- ბატონო გურამ, დღეს ჩვენი გაზეთი ბეჭდავს რამდენიმე თავს თქვენი ესსეების წიგნიდან “სახეები და სიტუაციები".
24 საათი 05.12.09
- ბატონო გურამ, დღეს ჩვენი გაზეთი ბეჭდავს რამდენიმე თავს თქვენი ესსეების წიგნიდან “სახეები და სიტუაციები".
მოდით, საუბარი დავიწყოთ ამ წიგნით - რამ განაპირობა ასეთი ხასიათის წიგნის შექმნა, როგორ იწერებოდა იგი?
- ეს წიგნი ოც წელზე მეტია იწერება. ადრე "დრამატურგის ჩანაწე-რები" ერქვა. მსურდა, მეწერა დრამატურგის ყოფაზე: იმაზე, რაც დრამა-ტურგის ირგვლივ და დრამატურგის თავს ხდება. პირველი ჩანაწერიც ამას ადასტურებს - იგი ლაშა თაბუკაშვილზეა, მისი ერთ-ერთი პიესის პრემი-ერის შემდეგ დანახულ დრამატურგზე. მოგეხსენებათ, თეატრი ერთობ მრავა-ლპლანოვანი შემოქმედებითი კერაა, სადაც თავს იყრის ხელოვნების თითქმის ყველა დარგი: დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, კომპოზიტორი - ყველა ერთად ქმნის ერთ ნაწარმოებს - სპექტაკლს, სპექტაკლი სრული-ად სხვა სამყაროს თხზავს. შესაძლოა, ეს შეთხზული სამყარო იყოს წამიერი, ერთჯერადი, რადგან არაფერია ისე წარმავალი, როგორც სპექტაკლის სიცოცხლე, მაგრამ თუ სპექტაკლის შექმნის ორგანიზატორი - რეჟისორი ტალანტით გასხივოსნებული შემოქმედია, ამ შეთხზულ სამყაროში გატარებული დრო, ის 100-150 წუთი მთელი ცხოვრება გაგყვება თან. ამიტომ არის ჩვენთვის ასე ძვირფასი ჭეშმარიტ რეჟისორთა სახელები.
ასე რომ, ამ სამყაროში დრამატურგი ბევრ რამეს საინტერესოს აღმო-აჩენს თავისთვის.
- მაგრამ დღეს წიგნს "სახეები და სიტუაციები" ჰქვია. ამ ხუთი წლის წინათ, ამ სათაურით გამოვიდა პირველი წიგნი.
- დიახ, წლებმა წიგნის - ჩანაწერების - არე გააფართოვა და მოვინ-დომე მეწერა პატარ-პატარა დაკვირვებები, ეტიუდები, უმეტესწილად, ესეები არა მხოლოდ თეატრში ცხოვრებაზე, საერთოდ. დამეთანხმებით უჩა, მწერ-ლის ცხოვრებაში არცთუ იშვიათია მოვლენა, ფაქტი, რომელიც მის იმჟამინ-დელ განწყობილებაზე, ყოფაზე ზეგავლენას ახდენს. ზოგჯერ ეს ფაქტი გან-ზოგადდება კიდეც, მაგრამ რომც არ განზოგადდეს, ინდივიდზე გარკვეული ზემოქმედების ძალას ინარჩუნებს და ის, რაც ახდენს ზემოქმედებას ამათუიმ ინდივიდზე, შეუძლებელია უინტერესო იყო სხვებისთვის. მე მგონია, რომ მწერალმა ეს გარემოება უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს - სხვათათვისაც გახადოს საინტერესო.
- როგორც გავიგეთ, ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება", რომელსაც თქვენ რედაქტორობთ, მალე 100 წლისა გახდება და საუკუნოვანი იუბილეს გადახდასაც აპირებთ.
- ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება" ქართული კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ ჟურნალის შექმნის, არსებობის ბიოგრაფია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, ეროვნული კულტურისათვის როგორ იღწვოდნენ დიდი ქართველები. 100 წლის წინათ - 1910 წლის 2 იანვარს (ძველი სტილით. ამ დროს აღინიშნებოდა ქართული თეატრის დღე). დიდმა ქართველმა მოღვაწემ - იოსებ იმედაშვილმა გამოსცა "თეატრი და ცხოვრების" პირველი ნომერი. ეს იყო ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც აშუქებდა ქართული თეატრის ცხოვრებას. 1914 წელს იოსებ იმედაშვილი დააპატიმრეს და ჟურნალის გამოცემაც შეწყდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალმა სიცოცხლე განაგრძო, მაგრამ ვინაიდან იოსებ იმედაშვილი მეფის რუსეთისათვის სანდო პირი აღარ იყო, "თეატრი და ცხოვრების" გამომცემლად მისი მეუღლე გვევლინება. თუ გასული საუკუნის ათიანი წლების ნომრებს გადავფურცლავთ, დაინახავთ, რომ ეს იყო ძალიან საინტერესო ჟურნალი. ფაქტიურად მის ფურცლებზე დაიწყეს შემოქმედებითი ცხოვრება გალაკტიონმა, მიხეილ ჯავახიშვილმა, აქ იბეჭდებოდა აკაკი, ვაჟა-ფშაველა, იმ დროის თითქმის ყველა დიდი ქართველი მწერალი.
მეფის რუსეთი აღარ იყო, მაგრამ ჟურნალი არც საბჭოთა ხელისუფლე-ბისათვის აღმოჩნდა სასურველი და 1926 წელს იგი დაიხურა. როგორც მიიჩნევენ, სერგო ორჯონიკიძის ინიციატივით.
გამოხდა ხანი. თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გახდა დიდი შალვა დადიანი. მან აღადგინა ჟურნალის გამოცემა, მაგრამ 1950 წელს აღდგენილ ჟურნალს ვერაფრით ვერ უწოდებდა საბჭოეთის მიერ ჩაწიხლულ "თეატრსა და ცხოვრებას". "თეატრალური მოამბე" გამოდიოდა წელიწადში ოთხი ნომერი. 1968 წელს დოდო ანთაძემ გაზარდა ფორმატი. 1974 წელს დოდო ალექსიძემ ფორმატიც გაზარდა და პერიოდულობაც (წელიწადში 6 ნომერი).
მოგეხსენებათ, 80-იანი წლების ბოლოს როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. მე ვხედავდი, რომ დგებოდა ჟამი, როცა შესაძლებელი გახდებოდა ჟურნალს თავისი პირველი სახელი დაბრუნებოდა - "თეატრი და ცხოვრება" და როგორც ჟურნალის რედაქტორმა, საკითხი დაწვრილებით გავაცანი გიგა ლორთქიფანიძეს - თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეს. ბ-მა გიგამ არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა მოიწადინა და შესძლო კიდეც,იმასაც კი მიაღწია, რომ ჟურნალი ყოველთვიური გაეხადა - 1991 წელს "თეატრი და ცხოვრების" თორმეტი ნომერი გამოვიდა. ეს იყო დიდებული ხანა, მაგრამ ის, რაც ამ წლიდან საქართველოში ხდება, თქვენთვისაც კარგადაა ცნობილი, ეს კატაკლიზმები ჩვენს ჟურნალზეც აისახა - ახლა წელიწადში ექვსი ნომერი გამოდის. ძალიან მეამაყება ის, რომ ამ გასაჭირში ჟურნალი შევინარჩუნეთ. ასე რომ მომავალი - 2010 წლის ქართული თეატრის დღე, ჟურნალ "თეატრი და ცხოვრების" 100 წლისთავს მიეძღვნება და საიუბილეო საღამოზე გელოდებით შოთა რუსთაველის თეატრში.
- არსებობს მოსაზრება, რომ დრამატურგი თეატრში იბადება და ყალიბდება. რას იტყვით, დრამატურგის ცხოვრებაზე თეატრში?
- ჰოო... ეს საკმაოდ თავსატეხი ამბავია. დრამატურგი, რომელიც ამა თუ იმ რეჟისორთან, თეატრთან თანამშრომლობს კი, გასაგებია, მაგრამ არ მწამს, როცა ამბობენ, დრამატურგი თეატრში უნდა იზრდებოდესო.
