დაუპირისპირდა “კრიმინალური ავტორიტეტის” ასლან უსოიანის - "დედ ჰასანის" დაჯგუფებას. ამ კონფლიქტს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ერთ-ერთი ვერსიით, ორი კრიმინალურ ავტორიტეტს შორის კონფლიქტი “კანონიერი ქურდის” შაქრო კალაშოვის დუბაიში დაკავების შემდეგ დაიწყო, რომელიც შემდეგ ესპანეთში გადააგზავნეს. კალაშოვს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ასლან უსოიანის კლანის "კრიმინალური-გენერლის" ლაშა შუშანაშვილის, იგივე ლაშა “რუსთაველის” ბიზნეს-იმპერიას ხელმძღვანელობდა, ფულის გათეთრება, გადასახადების დამალვა და სხვა დანაშაულების ჩადენა ედებოდა ბრალად.

ონიანი თვლიდა, რომ ლაშა “რუსთაველი” ბიზნესმენის ამპლუას მოერგო და “კრიმინალურ სამყაროს” ნელ-ნელა შორდებოდა. 2008 წლის აპრილში მონიანმა გადაწყვიტა ქურდების თავყრილობის მოწყობა, დასაც “კრიმინალურ აბტორიტეტებს” შორის "გარჩევა" უნდა მომხდარიყო. საქმე ეხებოდა, ონიანისა და შუშანაშვილის შორის არსებულ უთანხმოებას, რასაც ქურდული სამყაროს ორ ნაწილად გაყოფა მოჰყვა. შეკრებაზე ონიანმა მოსამართლის რანგში ვიაჩესლავ ივანკოვი, იგივე “იაპონჩიკი” მიიწვია.

შეხვედრაზე მყოფი 50-მდე კანონიერი ქურდი რუსმა სამართალდამცველებმა და სპეცრაზმის წევრებმა სპეცოპერაციის ფარგლებში აიყვანეს. მალევე “იაპონჩიკი”, რომელმაც ლაშა “რუსთაველს” დაუჭირა მხარი, მოკლეს.

რუსული მაფიის მამის “იაპონჩიკის” მკვლელობის შედეგად ონიანისა და "დედ ჰასანის" დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. “იაპონჩიკის” მკვლელობა ონიანს დააბრალეს და ერთ-ერთი ვერსიით, კანონიერმა ქურდებმა ონიანს, “იაპონჩიკის” მკვლელობისთვის სასიკვდილი განაჩენი უკვე გამოუტანეს. არაოფიციალური ინფორმაციით, კიდევ 35 ქართველი “კანონიერი ქურდის” ლიკვიდაციაა დაკვეთილი, რასაც რუსეთში 2008 წელს დაწყებული “კრიმინალური ომის” გაგრძელებად მიიჩნევენ.

როგორც რუსული მედია წერს, აქედან გამომდინარე, რუსეთის სამართალდამცველი ორგანოს ხელმძღვანელობისთვის ხელსაყრელია ონიანს ყველანაირად დაუმტკიცოს, რომ იგი რუსეთის მოქალაქე არაა და ამბიციური და საშიში "ავტორიტეტი" ესპანეთს გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ონიანი კატეგორიულად უარყოფს ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობაში რაიმე სახის მონაწილეობას და “კრიმინალური ომის” ავტორობას.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი