- საზოგადოება დამოუკიდებლობის პირველ წლებიდან რომ გაიყო, დღემდე ასეა.
24 საათი 13.03.10
- საზოგადოება დამოუკიდებლობის პირველ წლებიდან რომ გაიყო, დღემდე ასეა.
უკვე ოცი წელი გავიდა და ეს პოლარიზება არ სუსტდება, პირიქით - ზოგჯერ პოლიტიკოსების დაპირისპირებასაც აჭარბებს. სამწუხაროდ, ვერ ვისწავლეთ პოზიციების ისე გამოხატვა, რომ ერთმანეთს არ წავეკიდოთ, რატომ ხდება ასე?
- სულ არ არის შემაწუხებელი ის, რაც თქვენ გაწუხებთ - რომ მუდმივად ერთ წრეზე დავდივართ, რომ აგრესიულები გავხდით...
- ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება ექსტრემალურ პირობებში დავიწყეთ და ვერ მოვიცალეთ, მშვიდად გვემსჯელა, რა გვინდა და სად მივდივართ?
- 83 წლის ვარ. თქვენ არ მოსწრებიხართ, მე კი სრული ციკლი გავიარე… საბჭოთა კავშირის სისტემამ 70 წლიანი მოღვაწეობის შედეგად ჩამოაყალიბა ახალი ადამიანი - “ჰომო-სოვეტიკუსი” და ამ პროცესს აბსოლუტურად ვერავინ გადაურჩა. ჩვენი - მხატვრების, მთავრობის, ექიმების, ჟურნალისტების ვალია, განვთავისუფლდეთ კომუნისტური, ბოლშევიკური მენტალიტეტისგან, მეთანხმებით?
- რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენი აზრით, რატომ ვერ ვახერხებთ ამას - ბოლშევიკები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდნენ, უკვე რამდენიმე თაობა წამოვიდა.
- ეს ფესვები ღრმაა და არაფერი კეთდება ამისგან განსათავისუფლებლად. არსებობს ბოლშევიკების მამხილებელი ქართველი ავტორის რაიმე ქართული წიგნი?! ჩვენ რუსულ ენაზე ვკითხულობდით დისიდენტურ ლიტერატურას. ქართველი ავტორის ერთი ღირებული წიგნიც არ გამოსულა. არ გაფიქრებთ, რატომ? სსრკ-დან თითქოს განვთავისუფლდით და თითქოს, რაღაც გვინდოდა… ჩვენი თავისუფლებისკენ ლტოლვის ამსახველი არც ერთი ლიტერატურული ნაწარმოები არ შექმნილა, არც ფილმი, არც სპექტაკლი...
- ქართულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში ეს ყოველთვის იყო შეფარულად.
- რატომ არ იფარებოდა სოლჟენიცინი, ან დიდი რუსული ლიტერატურა… რუსეთს უამრავი დიდი დისიდენტი ჰყავდა, ჩვენ? ქართულად ნათარგმნია სოლჟენიცინი? მანდელშტამის ქვრივი, ნადეჟდა მანდელშტამი, რომელმაც რუსული ინტელიგენციის პირდაპირი რეპარაცია მოახდინა - დაგვანახა, რა გვიყო კომუნისტურმა წყობამ… საქართველოში არაფერი მსგავსი არ გაკეთებულა.
ალბათ, მრავალი ინტერვიუ გაქვთ გაკეთებული და რატომ არ დაგბადებიათ ეს კითხვა? მათ, ვისაც ერისთვის აღმზრდელობითი ფუნქცია აქვს, რატომ არ გასჩენიათ ეს კითხვა?! რატომ არ ვებრძვით ამ მენტალიტეტს?
კაცობრიობის ისტორიაში საზოგადოება ყოველთვის, დაახლოებით, ასე იყო გაყოფილი - ღირსეული და უღირსი; მეომრები - არამეომრები; ფეოდალები - ყმები. ეს იყო დაკანონებული და ჩვენც მსოფლიო სისტემების მსგავსად ვვითარდებოდით. საქართველოში იყო მტრობა ამ კლასებს (როგორც მარქსმა უწოდა) შორის?!
