შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს არქივში დაცულ ისტორიულ მასალებს შორის არის ისეთი საქმეებიც, რომელთა მთავარ გმირებსაც პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონიათ და რომლებიც საბჭოური რეჟიმისთვის არც ისე საშიშ ადამიანებად ითვლებოდნენ, თუმცა, ისინი საბოლოოდ მაინც საბჭოთა სისტემის მსხვერპლად იქცნენ. საზოგადოება მათ ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობს.
24 საათი 06.03.10
შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს არქივში დაცულ ისტორიულ მასალებს შორის არის ისეთი საქმეებიც, რომელთა მთავარ გმირებსაც პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონიათ და რომლებიც საბჭოური რეჟიმისთვის არც ისე საშიშ ადამიანებად ითვლებოდნენ, თუმცა, ისინი საბოლოოდ მაინც საბჭოთა სისტემის მსხვერპლად იქცნენ. საზოგადოება მათ ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობს.
“საარქივო მოამბის” მასალებში ერთ-ერთი ასეთი საქმე ბახო ტიმოთეს ძე მორჩიაშვილისა და მისი დაჯგუფების ისტორიას მოგვითხრობს.
საარქივო მასალების მიხედვით, ბახო ტიმოთეს ძე მორჩიაშვილი ჯერ კიდევ ცარიზმის დროს იყო ცნობილი ყაჩაღი. ის საბჭოთა ხელისუფლებამ შეიწყალა. მაგრამ მორჩიაშვილს მალე მძიმე ტვირთად დააწვა წყნარად ცხოვრება. 1921 წლის ნოემბერში ის არალეგალურ მდგომარეობაში გადავიდა, შემოიკრიბა თანამზრახველები (დაახლოებით 6 კაცი) და შორაპნის მაზრაში დაჯგუფება ჩამოაყალიბა. დაჯგუფების საქმიანობა წვრილმანი ქურდობით შემოიფარგლებოდა.
ბახო მორჩიაშვილი და მისი დაჯგუფების წევრები წვრილმანი ქურდობით, ძირითადად, სვირის რაიონში იყვნენ დაკავებული. ხანდახან მეზობელ რაიონებსა და მაზრებშიც გადადიოდნენ.
საარქივო მასალების თანახმად, ბახო მორჩიაშვილის ჯგუფი არ ითვლებოდა განსაკუთრებით საშიშ დაჯგუფებად. ამასთან, მათ მოღვაწეობას არავითარი პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია.
“1922 წლის აგვისტოში ბახო მორჩიაშვილი ნებაყოფილობით გამოცხადდა ქუთაისის პოლიტბიუროში. ის შეიწყალეს და სამუშაოდ მოაწყეს სამაზრო მილიციაში. ერთი თვის შემდეგ მორჩიაშვილმა გაიტაცა სახელმწიფო ცხენი და ტყეს შეაფარა თავი. სამი კვირის შემდეგ ის მილიციამ დაიჭირა,” - წერია ბახო მორჩიაშვილის საქმეში.
ამავე მასალის მიხედვით, ზეკარის გადასასვლელზე ის თანმხლებ მილიციელებს გაექცა და თავის ჯგუფს დაუბრუნდა.
დაჯგუფება, 8-9 კაცის შემადგენლობით, ჯერ ბელოგორის, შემდეგ კი ქუთაისის მაზრის ბაღდადის რაიონს აფარებდა თავს. ყაჩაღებს ეხმარებოდნენ მომთაბარე მეგრელი მწყემსები და ადგილობრივი მოსახლეობა. ყაჩაღები მხოლოდ "ჩეკას" ორგანოსა და მილიციის თანამშრომლებს ემალებოდნენ.
1923 წლის 17 იანვარს დაჯგუფების სამმა წევრმა, ბახო მორჩიაშვილის მეთაურობით, ზეკარში განაიარაღა ადგილობრივი აბანოს დარაჯი, შევარდა აბანოს გამგის ბინაში და გაიტაცა 2 საბანი, 2 ზეწარი, ლეიბი, ხალათი და 4 ცალი საპონი. ამ ფაქტის შემდეგ ქუთაისის მილიციის თანამშრომლები ბახო მორჩიაშვილს და მისი დაჯგუფების წევრებს კარგა ხანს ეძებდნენ.
