RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

სააპელაციო სასამართლოს ყველა საქმე ინტერნეტში

საქმეთა მართვის პროგრამა - სწრაფი, იაფი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების განხორციელებისთვის

24 საათი 26.02.10

საქმეთა მართვის პროგრამა - სწრაფი, იაფი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების განხორციელებისთვის

მოქალაქეებმა, რომელთა საქმეებსაც თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს, ჯერ კიდევ არ იციან, რომ მათ სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ კომპიუტერისა და ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია მათ საქმეზე განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედების შესახებ, ასევე შეუძლიათ გაეცნონ საპროცესო დოკუმენტებს, დადგენილებებს და გადაწყვეტილებებს. რაც მთავარია, მათ სხდომის ოქმების შინაარსის გაცნობის საშუალებაც აქვთ. ამ ყველაფრის განხორციელება კი სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე დღის წინ ამოქმედებული საქმეთა მართვის პროგრამის (CMP) მეშვეობით არის შესაძლებელი. საქმე ისაა, რომ საქმეთა მართვის პროგრამაში დეტალურად აღირიცხება ინფორმაცია სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის ყველა საქმეზე.

როგორც სააპელაციო სასამართლოში განგვიმარტეს, საქმეთა მართვის პროგრამაში მხარე უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე(www.tbappeal.court.ge), მთავარ მენიუში არჩიოს “შემოსული საქმეები", შემდეგ კი აირჩიოს იმ პალატის ან კოლეგიის დასახელება, სადაც მისი საქმე განიხილება. ამ მოქმედებების განხორციელების შემდეგ, პროგრამა მხარეს მოსთხოვს საიდენტიფიკაციო ნომერს და კოდს.

“საქმეთა მართვის პროგრამა ყოველ საქმეს ავტომატურად ანიჭებს განუმეორებელ საიდენტიფიკაციო ნომერსა და კოდს, რომლით სარგებლობის უფლებაც მხოლოდ დავის მონაწილე მხარეებსა და მათ ადვოკატებს გააჩნიათ. ამრიგად, მათი პერსონალური მონაცემები სრულად დაცულია არამართლზომიერი გავრცელებისგან,” - განმარტავს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე.

მისივე თქმით, საქმეთა მართვის პროგრამაში ცალ-ცალკე აისახება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს მონაცემები, ასევე საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის შედეგი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და აღსრულების შესახებ ინფორმაცია.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პროგრამის მეშვებით, მოქალაქე შეიტყობს მომხსენებელი მოსამართლისა და მისი აპარატის მონაცემებს, დავის საგანს, სასარჩელო და სააპელაციო მოთხოვნათა არსს, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების, მასზე ხარვეზის დადგენის ან განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაციას, ცნობას შესაგებლის შესახებ.

გარდა ამისა, პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი მთავარი სხდომის (საქმის ზეპირი მოსმენის) მთელი მიმდინარეობა. კერძოდ, საქმის განხილვის განრიგი, ინფორმაცია მხარეთა დაბარების, საქმის წარმოების შეჩერება-განახლებისა და განხილვის შედეგების შესახებ.

პროგრამა დეტალურად აღწერს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გასავლელ გზას, დაწყებული დასაბუთებული დადგენლების (გადაწყვეტილების) მომზადებით და დასრულებული უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის კონტროლით.

ხშირ შემთხვევაში, მხარეებისთვის არა მარტო ეს პროცედურებია საინტერესო, არამედ ისიც, თუ რა შინაარსის საპროცესო დოკუმენტი დაედო საფუძვლად ამა თუ იმ მოქმედებას.

საქმეთა მართვის პროგრამის მეშვეობით, მხარეს შეუძლია ნახოს, როგორც საპროცესო მოქმედება, ასევე იხილოს შესაბამისი საპროცესო დოკუმენტი. თანდართული დოკუმენტი მხარეს შეუძლია ან თავის პერსონალურ კომპიუტერში გადაიწეროს ან დაათვალიერებას ონლაინრეჟიმში. პროგრამაში საქმეს თან ერთვის სარჩელი, შესაგებელი და საჩივარი, სამივე ინსტანციის სასამართლოების დადგენილებები (გადაწყვეტილებები), სხომათა ოქმები და სხვა.

გარდა ამისა, სასამართლო ფორმაში (სარჩელში, საჩივარში ან შესაგებელში) ელექტრონული ფოსტისა და მობილურის ნომრის მითითების შემთხვევაში, მოსამართლის თანაშემწე საქმეზე განხორციელებული ძირითადი საპროცესო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას მხარეს მიაწვდის ელექტრონულ ფოსტასა და მობილურ ტელეფონზე. საქმეთა მართვის პროგრამით, გათვალისწინებულია და მოსამართლის თანაშემწისთვის სავალდებულოა 14 ტიპის ელექტრონული წერილისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა თითოეულ საქმესთან დაკავშირებით.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოსამართლის თანაშემწე მხარეს ატყობინებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის, მისი განუხილველად დატოვებისა და წარმოებაში მიღების შესახებ ინფორმაციას. ასევე, ცნობებს მთავარი სხდომის დანიშვნის, საქმის წარმოების შეწყვეტის, განახლების და სხვათა შესახებ. მნიშვნელოვანი საპროცესო მოქმედებების შესახებ ელექტრონულ წერილს თან ერთვის შესაბამისი საპროცესო დოკუმენტი. თითოეული ელექტრონული წერილი იწყება სიტყვებით: “თბილისის სააპელაციო სასამართლო გატყობინებთ...".

“ელექტრონული წერილი შეიცავს ბმულს, რომელიც ავტომატურად გადაიყვანს მხარეს მის ინდივიდუალურ საქმეში, საინდენტიფიკაციო ნომრისა და კოდის მითითების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული წერილისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების წყალობით, მხარე გაცილებით ადრე იღებს ინფორმაციას მის საქმეზე განხორციელებული საპროცესო მოქმედების შესახებ, ვიდრე აღნიშნული ცვილებების თაობაზე ეცნობება ფოსტით გაგზავნილი სასამართლო შეტყობინების მეშვეობით,” - განმარტავს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე.

მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ელექტრონული წერილის გაგზავნა, რომელიც უწყების შინაარსს შეიცავს, არ ჩაითვლება უწყების ჩაბარებად. შესაბამისად, მხარეებს ეს პროგრამა მხოლოდ სარგებლობის უფლებებს ანიჭებს და მათ არ აკისრებს არანაირი სხვა ვალდებულებას.

“საქმეთა მართვის პროგრამა თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მართლმსაჯულების განხორციელებას უფრო იაფს, სწრაფსა და გამჭვირვალეს გახდის. საქმის თაობაზე მხარეთა დეტალური ინფორმირება საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ უფრო კარგად გაცნობიერებული გადაწყვეტილებები და შესაბამისად, უკეთ დაიცვას საკუთარი ინტერესები.

საქმეთა მართვის პროგრამის ანალოგიური პროგრამები წარმატებით მოქმედებს ევროპის მრავალ ქვეყანასა და აშშ-ში. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ ვისკონსინის შტატის კონსოლიდირებული სასამართლო ავტომატიზაციის პროგრამა (CCAP). აღსანიშნავია ასევე, რომ საქმეთა მართვის პროგრამა (CMP) სრულად ეხმიანება ევროპის წამყვანი ქვეყნების სწრაფვას ხელისუფლების ელექტრონული ფორმით განახორციელებისაკენ (E-governance - ელექტრონული ხელისუფლება). საქმეთა ელექტრონული ფორმით მართვის მეთოდი უახლოეს პერიოდში თბილისის საქალაქო და სხვა სასამართლოებშიც დაინერგება,” - განაცხადა “24 საათთან საუბრისას სააპელაციო სასამართლოს თამჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი