თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულ 20 წლის გ.ვ-ს განაჩენი გამოუტანა.
24 საათი 12.03.10

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულ 20 წლის გ.ვ-ს განაჩენი გამოუტანა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2009 წლის 30 ნოემებერს ნასვამი გ.ვ. რომელიც ცივი იარაღით იყო შეიარაღებული, შეიჭრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობაში და ამავე განყოფილების ოპერატიულ მორიგეს, რომელიც ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დანის მუქარით ცდილობდა სამორიგეო ნაწილში შეღწევას. გ.ვ. არ დაემორჩილა მორიგე პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, დაეცვა წესრიგი - იგი ხმამაღლა იგინებოდა მორიგე პოლიციელის და ზოგადად პოლიციის მისამართით.
გამოძიების მასალების მიხედვით, ხმაურზე გამოვიდნენ განყოფილების სხვა თანამშრომლებიც, რომელთაც მან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი მიმართულებითაც იქნევდა დანას. პოლიციის შენობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გ.ვ. დააკავეს ეჭვმიტანილის სახით. მას ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და პოლიციელებმა ამოიღეს დანა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
სასამართლო სხდომაზე განსასჯელმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და ჩადენის მოტივად დაასახელა უმუშევრობა. მისივე განცხადებით, ნასვამმა მისი უმუშევრობის გამო პროტესტი პოლიციის შენობაში გამოთქვა. განსასჯელმა ასევე, აღიარა, რომ დანით შეიარაღებული შეიჭრა პოლიციის განყოფილებაში და უცენზურო სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს.
სასამართლომ გ.ვ. დამნაშავედ ცნო ჩადენილ ჩადენილ დანაშაულში და სასჯელის ზომად ორი წლით პატიმრობა და ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა განუსაზღვრა.