რამდენიმე წლის წინ დაწყებულმა სამშენებლო ურთიერთობიდან გამოწვეულმა ხმაურიანმა დავებმა ქუჩიდან ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გადაინაცვლა.
24 საათი 11.03.10
რამდენიმე წლის წინ დაწყებულმა სამშენებლო ურთიერთობიდან გამოწვეულმა ხმაურიანმა დავებმა ქუჩიდან ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში გადაინაცვლა.
ფაქტობრივად, დარეგულირდა სამშენებლო და კერძო საკუარების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი - თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებელთა დავაც. მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად კერვალიშვილის ინფორმაციით, მათი ბინის მშებნებლობა დასასრულს უახლოვდა და ყველა მესაკუთრის მოთხოვნა მაქსიმალურადაა დაკმაყოფილებული.
უზენაესი სასამართოს სტატისტიკის თანახმად, 2009 წელს სასამართლოში სამშენებლო ურთიერთობიდან გამოწვეულ დავებთან დაკავშირებით შევიდა სულ 44 საქმე, საიდანაც სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდა მხოლოდ სამი საქმე. 2008 წელს სასამართლომ ამ კატეგორიის 21 საქმე განიხილა, საიდანაც სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდა რვა, შვიდზე კი საქმის წარმოება შეწყდა. 2007 წელს შესული 55 განცხადებიდან სარჩელის დაკმაყოფილებით დასრულდა 25 საქმე.
როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, სამშენებლო ურთიერთობიდან გამოწვეული დავები ოთხი-ხუთი წლის წინ გაცილებით მაღალი იყო. ოფიციალური ინფორმაციით ცნობილია, რომ 2006 წელს სასამართლოში შევიდა ამ კატეგორიის 104 საქმე. მართალია, ამავე სტატისტიკაში 2005 წლის სამშენებლო ურთიერთობიდან გამოწვეული დავების მონაცემი არ არის მოცემული, მაგრამ 2006 წელს გადმოსული ნაშთის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სამშენებლო დავების ბუმი საქართველოში სწორედ ამ წელს უნდა ყოფილიყო. ოფიციალური მონაცემით, ერთი წლის განმავლობაში, ანუ 2005 წლიდან 2006 წელს ნაშთის სახით გადავიდა 201 საქმე. საბოლოოდ კი, 2006 წელს სულ დასრულდა 251 საქმე, საიდანაც დაკმაყოფილდა 130 საქმე.
სამშენებლო ურთიერთობიდან გამოწვეული დავებიდან საზოგადოებაში ბოლო წლებში ყველაზე აქტუალური იყო ნაგებობების დემონტაჟი. თუმცა, სასამართლოს სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ამ სახის დავები მართლმსაჯულებამდე არც ისე ხშირად აღწევდა.
"ზედამხედველობის სამსახური 2005 წლის 5 სექტემბერში შეიქმნა და იგი უშუალოდ იყო კონცენტრირებული უნებართვო მშენებლობების აკრძალვასა და კონტროლზე. სწორე ამ დროს დაიწყო განსაკუთრებული ბრძოლა უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მანამდეც იყო, გარკვეული სანქციები, მაგრამ ამ პერიოდიდან ყველა აღმოჩენილ უკანონო მშენებლობაზე - დაწყებული ავტოფარეხიდან აივნებით დასრულებული, მიმდინარეობდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება. აქედან გამომდინარე, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, 2007 წლის ბოლომდე მთავარი პრობლემა გადაიჭრა - უკანონო მშენებლობები ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე და ქუჩებზე აიკრძალა," - ამბობს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად კერვალიშვილი.
კანონმდებლობით, უკანონო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კანონის დამრღვევს პირველ ეტაპზე აძლევს სიტყვიერ, შემდეგ კი გაფრთხილებას, სადაც მას მითითებულია გონივრული ვადა. ამ დროში მოქალაქემ ადმინისტრაციულ ორგანოში ან მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაცი უნდა წარმოადგინოს ან ნებაყოფლობით უნდა გაუკეთოს უკანონო მშენებლობას დემონტაჟი. თუ ამ ხნის მანძილზე არ გააკეთა მოქალაქემ უკანონო ნაგებობის დემონტაჟი, იგი დაჯარიმდება, თუმცა პარალელულად მაინც უნდა მოხდეს შენობის დანგრევა. ჯარიმის საწყისი რაოდენობა ჩვეულებრივ სამშენებლო ზონაში, არაცენტრალურ ქუჩებზე 13 ათასი ლარია, ხოლო განსაკუთრებული რეგულირების ზონაში - ვთქვათ, გამზირები, ძველი თბილისის ქუჩები, აღმაშენებელის ხეივანი და ა.შ. ჯარიმა 20 ათასი ლარია.
დაჯარიმებასთან დაკავშირებით გამოცემული დადგენილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში მოქალაქეს აქვს უფლება გაასაჩივროს იგი ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, დედაქალაქში ეს არის თბილისის მერიის იურიდიული სამსახური ან სასამართლო.
მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველობის სამსახურმა გასულ წელს 200 უკანონო აივანის მიშენება აღკვეთა, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ზვიად კერვალიშვილის ინფორმაციით, უკანონო მშენებლობების რაოდენობა 2009 წელს საგრძნობლად შემცირდა.
"თბილისში ყოველდღიურად ჩვენი სამსახურის ოცამდე ჯგუფი მოძრაობს და უკანონო მშენებლობებს ვაკონტროლებთ. როდესაც მოსახლეობას ვუხსნით მოსალოდნელი სანქციების შესახებ, 80-90 პროცენტი გვიჯერებს, ზედმეტი პრობლემებს ურჩევნიათ მშენებლობა შეაჩერონ," - ამბობს ზვიად კერვალიშვილი და მოსახლეობას ურჩევს მშნებლობის დაწყებამდე არქიტექტურის სამსახურში შესაბამისი ბრძანება აიღონ. თუმცა, წინასწარვეა ცნობილი, რომ კანონით, ნებართვა საერთოდ არ გაიცემა, ან ძალიან იშვიათად გაიცემა აივნებზე, ავტოფარეხებზე და მიტაცებულ მიწის ნაკვეთებზე დაწყებულ მშენებლობებზე.
სამშენებლო ურთიერთობიდან გამოწვეული დავების შემცირებას თბილისის ადმინისტრაციული კოლეგიის სპიკერი მოსამართლე მირანდა ერემაძე პრეზიდენტის ბრძანებას უკავშირებს, რომელის თანახმადაც, 2007 წლის 1 იანვრამდე განხორციელებული უკანონო მშენებლობები ლეგალიზებას ექვემდებარება. ამ ბრძანებულების შესაბამისად, პირს შეუძლია მიმართოს არქიტექტურის საქალაქო სამსახურს და მოითხოვოს არსებული უკანონო მშენებლობის ლეგალიზება.