ამხანაგმა მარქსმა, რომელიც 18 წლისა შევიდა სატანისტურ ეკლესიაში, დაწერა პოემა (არც ესაა თარგმნილი), სადაც უფალს მიმართა - მე დავიკავებ შენ ადგილს და ისეთ დღეში ჩავაგდებ ხალხს, ჩემზე ლოცულობდნენ - შენ ჩამოგაგდებ და შენს ადგილს დავიკავებო... აი, ეს გააკეთა 18 წლის ასაკში.
როცა დიდი ეკონომისტი გახდა, საზოგადოება თავის მოძღვრებაში გაყო არა ღირსებისა და უღირსობის მიხედვით, არამედ - მდიდარ-ღარიბად და ეს ანტაგონისტური კლასები ერთმანეთს დაუპირისპირა. მან თქვა, მანამდე დამონებულმა, ექსპლუატირებულმა პროლეტარიატმა (რომელიც საქართველოში არც არსებობდა) უნდა დაიკავოს მმართველი ბერკეტები სახელმწიფო სტრუქტურაშიო… “პროლეტარიატის დიქტატურა”
- სამაგიეროდ, “ექსპლუატირებული პროლეტარიატი” არსებობდა რუსეთში, რომლის ველიდან არათუ მაშინ, ახლაც გვიჭირს გამოსვლა და მარქსის მოძღვრებაც იქ განხორციელდა საბჭოთა სახელმწიფოს სახით.
- დიახ, რუსეთში პროლეტარიატი არსებობდა, მაგრამ რატომ არ განხორციელდა მარქსის იდეები იქ, სადაც უფრო ძლიერი მუშათა კლასი იყო ჩამოყალიბებული, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის იმპერიაში, ან ამერიკასა და ევროპაში? მარქსმა სოციალური ნიშნით დაყო ადამიანები, - ქართულ ფოლკლორსა და ლიტერატურაში ვერსად ნახავთ ამას... კაკო ყაჩაღი და ლუარსაბ თათქარიძე მაინც რუსული გავლენაა. მანამდე ეს თემა - გლეხისა და ბატონის დაპირისპირება ერისთვის არ არსებობდა, ძალით მოიტანეს ჩვენი მენტალობისთვის უცხო მოძღვრება და შუაზე გაგვხლიჩეს.
თქვენი აზრით, როდის გამოჩნდნენ პირველად საქართველოში ბოლშევიკები? როდის მოგვახვიეს მათ თავისი ნება პირველად?!
- ტერორისტული ბრიგადებით გამოჩნდნენ, არა?
- მათ თავი 1921 წლის ოკუპაციამდე გამოამჟღავნეს - მაშინ, როდესაც ილია მოკლეს და გვაჩვენეს “აი, ვინ მოვდივართ”…
მარქსის თეორიის თანახმად, ილია ექსპლუატატორი იყო. მისი მოკვლა ბოლშევიკური პარტიის ლიდერებმა ბახვის თათბირზე გადაწყვიტეს. ცხოველის დონეზე მყოფ ბერბიჭაშვილს უთხრეს, რომ ცუდი ბატონი იყო მოსაკლავი. მას საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა, ვინ იყო ილია. სამაგიეროდ, დამკვეთებმა იცოდნენ ეს კარგად.
ჩვენ საბჭოთა ელემენტებად გვზრდიდნენ, რომ მერე ჩვენ სხვები გაგვესულელებინა, იმათ კიდევ სხვები და ა.შ.
ორმა დიდმა მეცნიერმა, შარაძემ და კაკო ბაქრაძემ შრომები მიუძღვნეს ილიას მკვლელობას და იცით, რა დაწერეს? რომ მოკლა ბერბიჭაშვილმა. და ასე იცის ნებისმიერმა მოქალაქემ. ეს რომ სწორედ ბოლშევიკების ორგანიზებული და კარგად გათვლილი იყო, ამას არავინ ამბობდა.
ბოლშევიკებმა შექმნეს “წითელი ბრიგადები” - ტერორისტული ბრიგადები. ბერბიჭაშვილი იყო დუშეთის თუ მცხეთის წითელი ბრიგადის მკვლელი. დიდი იტალიელი მოღვაწე, დემოკრატი ალდო მორო 60-იან წლებში მოკლეს წითელმა ბრიგადებმა. ევროპაში და ბევრ ქვეყანაში ეს “წითელი ბრიგადები” კიდევ არსებობენ და საქართველოშიც უცდიან თავის დროს… ამ ბრიგადებს ბოლშევიკური მიზნების ტერორის გზით განხორციელება ევალებოდა. ბოლშევიზმის ბრძოლის ყველაზე ჩამოყალიბებული მეთოდი არის მკვლელობა. ერთმა კომუნისტმა, ბოლშევიკურმა ლიდერმა, სტალინმა 40 000 ადამიანის - ინტელიგენციის, სასულიერო პირების, სამხედრო ელიტის მკვლეობას მოაწერა ხელი. სტალინისთვის რომ ეამებინა, ხრუშჩოვმა 41 000 კაცის დახვრეტის ბრძანება გასცა. რაიკომებმა დასახვრეტი ხალხის რაოდენობის კვოტები მოითხოვეს - 5 000 კაცს რომ მახვრეტინებთ, აქ მეტია დასახვრეტიო! იცით, რატომ ხვრეტდნენ? ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ და სად არის ახლა ის ახალი ადამიანი?
- რა ვიცი, დავდივართ…
- დიახ, ჩვენს შორის არიან.
ბევრი მიზეზის გამო სრულიად ანტისაბჭოთა გარემოში გავიზარდე. ოთხივე და-ძმა ვსწავლობდით და ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, არასდროს არავითარ პოლიტიკურ ორგანიზაციაში თუ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობდით. ოჯახში რეპრესიების ორი მსხვერპლი იყო უკვე - მამა დაჭერილი და ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ამ დიქტატურას ვერაფერი დაძლევდა. მე უნიკალურად გადავურჩი კომუნისტურ ზეგავლენას - îხîëâჭíèâჭíèå- ს. სოლჟენიცინს აქვს ერთი თავი “გულაგში” - îხîëâჭíèâჭíèå - საბჭოთა სისტემის ერთ-ერთი მძიმე დანაშაული კაცობრიობის ისტორიაში - გამორეცხვა, ზნეობის დაცემა და სხვა. მე ამ ყველაფრისგან თავისუფალი ვიყავი და როცა სოლჟენიცინი წავიკითხე, მივხვდი, რომ ვცდებოდი და სინამდვილეში მაგარი საბჭოთა ადამიანი ვიყავი, აღმოვაჩინე, რომ საბჭოთა ელემენტი ვარ - ვიყვირებ, რომ ანჟელა დევისს გაუმარჯოს, ხელს ავწევ, რომ ჯავახიშვილი უნდა მოკლან... და ვინმემ გააპროტესტა ეს? ნამყოფი ხართ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში?
- არა.
- თქვენც საბჭოთა პროდუქტი ხართ. რომ მისულიყავით, ნახავდით იმ ვაგონს, რომელშიც კომუნისტებმა დახვრიტეს იმერელი განათლებული ოჯახების შვილები - თავადაზნაურობა, ერის საუკეთესო, განათლებული ნაწილი, ერის მიღწევა - აი, ამათი შვილები შეყარეს ამ ვაგონში და დახვრიტეს. ერთი-ორი გადარჩენილი თვითმხილველი ამბობდა, რომ ვაგონი სისხლით გაივსო და გარეთ ასხამდაო... ბოლო 20 წლის განმავლობაში გინახავთ, ამას ვინმე აპროტესტებდეს? რუსთაველზე ოკუპაციის მუზეუმში არც ერთი ოპოზიციონერი არ ყოფილა და როგორ ფიქრობთ, რატომ?
- ალბათ იმიტომ, რომ ეს მუზეუმი ხელისუფლებამ გააკეთა.
- არა, იმათ იქ არ მიესვლებათ, დამახინჯებულები არიან. გეფიცებით, ამ ხნის ვარ და ყველას გადარჩენა მინდა. სულ ვფიქრობ, რა იოლია მათი გადარჩენა.
- იცით რეცეპტი?
- განათლება, ანტიკომუნისტური, სათანადო ლიტერატურა - სკოლაში, თარგმანები, განმათავისუფლებელი მოძრაობით განსმჭვალული ხალხის ხმა უნდა ისმოდეს პრესიდან და ტელევიზიებიდან.
ყველა ამბობს, რომ რუსეთმა ჩვენი ოკუპაცია მოახდინა - ხელისუფლებაც ამას ამბობს. მინდა გითხრათ, რომ ლოიალური ვარ ამ ხელისუფლებისადმი.
- რატომ?
- იმის გამო, რასაც აქამდე გეუბნებოდით. რატომ გებადებათ ეგ პუტჩისტური კითხვა - “რატომ”? ეს ხელისუფლება მიდის თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ. დემოკრატია ძალადობით არ მყარდება.
ჩვენი ლიდერები, რომელთაც მე ვენდობი, დემოკრატიული განათლების არიან, სამწუხაროდ, ზვიად გამსახურდიას - დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის წამებულ ლიდერს, ასეთ გუნდი არ აღმოაჩნდა. მიუხედავად ამისა, ეს ლიდერებიც არ ამბობენ, რომ ოკუპაცია მოახდინეს ბოლშევიკებმა და არა რუსებმა... როცა ვამბობ, ესენი რუსები არ არიან-მეთქი, მეუბნებიან, რომ ამ თეორიას სწორედ რუსები იყენებენ კარგად.
პუტინმა და მისმა ჯგუფმა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო გლოვა გამოაცხადა, მანამდე კი უპატაკა თავის ყოფილ უფროსს, რომ ქვეყნის “კაგებიზაცია” დასრულებულია. ეს ნიშანვდა, რომ კაგებეს ყველა პოსტი სამსახურებში აღდგა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბოლშევიკური რუსეთი საფრანგეთისთვის, ინგლისისთვისაც და ამერიკისთვისაც მოკავშირე იყო. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის კი - ოკუპანტი. 2008 წელს ეს ამბები რომ მოხდა, რუსეთისთვის დასავლეთ ევროპა ისევ მოკავშირე აღმოჩნდა. აღმოსავლეთ ევროპისთვის საბჭოთა რუსეთი დაუნდობელი დამპყრობელი იყო - მათ დაინახეს, რომ სსრკ აღდგა და ცოცხალი კომუნიზმის საფრთხე ახალი დემოკრატიის ნიღბით თავისუფალ ხალხებს ემუქრება.
მარქსის “მანიფესტი” - პოეტური ნაწარმოებია - “ევროპაში დაძრწის აჩრდილი კომუნიზმისა”. სწორედ ის დაინახეს აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებმა, რომ ეს მახრჩობელა იღვიძებს და გამოვიდა. ამიტომაც პირველები დადგნენ ჩვენს გვერდით. აღმოსავლეთ ევროპას ორთავიანი რუსეთის იმპერია კი არ ახსოვს, არამედ ახსოვს ბოლშევიკები. მთელი მაგათი დეპორტაცია, დახვრეტები - ეს ყველაფერი გაახსენდათ. ერთმა ლიდერმა ისიც კი თქვა - სად ელით დაბომბვას, იქ მინდა დავდგეო! სარკოზიმ კი, იმ წუთს მართლა გააჩერა რუსეთი... და წავიდა - ევროპისთვის ეს თავზარდამცემი საფრთხე არ იყო. ისინი ფიქრობდნენ, ეს დასუსტებული, არადემოკრატიული, ეკონომიკადაჩაჩანაკებული რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს, არადა დიდი რესურსები აქვს და ერთი პატარა საქართველოს გულისთვის არ გვიღირსო. ახლა ნელ-ნელა იღვიძებენ - ჩვენი დამცველი ნატო ფხიზლად არის, გაეროში-ც ახლახან მოხსენება გააკეთეს ისეთი, რომ რუსეთი ძალიან გაღიზიანდა.
- არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ რუსეთის გადემოკრატიულება თავად რუსეთში უნდა მომწიფდეს, სხვას გარედან ამის გაკეთება არ შეუძლია. რა როლის შესრულება შეუძლიათ რუსეთში არსებულ დემოკრატიულ ძალებს ამ პროცესში, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მცირედ მოძლიერდა?
- ეს ძალზე მტკივნეული, მაგრამ ხანგრძლივი პროცესი იქნება, რადგან რუსეთში დემოკრატიული ძალები ძალიან სუსტია.
უჭკვიანესი, პატრიოტი მოაზროვნე ბერდიაევი, როგორიც ჩემი აზრით, რუსეთს სხვა არ ჰყავდა, პირდაპირ ამბობდა - რუსეთი დამთავრდა! აღარ არის რუსეთი, ახლა არის საბჭოთა კავშირი, აქ გამოყვანილი ახალი რასა.
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მეგობრები მყავდა და ხშირად დავდიოდი მათთან. ჩემმა მეგობრებმა აკადემიკოსები გამაცნეს, მათ წრეს ვხვდებოდი... ჯერ მეგონა, საბჭოთა კავშირიდან რომ ვიყავი, ეშინოდათ ჩემი. რამდენიმე წელი მიმტკიცებდნენ - დაივიწყეთ! ჩვენ არ ვართ გერმანელები, ჩვენ ვართ “გედეერელებიო”. უკვირდათ, რატომ გვიჭირდა ამის გაგება, განა რუსი დღეს რუსია? კომუნისტი ხომ სხვა რასაა... ვეკითხებოდი, არ გენანებათ დიდი გერმანელი გენიოსები - მუსიკოსები, ფილოსოფოსები, ჰუმანიზმის მამა - გოეთე, ამას თმობთ-მეთქი? აბსოლუტურად არაფრის გრძნობა არ გვაქვს, სხვა რასა ვართო, - მეუბნებოდნენ...
- გამოდის, ამ ქვეყანას მაშინ ეშველება, როცა საბჭოთა კავშირში ნაცხოვრები უკანასკნელი ადამიანიც წავა?
- არავითარ შემთხვევაში, ყველას შველა შეიძლება... საუბრით, განათლებით, ყველა სფეროში, ყველა ადგილიდან... ეს ყველაფერი ძალიან აკლია ამ ქვეყანას.
4-5 წლის წინ მოსკოვში ვიყავი - ლენინის ძეგლი უდგათ. ეს კაცი კრიმინალური მკვლელი იყო, კლინიკური პათოლოგი. ტვინის ნახევარი ლებანი ჰქონდა და მეორე - ჯირკვალი - ეს ოფიციალური სამედიცინო ცნობაა, რომელიც მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. იყო ასეთი დიდი პოეტი, რუსეთის დიდი პატრიოტი სალაუხინი. მან გამოიკვლია ლენინის ტომეულები, ბრძანებები, რომელიც ოფიციალურად იყო გამოცემული და იცით, როგორი მკვლელია? შეძრწუნდებით, სისხლის ლოთია, ისეთი ბრძანებები აქვს გაცემული. აი, ამ სისტემიდან მოვდივართ და კიდევ გიკვირთ, რატომ ვართ ასე დაყოფილები, დამახინჯებულები.
- ეს თავისუფალი საზოგადოებაა და რუსეთის ხელისუფლებასთან, ანტიქართულად განწყობილ წრეებთან ქართველ პოლიტიკოსთა სიარულიც ამ პოლიტიკოსთა ნებაა. რამდენად იქონიებს გავლენას ეს აქციები ქართველ ამომრჩეველზე?
- მიხეილ სააკაშვილი ბრძნულად მოიქცა, როცა ოპოზიციას ქუჩაში გამოსვლები ბოლომდე აცალა. კარგად დავინახეთ, რომ ყველანი სავარძელზე და ჭამაზე ლაპარაკობენ და სუფთად ბოლშევიკური მოთხოვნები აქვთ, სხვა არაფერი... პირდაპირ უნდა დაარქვა - ოპოზიცია არის ბოლშევიზმით მოწამლული ახალგაზრდობა, ანდა რაღა ახალგაზრდობაა, გაჭაღარავდნენ და შვილები ჰყავთ უკვე. .
ხანდახან გავბრაზდები და დაიჭირონ-მეთქი, ვამბობ, მაგრამ მეუბნებიან, ისევ საბჭოთა ხარო და ვეთანხმები... ცხადია, ეს არაფრით არ შეიძლება... მაგრამ მეც მაინტერესებს, ამერიკაში როგორ მოექცეოდნენ ნოღაიდელისნაირებს - იქ იმდენად ძლიერია დემოკრატია, რომ ამას სერიოზულად არაც არავინ შეხედავდა.
- ამ ჯგუფის გაძლიერების საშიშროებას არ ხედავთ?
- არა, არა! ძალიან გაძლიერდა ჩვენი საზოგადოება, გამოჩნდა, რომ ყოველ საათობრივად კარგავენ პოპულარობას. დემოკრატიულმა წყობამ აჩვენა, რომ ერი ინელებს ამას და ნელ-ნელა მთლიანდება. ჩვენ ეგ გავიარეთ..
პარლამენტში რომ ოპოზიციაა, ის თავიდან “მარიაჟობდა” და ახლა ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ ლანძღვა-გინებას საქმის კეთება ჯობია - ნაკლებსაც გაგინებენ, შენ შვილსაც არ დაუსტვენენ...
უთანაგრძნობს ვინმე გერმანიაში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც ეიხმანის შვილი, ან ბორმანის ძმისშვილი რომ იყოს? სისულელეა.
შეხედეთ რუსეთს - ლენინის ძეგლი, ვარსკვლავები კრემლის თავზე, ჩაქუჩ-ნამგალი ემბლემაზე, სსრკ-ს ჰიმნი. მართალია ბერდიაევი - ეს რუსეთი აღარ არის, ეს საბჭოთა რუსეთია...
ჟლეტდნენ ერის საგანძურს, საუკეთესო ნაწილს და ახლა იმათი მემკვიდრეები იძახიან, ჩვენ რუსები ვართო...
ვთქვათ, გერმანიაში გამოჩნდა რაიხსტაგის დროშა სვასტიკით, ნაცისტური იდეოლოგიის ლიდერთა მონუმენტები; ან, ვთქვათ, გერმანიის ლიდერმა მერკელმა თქვა, მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფა ნაცისტური გერმანიის დამარცხებააო; ან დიდი საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ გამოცხადდეს, რომ დასრულდა გერმანიის ხელისუფლების გესტაპო-ზაცია - ამას დასავლური დემოკრატია არ ჩათვლიდა თავზარდამცემ კატასტროფად? მთელი მსოფლიო, რამდენიმე ტოტალიტარული სახელმწიფოს გარდა, დგას დემოკრატიის გზაზე და უცბად, ყველაზე დიდი ევროსახელმწიფო რომ აცხადებდეს, რომ უბრუნდება თავის ტოტალიტარულ იდეოლოგიას და ითხოვს პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნების დაქვემდებარებას, გავლენის სფეროში მოქცევას... წარმოიდგინეთ, ამ დროს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სათავეებში რომ გამოჩნდნენ ლიდერები, რომლებიც თავის დროზე მუშაობდნენ ნაცისტური პარტიის პარტკომებად, პროკურატურის პროკურორებად, გესტაპოს ოფიცრებად. რომ აღმოჩნდეს, რომ არსებობს ხალხი, ზუსტად ისეთივე მიზნებით, ამავე ნაცისტურ პარტიაში ნამსახური გენეტიკური ნაცისტები, რევანშისტული იდეებით შეპყრობილი მოძრაობის ლიდერები თავისი ორგანიზაციებით და ანტისახლემწიფოებრივი ქმედებებისთვის ინსტრუქციებისა და სახსრებისთვის ივლიდნენ მესამე რაიხის ახალაღორძინებულ ლიდერებთან... - ახლა ზუსტად ეს ხდება საქართველოში. ეს ყველაფერი გერმანიის მაგიერ გადმოიტანეთ ბოლშევიკურ რუსეთზე და მათ აგენტებზე საქართველოში... ამას აქამდე იმიტომ ვერ იგებენ, რომ საჭიროა განათლება - აღმზრდელობითი მუშაობა, რაც აქამდე არ კეთდებოდა.
რობაქიძის “ჩაკლულმა სულმა” იცით, როგორ ამიხილა თვალი? ეს ნაწარმოები მან გერმანულად დაწერა და მერე თარგმნეს ქართულად. ნობელის პრემიაზე წარადგინეს, მაგრამ ბუნინმა აიღო, დიდმა მწერალმა... მწერალთა კავშირში თავისი კოლეგის დახვრეტაზე სწევდენ ხელს... რობაქიძე გვასწავლის, რომ ახალი საბჭოთა ადამიანის ფორმირებაში ეს მასობრივი მკვლელობები კი არ იყო მთავარი, რადგან საფრანგეთის რევოლუციის დროსაც ჰქონდა ადგილი მასობრივ მკვლელობებს - მთავარი იყო რისთვის, რა პროდუქტისთვის ხდებოდა ეს - სწორედ ესაა კომუნიზმის ნამდვილი საფრთხე... - კომუნისტები სულის ჩაკვლისთვის ხოცავდნენ - გათელილი, ნებაწართმეული საზოგადოება ყველაფერზე თანახმაა, ყველა უზნეობაზე. არ არსებობს დაცემა, რომელიც ბოლშევიკურ იდეას არ დაუთესია...