RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

იეროგლიფებით შედგენილი ბარათი ლავრენტი ბერიას

ერთი ჩვეულებრივი თიანეთელი ბიჭი თანატოლებისგან იმით გახდა გამორჩეული, რომ ძალიან ახალგაზრდამ - 20 წლის ასაკში გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი.

24 საათი 13.03.10

  •   aa
    ლავრენტი ბერია
  •   aa
    "უნჟლაგის" მე-7 "ლაგერი"
  •   aa
    ფანი კაპლანი

ერთი ჩვეულებრივი თიანეთელი ბიჭი თანატოლებისგან იმით გახდა გამორჩეული, რომ ძალიან ახალგაზრდამ - 20 წლის ასაკში გამოსცადა საბჭოთა რეჟიმი.

შალვა ჭოლიკაურმა საბჭოური რეპრესიები ორჯერ იწვნია - პირველად გასული საუკუნის ორმოციანი წლების დასაწყისში, მეორედ კი ორმოცი წლის შემდეგ, 1982 წელს. პირველად 1949 წლის 19 ნოემბერს "ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის" დააპატიმრეს. კომუნისტმა კანონდამცველებმა 193-ე მუხლის მე-13 პუნქტით გაასამართლეს და "ანტისაბჭოური მოღვაწეობისთვის" 20 წლის ჯარისკაცი 5 წლით გაამწესეს ჟუკოვსკის "ლაგერში".

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 20 წლის ჯარისკაცმა შალვა ჭოლიკაურმა, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, წერილი მისწერა ლავრენტი ბერიას. ჯარისკაცის მიერ დიდი "ჩეკისტისთვის" გაგზავნილ მოთხოვნაში გამოთქმული იყო სურვილი - შეესწავლათ ტროცკისტების მიერ 1937 წელს გადასახლებული მისი მამის საქმე და უდანაშაულო ადამიანი გაემართლებინათ. ან ეთქვათ, რა ბედი ეწია უგზოუკვლოდ დაკარგულ მშობელს. თუმცა, წერილი არაჩვეულებრივი გახლდათ - დაწერილი იყო მანამდე უცნობი დამწერლობით - ბერიასთვის გაგზავნილი ბარათი შალვა ჭოლიკაურის მიერ გამოგონილი იეროგლიფებით იყო დაწერილი. ლავრენტი პავლოვიჩის სახელზე გზავნილი 20 წლის ახალგაზრდამ საკუთარი "ანბანით" ერთი უმარტივესი მიზნით შეადგინა.

"ვერავინ წაიკითხავდა ჩემ წერილს, იეროგლიფებს ვერ გაშიფრავდნენ, ეჭვი გაუჩნდებოდათ, დამიბარებდნენ და ბერიას პირისპირ შევხვდებოდი," - ასეთი იყო ანბანისა და წერილის შემქმნელის ვერსია.

მართლაც, მალევე კუნცევოში, იოსებ ბესარიონოვიჩის აგარაკზე მდებარე სამხედრო ბაზიდან, სადაც შალვა ჭოლიკაური მსახურობდა, ის "ცენტრში" - მოსკოვში წაიყვანეს და მთავარ სამხედრო შტაბში მაიორ მურაშკინს შეახვედრეს. მაიორმა მურაშკინმა საწერი მაგიდის უჯრიდან ქაღალდი გამოიღო და შალვა ჭოლიკაურს უთხრა: "ბერიას სახელზე გამოგზავნილი თქვენი წერილი მივიღეთ" და აჩვენა წერილზე დადებული რეზოლუციაც. "კ. 2-49.69 დარეკეთ. მაიორი ნეგინი"... - ეწერა ბარათზე. მურაშკინმა ჯარისკაცს ნეგინთან დარეკვაც შესთავაზა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.

"მე მხოლოდ ბერიას შევხვდები," - ასეთი იყო მისი კატეგორიული პასუხი.

მაშინ იგი ბერიას არ შეახვედრეს და ნაწილში დააბრუნეს. თუმცა, ცოტა ხანში დივიზიის პოლკოვნიკმა სპირიდონოვმა კიდევ ერთხელ წაიყვანა მოსკოვში. ამჯერად "დიდი აუდიენცია" შედგა.

"ფრუნზეს ქუჩაზე, N19-ში მდებარე შენობაში მიმიყვანეს. მახსოვს, მანათობელი ასოებით ეწერა: შეიარაღებული ძალების სამინისტრო. სსრკ-ს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვასილევსკისთან მიმიყვანეს. იქ დამხვდა ლავრენტი ბერიაც. მან ბოდიში მოუხადა დამსწრეებს და ქართულ ენაზე დამელაპარაკა. ჩემი საუბრის მანძილზე იგი ხელში პენსნეს შეუჩერებლივ ატრიალებდა, ბოლოს გაიკეთა პენსნე, მაგიდიდან აიღო ქაღალდი და მითხრა, უდანაშაულოდ ჩვენ არავის ვიჭერთ, თუ მამათქვენი უდანაშაულო იყო, დამჭერებს მივხედავთ... მერე მითხრა, მოსაცდელში გადით, თქვენი წერილი გაშიფრეთ და დატოვეთო. თურმე, ჩემი ბარათის გამო ყველაფერი გადაუტრიალებიათ. კომისიაც კი შექმნეს ჩემს მიერ მოგონილი იეროგლიფების გასაშიფრად. ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, ბოლოს დასკვნა გააკეთეს: "მსგავსი შრიფტი არც ერთ დამწერლობაში, არც ქართულში არსებობს..." - ასე იხსენებდა მომხდარს შალვა ჭოლიკაური.

"დიდ ჩეკისტთან" შეხვედრიდან სამ თვეში შალვა ჭოლიკაური დააპატიმრეს და 20 წლის ბიჭს, როგორც "ანტისახელმწიფოებრივ დამნაშავეს", ჟუკოვსკის "ლაგერში" უკრეს თავი, სადაც სამი დღე დაყო. შემდეგ სპეცნაწილის უფროსთან მომხდარი კონფლიქტის გამო "თეთრ დათვებში" - ტაიგის "ლაგერში" გაამგზავრეს. სამწლიანი უმძიმესი ტუსაღობის შემდეგ კი ამნისტიით გაათავისუფლეს.

"ოცი წლის ახალგაზრდა პირისპირ შევხვდი ისეთ დესპოტს, როგორიც იყო ლავრენტი ბერია და სსრკ-ს თავდაცვის მინისტრი ალექსანდრე ვასილევსკი. მათივე "წყალობით" 1949 წელს დამაპატიმრეს, როგორც "მავნებლის შვილი", შემომატარეს მოსკოვის თითქმის ყველა ციხე - "ტაგანკა", "ბუტირკა", "სტრეტინსკაია", "მატროსკაია ტიშინა", "კრასნაია პრესნია", "ნოგინსკაია"... - იგონებდა შალვა ჭოლიკაური.

საბჭოთა "გულაგებში" გატარებული წლები შალვა ჭოლიკაურისთვის უმძიმესი მოსაგონებელი იყო. იგი საბჭოთა "ლაგერებში" ლეგენდად ქცეული "კანონიერი ქურდების" "საშკა ჩერქეზის", კუდბეევის, "რაულას", ასევე პეტრე გელბახიანის, ფარნაოზ ანანიაშვილის და სხვა ცნობილი ადამიანების გვერდით "იჯდა".

"ბუტირკაში" შევხვდი კაპლანის ქალს, ლენინი რომ დაჭრა, რომელიც ციხის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. შევხვდი სსრკ-ს ავიაციის მარშალ ნოვიკოვს..." - იგონებდა კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლი შალვა ჭოლიკაური, რომელმაც საერთო ჯამში (ორჯერ პატიმრობისას) ცხრა უმძიმესი წელიწადი გაატარა საბჭოთა გულაგებში, როგორც "ანტისაბჭოთა ელემენტმა".

"ჟუკოვსკის ციხიდან" ტაიგაში ეტაპირებისას ბატონი შალვა კრემლის ყოფილ კომენდანტს, პატიმარ კოლესნიკოვს შეხვდა. ტაიგაშივე, "უნჟლაგის" მე-7 "ლაგერში", ის ლეგენდარულ "კანონიერ ქურდს" "საშკა ზვერს" - "საშკა ჩერქეზსაც" შეხვდა.

“კვირა დღე იყო. ზონაში პატიმრები ვისვენებდით. ჩემთან ლიხაშერსტოვი მოვიდა და მითხრა: - შალვა, აგერ შენი თანამემამულე “საშკა ზვერი"... იქით მიმახედა, სადაც "მენარიადე" კრასნოვს სამი ახალგაზრდა კაცი ელაპარაკებოდა. ორი მათგანი ვიცანი - მლიზნეცოვი და ბარათაშვილი ("ჩორნიე ტიგრი"). ივანემ ხელი მომკიდა, ახლოს გავიაროთ, ისე შევხედოთო, - მითხრა.

"საშკა ზვერი" იმ დროს 35 წლამდე იქნებოდა. საშუალოზე მაღალი ტანის, მხრებგანიერი. მოგრძო, ლამაზი პირისახის, ფართო შუბლით, ხშირი გადაბმული წარბებით, ალერსიანი გამოხედვით და ზრდილობიანი ქცევით გამოირჩეოდა. მისი შემხედვარე იტყოდა: ეს კაცი ქურდი კი არა, ფრიად განსწავლული ვინმეაო. მაგრამ ჩემს წინაშე იდგა პიროვნება, რომელიც შიშის ზარს სცემდა არა მარტო "არიფ" პატიმრებს, არამედ მთელ “ქურდულ სამყაროს”. მისი აუგად ხსენება სიცოცხლის რისკთან იყო დაკავშირებული...

სამეულმა "მენარიადესთან" საუბარი დაასრულა, დაემშვიდობნენ მას და ჩვენკენ წამოვიდნენ.

- ჰა, ჩვენებურო, როგორა ხარ, ხომ არაფერი გიჭირს? - მკითხა ბარათაშვილმა ქართულად.

- თანამემამულეა? - შეეკითხა "საშკა ზვერი" ბარათაშვილს რუსულად.

- ჰო, თანამემამულეა და იცი, რა საქმეზე ზის? ბერიას დაუპირისპირდა.

- როდესმე დავუძახოთ ამ ახალგაზრდას და ვილაპარაკოთ. გამოვნახავ დროს, "შუსტრიაკს" გამოგიგზავნით, თუ თქვენ თანახმა იქნებით? - შემეკითხა "საშკა ზვერი".

სამწუხაროდ, მასთან შეხვედრის ეს ერთადერთი შემთხვევა მქონდა, მეტჯერ აღარ მინახავს... ჩვენთან დიდხანს არ გაუჩერებიათ, სრულიად მოულოდნელად "ააორთქლეს" "იუნჟლაგიდან"...

..."ლაგერში" მოიყვანეს ქურდი კუდბეევი. მას რომ "საშკა ზვერის" იქ ყოფნა გაუგია, ღამით გაქცეულა... ტელეფონის მავთულებზე დაკიდებული გაჰყოლია ხაზს და ასე გასულა ზონიდან გარეთ. იმ ღამეს ძლიერი ქარბუქი იყო, ამიტომ ბადრაგს ვერ შეუნიშნავს გაქცეული.

“ზონის” გარეთ გასული კუდბეევი მავთულებიდან ჩამომხტარა, ჯიბეში მაგარი წეკოს ფხვნილი ჰქონია, ის დაუყრია ნაფეხურებზე, რათა მაძებარ ძაღლებს კვალი ვერ აეღოთ. იმ ღამეს, როცა გაქცევა მოხდა, "ლაგერის" დაცვის უფროსად საგარეჯოელი სერჟანტი იყო, ძალზე კარგი და რისკიანი კაცი. გაქცევის გამო ის ჰაუპტვახტში ჩასვეს და მისი საქმე გამოძიებას გადაეცა.

გაქცეულის ძებნა ორ კვირამდე გაგრძელდა. ერთ საღამოს პატიმრებმა ამბავი მოიტანეს, ნადირისგან დახრული კუდბეევის ცხედარი სადღაც ტაიგაში უპოვიათ ჯარისკაცებსო...