- აი, შექსპირი, პირანდელო... ათასი მაგალითია.
- ათასი მაგალითი ნამდვილად არის, მაგრამ შექსპირი მაინც ერთია. იგი თეატრში იყო არა როგორც დრამატურგი, არამედ როგორც მსახიობი - "გლობუსის" მსახიობი იყო და მსახიობმა დაწერა პიესები. მაგრამ მოდით, ასე დავსვათ საკითხი: "გლობუსის" მსახიობი რომ არ ყოფილიყო, შექსპირი
ამ პიესებს ვერ დაწერდა? იქნებოდა თუ არა გენიალური დრამატურგი შექსპირი, რომ არ ყოფილიყო კარგი, ან საშუალო მსახიობი შექსპირი? დარწმუნებული ვარ, ათასგზის ვარ დარწმუნებული, იქნებოდა და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობისა სულაც არ არის ის, რომ შექსპირი თეატრის კაცი იყო, არამედ ის, რომ გენიალური პოეტი და დრამატურგი იყო.
ჩემო უჩა, აქვე ჩემს ერთ ფიქრსაც გაგიმხელ: შექსპირის პიროვნებაზე მეცნიერები დღესაც კამათობენ, ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმაზე, იყო თუ არა ერთი ასეთი კაცი, შექსპირი. თუ შექსპირის ლიტერატურულ მემკვიდრეობას კარგად ჩააკვირდები, ძნელია ირწმუნო, რომ ყველაფერი ეს ერთმა ადამიანმა შექმნა. შეუძლებელია ერთი ადამიანის სულში ამდენი სამყარო იყოს. ამიტომ მგონია, რამდენიმე ადამიანის მიერ დაწერილ პიესებს ერთი ადამიანის სახელით - შექსპირი - ვიცნობთ.
ეს ისე, ზოგადად.
თქვენს კითხვას მივუბრუნდეთ: ისე როგორც ყოველ ადამიანს აქვს თავი-სი ბედი, ბიოგრაფია, პიესასაც, თეატრსაც.
ვიკითხოთ ასეთი რამ: რამდენად არის დღევანდელი ქართული თეატრი მოწადინებული სწორედ ქართულ ლიტერატურულ მასალაზე დაყრდნობით გამოხატავდეს არსებულ რეალობას? მე მხოლოდ დადგმის ფაქტი არა მაქვს მხედველობაში, მე ვლაპარაკობ ისეთ დადგმებზე, როცა რეჟისორი განზო-გადებულად ამოხსნის პიესისეულ სამყაროს, სახეებს ისე, როგორც ეს მოხდა გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლში “კახაბრის ხმალი",რობერტ სტურუას “ყვარყვარეში", თემურ ჩხეიძის “ჯაყოს ხიზნებში".
- იწერება კი დღეს ჩვენში ასეთი პიესები, რომ რეჟისორს მისი ამოხსნა გაუჭირდეს?
- შეკითხვითვე გიპასუხებთ:რამდენი ისეთი რეჟისორი გვყავს,პროფესიის საიდუმლოებებს ზედმიწევნით ფლობდეს? თბილისის თეატრებში დღეს სამჯერ მეტი სპექტაკლი იდგმება, ვიდრე თუნდაც 15-20 წლის წინათ იდგმებოდა, ხომ კარგია? კარგია, არა?
- შეკითხვას ირონია ახლავს. ასე მომეჩვენა.
- არა, არ მოგეჩვენა. თეატრებმა კარი ფართოდ გააღეს. თუ ადამიანმა სადადგმო ხარჯები იშოვა, შეუძლია მივიდეს და დადგას ესათუის პიესა, ძირითადად დგამენ ადრეულ წლებში გახმაურებულ უცხოურ ნაწარმოებებს, გუშინწინდელ კერძს ქართულ სცენაზე აცხელებენ. და დაიწყო ნიველირება, დაეცა დონე. ეს ერთთვიანი სპექტაკლები თეატრს უქადის იმ საწარმოდ გადაქცევას, რომელმაც მხოლოდ ფინანსურ მხარეზე უნდა იზრუნოს. ხელოვნება? ვგონებ, მორალი არ უნდა იყოს ძნელი ამოსახსნელი: სპექტაკლების ყოველ კვირაში გამოშვება არ არის ფინანსური უზრუნველყოფის პანაცეა. თითო-ოროლა რეჟისორისა და მასის შეფარდება შესაძლოა, ბუნებრივიც იყოს. არის თითო-ოროლა გამორჩეული ლიდერი და არის ლეგიონი.განზოგადების საგანი სწორედ ისაა, ქვეყნის შემოქმედებით სახეს ის გამორჩეულნი ქმნიან.
მთავარი მაინც ის არის,რაც ახლა უნდა გითხრა: ვცდილობ სხვადასხვა ქვეყნებში ყოფნისას, იქაური სპექტაკლები ვნახო. მიუხედავად ერთგვარი უკმაყოფილებისა, დაბეჯითებით ვამბობ: ჩვენ კარგი თეატრი გვაქვს. გვყავს რამდენიმე დიდებული რეჟისორი, ზოგი ამათგანი, მსოფლიოს ნებისმიერ თეატრს დაამშვენებდა და როცა მათი სპექტაკლები უცხოეთში გადის, წარმატებაც დიდი აქვთ.
სექტემბერში საქართველოში დიდებული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, უცხოელებს ქართული თეატრის 22 სპექტაკლი აჩვენეს, ამათგან 3-4 სპექტაკლმა საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ვგონებ, ეს ცოტა არ არის და რელიეფურად ასურათხატებს ქართული თეატრის მდგომარეობას. აი, სად გამოჩნდა გამორჩეულნი და შემოქმედებითი მასა.
- ლიტერატურულ წრეებში ლაპარაკობენ იმაზე, რომ მალე იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში ქართველი პოეტები შოთას საფლავს მოინახულებენო. იმასაც ამბობენ, რომ ეს თქვენი იდეაა. თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვა ამა-ზეც ვთქვათ.
- იერუსალიმში ყოფნისას ჯვრის მოინასტერში თითქმის ყოველთვის მივდივარ. ამასწინათ, მარჯანიშვილის თეატრის გასტროლისას, მთელი თეატრი წავიყვანე, მე და ლევან წულაძე მონასტრის სახურავზეც კი ავედით. გვეწადა იქედან გადმოგვეხედა იერუსალიმისათვის და კიდევ ერთხელ დავრ-წმუნდით რაოდენ დიდებული ხედვა ჰქონდათ მონასტრის ამგებთ.
ჯვრის მონასტერში ყოფნისას ხშირად მიფიქრია: აქ არის ქართული სიტყვის გენია, ქართული პოეტური აზროვნების სიუზერენი - შოთა რუსთაველი. ჩვენ საქართველოში ხშირად ვატარებთ პოეზიის დღეს - რუსთაველის დღეს. რატომ არ შეიძლება ქართველი პოეტები მოვიდნენ აქ, რუსთაველის საფლავთან - პატივი მიაგონ დიდ წინაპარს? ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ, ერთ-ორ ხელისუფლებასთან დაახლოებულ შემოქმედს გავუზიარე კიდეც ჩემი ფიქრი. ამ დიდებული საქმის გასრულება თავს იდო თბილისის მერიამ - მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაო - ებრაულ ენაზე, ივრითზე ითარგმნება იმ პოეტთა ლექსები, რომლებიც წმინდა მიწაზე უნდა ჩავიდნენ. ძირითადად ესენი იქნებიან რუსთაველის პრემიის ლაურეატები. ვნახოთ.თუ ეს ჩემი დიდი ხნის სურვილი ასრულდება, თუ ქართველი პოეტები მუხლს მოიყრიან თავიანთი სულიერი წინაპრის საფლავთან, თავს ბედნიერ ადამიანად ჩავთვლი. ჩვენ უსათუოდ უნდა მივიდეთ ქართული პოეტური აზრის გენიის საფლავთან და უნდა ჩავძახოთ:
- საქართველო ცოცხალია, საქართველო მარად იცოცხლებს!
ესაუბრა უჩა შერაზადიშვილი