1923 წლის 2 თებერვალს ქუთაისის მილიციის თანამშრომლებმა ბახო მორჩიაშვილი ბაღდადის რაიონში მოკლეს. დააპატიმრეს მისი დაჯგუფების წევრები - ტიმოთე, კირილე და სამსონ მორჩიაშვილები.
საარქივო მასალების მიხედვით, ყაჩაღის ცხედრის გადასვენებისა და მისი დაპატიმრებული მეგობრების გადაყვანის დროს ბანდის დანარჩენმა წევრებმა მილიციის რაზმს ცეცხლი გაუხსნეს. არეულობით ისარგებლეს პატიმრებმა და შეეცადნენ, გაქცევით ეშველათ თავისთვის.
გამაფრთხილებელი სროლის შემდეგ გამყოლები იძულებული გახდნენ ცეცხლი გაეხსნათ. მათ ყველა გაქცეული დახოცეს. შეტაკების დროს მსუბუქად დაიჭრა ერთი მილიციელი.
გადარჩენილი ბანდის წევრები ვლადიმერ გელხოიძე და ჯულო მორჩიაშვილი ცოტა ხანს კიდევ იმალებოდნენ. მილიციასთან მომხდარი ერთ-ერთი შეტაკების დროს
ვლადიმერ გელხოიძეც გამოასალმეს სიცოცხლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ მასალებს შორის არის კიდევ ერთი საქმე, რომლის პერსონაჟებიც, ისევე როგორც ბახო მორჩიაშვილი და მისი დაჯგუფების წევრები, მხოლოდ წვრილმანი ქურდობით იყვნენ დაკავებული და პოლიტიკურად საშიში არ იყვნენ. საუბარია გევორქ არუთინის ძე ჩეკარიანის დაჯგუფებაზე, რომელიც ჯერ კიდევ აფხაზეთის გასაბჭოებამდე არსებობდა. გევორქ ჩეკარიანის დაჯგუფება არ იყო საშიში და ბოროტმოქმედი ბანდა, თავისი არსებობის განმავლობაში თითქმის არ აქტიურობდა. მოსახლეობაში ბანდა ავტორიტეტით არ სარგებლობდა.
ეს დაჯგუფება 1920 წლიდან მოქმედებდა პილენკოვის რაიონში და თავის რიგებში აერთიანებდა 15-20 წევრს, ეროვნებით სომხებს, სოციალური წარმოშობით - გლეხებს.
ბანდის ძირითადი საქმიანობაი იყო ძარცვა და საქონლის გატაცება.
აფხაზეთის გასაბჭოების შემდეგ გევორქ ჩეკარიანის ჯგუფი დროებით დაიშალა და ერთი წლის განმავლობაში არსად გამოჩენილა.
1922 წლიდან ყაჩაღები ისევ შეგროვდნენ და შედგა 8-კაციანი ჯგუფი. ესენი იყვნენ: გევორქ არუთინის ძე ჩეკარიანი, ალეკ ბენკელიანი, ხაჩიკ ბენკელიანი, ოვანეს მუმჟიანი, ოვანეს კოჩკონიანი, საგაკა ჩაკალიანი, ოვანეს გუგულიანი, აპელო დეშებჟიანი.
ჯგუფის წევრებს თანაუგრძნობდნენ და ეხმარებოდნენ ალფრედ მამბერგი და გრიგოლ მინასიანი.
ხელახლა შეკრებილი ჯგუფის წევრები გადავიდნენ არალეგალურ მდგომარეობაში და ისევ ძარცვასა და საქონლის გატაცებას მიჰყვეს ხელი.
როგორც შსს-ს სარქივო მასალებშია მოთხრობილი, 1922 წლის ივნისში, გადაადგილებისას, ბზიფთაზე ყაჩაღები გადაეყარნენ აფხაზეთის “ჩეკას" თანამშრომლების მიერ სპეციალურად მოწყობილ საფარს. გაიმართა ორთაბრძოლა. მოკლეს 4 ყაჩაღი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ბანდის მეთაურის თანაშემწე (გვარი ვერ დადგინდა) და დაიჭრა ყაჩაღი ალეკ ბენკელიანი.
ამ შეტაკების შემდეგ ბანდის წევრები დაიქსაქსნენ და აღარ აქტიურობდნენ.
მაშინ აფხაზეთის “ჩეკამ" გადაწყვიტა, მიეღო განსაკუთრებული ზომები და აგენტურული მუშაობით გამოეაშკარავებინა ცალ-ცალკე მიმალული ყაჩაღები.
23 აგვისტოს “ჩეკას" თანამშრომლებმა დააპატიმრეს ბანდის მეთაური გევორქ ჩეკარიანი და ბანდის აქტიური წევრი ოვანეს მუმჟიანი, სექტემბრის ბოლოს - ოვანეს კოჩკონიანი და ყაჩაღების ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირე, გაგრის მაზრის ყოფილი სამძებრო განყოფილების უფროსის თანაშემწე ალფრედ მამბერგი.
გევორქ ჩეკარიანმა 10 ნოემბერს გატეხა აფხაზეთის “ჩეკას" საპატიმრო საკნის გისოსი და გაიქცა. მასთან ერთად გაიქცა სხვა ბანდის მეთაურიც.
საარქივო მასალების მიხედვით, საპატიმროდან გაქცეული გევორქ ჩეკარიანი წავიდა გაგრის მაზრის მიმართულებით, რათა გადასულიყო სოჭის ოლქში, თავის საცხოვრებელ და წინანდელი მოქმედების ადგილზე.
დაახლოებით ერთ თვეში აფხაზეთის “ჩეკამ" გაქცეული ყაჩაღების დასაჭერად ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების რწმუნებულის, გლუნმოვოს მეთაურობით, ექსპედიცია გაგზავნა, თუმცა, ყაჩაღების დევნა უშედეგოდ მიმდინარეობდა.
მიმალულმა ჩეკარიანმა ისევ მოძებნა და შეაგროვა თავისი ბანდის წევრები: ხაჩიკ ბენკელიანი, ალეკა ბენკელიანი, საგაკა ჩაკალიანი, ოვანეს გუგულიანი, აპელო დეშებჟიანი და მათთან ერთად მოაწყო თავდასხმა სოფელზე. ამ პერიოდში ბანდას სამჯერ მოუხდა შეტაკება გამოგზავნილი რაზმელების წინააღმდეგ.
1923 წლის 1 იანვარს აფხაზეთის “ჩეკამ" მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულში, გრიგოლ მინასიანის სახლში, იყო ბანდის ორი წევრი ალეკ და ხაჩიკ ბენკელიანები. მეორე დღესვე ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების რწმუნებულის თანაშემწის მეთაურობით, აფხაზეთის “ჩეკამ" ათკაციანი რაზმი გაგზავნა და 3 იანვარს, დილის 4 საათზე, ორივე ყაჩაღი დააპატიმრეს.
19 თებერვალს, აფხაზეთის “ჩეკას" კოლეგიის გადაწყვეტილებით, ალეკ და ხაჩიკ ბენკელიანები დახვრეტეს.
ამ შემთხვევის შემდეგ ყაჩაღებს შორის თავი იჩინა განხეთქილებამ და უნდობლობამ. საარქივო მასალების თანახმად, ისინი გაიფანტნენ. გევორქ ჩეკარიანმა თავი შეფარა გუდაუთის მაზრის სოფელ კალავტმუქს. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ აფხაზეთის “ჩეკამ" ყაჩაღის მოსაძებნად თორმეტკაციანი რაზმი გაგზავნა, მაგრამ რაზმმა მის კვალს ვერ მიაგნო. ჩეკარიანმა ერთი ფეხით გაასწრო რაზმს, გუდაუთის გავლით სოხუმში ჩავიდა, სადაც ნებაყოფლობით ჩაბარდა ადგილობრივ ხელისუფლებას. ბანდის მეთაურის ლეგალიზაციის შემდეგ ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა.
1924 წლამდე გევორქ ჩეკარიანი მშვიდად ცხოვრობდა და შემჩნეული არ ყოფილა რაიმე დანაშაულში, მაგრამ მოგვიანებით ისევ სცადა, არალეგალურ მდგომარეობაში გადასულიყო. ის სიცოცხლეს გამოასალმა მასთან საიდუმლოდ მიგზავნილმა კაცმა.
საქმის მასალების მიხედვით, გევორქ ჩეკარიანის დაჯგუფებამ 1922 წელს ჩაიდინა 11 ძარცვა, 2 საქონლის გატაცება, 4 შეტაკება.