...მეორე დილით "ვახტის" გარეთ აკრძალულ ზონაში გავედით და დავინახეთ, რომ თოვლში ეგდო რაღაც, რომელსაც ზემოდან ბრეზენტი ჰქონდა გადაფარებული. იგი მთლიანად ვერ ფარავდა ნადირისგან გამოხრულ ადამიანის ჩონჩხს, რომელიც ადმინისტრაციამ პატიმართა დასაშინებლად დააგდო... "ლაგერის" რეჟიმის უფროსისთვის დამსმენს უცნობებია, კუდბეევის გაქცევაში "საშკა ჩერქეზს" მიუძღვის ბრალიო, - მაგის შიშით გაიქცაო. რეჟიმმაც სასწრაფო ზომები მიიღო და "საშკა ზვერი" თავიდან მოიცილეს, სადღაც მაგადანის მხარეს გაგზავნეს ეტაპით... ამიტომ მას აღარ შევხვედრივარ," - ასე იხსენებდა ციხეში გატარებულ ყველაზე მკაცრ დღეებს შალვა ჭოლიკაური.

"საშკა ზვერი" - ლეგენდად ქცეული "კანონიერი ქურდი" წიგნების პერსონაჟიც გახდა. ეს ის "საშკა ნემეცია", რომელსაც ჯაბა იოსელიანმა თავის წიგნში საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო.

"საშკა ჩერქეზი" იყო დიდი "მაკონტროლებელი", რომელმაც თავისი ბიოგრაფია საბოლოოდ "ჩეკისტებს" დაუკავშირა - იგი გააფუჭეს. მისი ბოლო პატიმრობა "შავი სამყაროს" (და არა მარტო მათ) წარმომადგენელთა გაკომუნისტებას ემსახურებოდა. მართალია, ამ დიდი სამსახურისთვის "საშკა ჩერქეზს" თავისუფლებას ჰპირდებოდნენ, მაგრამ "დიდმა ავტორიტეტმა" გაკომუნისტებას მაინც ვერ გაუძლო და კომუნისტური გულაგებიდან "პაბეგი" მოაწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, "საშკა ზვერი" ამ გაქცევისას "ჩეკისტებმა" მოკლეს. არაოფიციალური ინფორმაციით კი, მან განახლებული ცხოვრება ქუთაისში გააგრძელა, რა თქმა უნდა, "დიდი გარიგების" შემდეგ. "საშკა ჩერქეზის" გამომძიებელმა შიო გვეტაძემ "საშკა ზვერის" ახალი ცხოვრების შესახებ დასმულ შეკითხვას თავის დროზე ორაზროვნად უპასუხა: "არ არის აუცილებელი საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთი საშიში პიროვნება ცოცხალი გადარჩა..."

გარდა "საშკა ჩერქეზისა", შალვა ჭოლიკაური "ლაგერებში" მოძრაობისას დაუახლოვდა პოპულარულ ჩეჩენს იუსუფ დერკიზანოვს - "ჩუმას".

ციხის შეხვედრები შალვა ჭოლიკაურს ბლომად ჰქონდა, მით უმეტეს, როცა საბჭოურ "ლაგერებში" პატიმარი, უბრალოდ, "გადაბრუნებული სიტყვისთვის" ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწედ ცხადდებოდა და "ზონები" გავსებული იყო "ანტისაბჭოთა ელემენტებით".

როგორც გითხარით, შალვა ჭოლიკაური პირველად ნკვდ-ს თავკაცთან ლავრენტი პავლოვიჩთან შეხვედრის შემდეგ დააპატიმრეს. ის “ტროცკისტების” მიერ გადასახლებულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ მამას ეძებდა. პირველი საპატიმრო "ნათლობა" მან 1949 წელს "ბუტირკის ციხეში" მიიღო, სადაც თანამდებობის პირები და სამხედროები იხდიდნენ სასჯელს. სწორედ იქ შეხვდა "დიდი ბელადის" - ილიჩისთვის ტყვიის მსროლელ ფანი კაპლანს.

"ბუტირკის ციხეში”, საკანში გადაყვანის მეორე დღე იყო, სამხრობის შემდეგ ზედამხედველის გასაღებმა გაიჩხაკუნა და თან მისი ძახილიც მოჰყვა: - ბიბლიოთეკა ხომ არ გინდათ? კარი გაიღო და საკანში ზედამხედველთან ერთად ვიღაც ხანშიშესული ქალი და ერთიც, ორმოც წლამდე ასაკის პატიმარი მამაკაცი შემოვიდნენ. მამაკაცს ეკავა ფანერის ორი ყუთი, რომლებშიც წიგნები ეწყო. დაიწყო წიგნების გამოწერა... ხნიერი ქალი აფორმებდა გაცემულ წიგნებს... დავინტერესდი, იქნებ ქართული წიგნებიც ჰქონდეთ-მეთქი და ვიკითხე: აქ მხოლოდ რუსული წიგნები გაქვთ?

- დიახ, აქ მხოლოდ რუსეთია! - რაღაც ქედმაღლურად მიპასუხა ქალმა, თან შემეკითხა: - თქვენ რუსი არ ხართ?

ჩემი პასუხის მერე წამოიძახა:

- ოო, ქართველი? კაცო, მაცო, გენაცვალე, და?.. - ლოყაზე ხელი მომითათუნა და დააყოლა: - განა თქვენი ულვაშა თავისიანებსაც აპატიმრებს?..

ყუთიდან ჩკალოვის წიგნი ამოიღო და მითხრა: - აი, ეს წიგნი აიღეთ, ძალიან სადა, უბრალო ენით არის დაწერილი...

მათი გასვლის შემდეგ ჩემთან ერთი "ნასალდათარი" პატიმარი მოვიდა და მკითხა: - იცი, ვინ არის ეს ბიბლიოთეკარი ქალი?.. მერე მითხრა, 1919 წელს ლენინი რომ დაჭრა კაპლანის ქალმა, ხომ გაგიგია, ეგ არისო...

არ დავიჯერე. ციხეში ათასგვარ ინსცენირებას აწყობდნენ პატიმრების გასართობად. ვიფიქრე, მაბრიყვებენ-მეთქი.

- ლენინის დაჭრის შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა. თუ ეგ მართლაც კაპლანის ქალია, ამდენ ხანს ციხის რეჟიმს როგორ გაუძლო-მეთქი? - ვკითხე ჩემს "ინფორმატორს".

- ეგ ჩვენსავით საკანში კი არ არის გამომწყვდეული, ციხის ეზოში თავისუფლად მოძრაობს; ბიბლიოთეკაში ცალკე ოთახში ცხოვრობს, ჭამა-სმა არ აკლია... კომუნისტებს კაპლანის დახვრეტა უნდოდათ, მაგრამ ლენინმა არ მოუწერა ხელი, განაცხადა, იზოლატორში გყავდეთ, მიეცით ჟურნალ-გაზეთები, იკითხოს და გაიგოს, რას მიაღწევს სოციალიზმიო!.. - მითხრა მან.

ცხადია, დავეჭვდი, მაგრამ, როცა საკანში სხვა პატიმრებმაც დამიდასტურეს კაპლანის ამბავი, მივხვდი, რომ ეს პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი მითი იყო, ლეგენდა კომუნისტების “ადამიანურობის” თაობაზე. "გულაგები" ხომ სავსე იყო იმ ადამიანებით, ვისთვისაც გამოტანილი განაჩენი წლების შემდეგ მოიყვანეს სისრულეში. არც ისაა გასაკვირი, რომ კაპლანის შესახებ "მითი" "ბუტირკის ციხეში" ისევ კომუნისტების მიერ "შეგდებული ამბავი" იყო. მოგონილი ისტორია, პატიმართა ზემოქმედებისთვის გამიზნული. ასეთი მეთოდები საბჭოური "ლაგერებისთვის" ტრადიცია იყო," - იხსენებდა შალვა ჭოლიკაური.

შალვა ჭოლიკაური მეორედ 1982 წელს დააპატიმრეს. მას ისევ კომუნისტური "ტალღა" დაატყდა თავს. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ მეღვინეების, შამპანურისა და წვენების საქმე "გახსნა". შალვა ჭოლიკაური, თიანეთის ხილის შემგროვებელი პუნქტის უფროსი, სახელმწიფო ქონების გაფლანგვისთვის დააპატიმრეს და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

"დამნაშავე არ ვიყავი, მაგრამ ეს ის პერიოდი იყო, როცა იჭერდნენ... 6 წელი რუსთავის კოლონიაში ვიჯექი... მაშინ შს მინისტრი შოთა გორგოძე იყო. სწორედ მისი დამსახურებით გამათავისუფლეს... ის პერიოდი საშინელება იყო..." - იხსენებდა ბატონი შალვა.

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი