RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

გადატვირთვა არ არის თამაში ნულოვანი შედეგით

ინტერვიუ საქართველოში აშშ-ს ელჩთან ჯონ ბასთან

24 საათი 26.11.09

ინტერვიუ საქართველოში აშშ-ს ელჩთან ჯონ ბასთან

- მოხარული ვარ, რომ ვარ საქართველოში და სასიამოვნოა, რომ თქვენს მკითხველთან შეხვედრის საშუალება მეძლევა.

- რას ფიქრობთ, რა უნდა იცოდეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩზე ქვეყანამ, სადაც სამუშაოდ ჩამოხვედით?

- ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დიპლომატი ვარ და ამ დროის დიდი ნაწილი გარდამავალ პერიოდში მყოფ სხვადასხვა ქვეყნებში ვიმუშავე - ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოებიდან დაწყებული - იმ ევროპით დამთავრებული, რომელსაც ჩვენ ახლა ვიცნობთ.

ჩემი სამსახურეობრივი ცხოვრების დიდი ნაწილი ვცდილობდი, დახმარება გამეწია საზოგადოებისთვის, რათა მათ თავად განესაზღვრათ და აერჩიათ საკუთარი მომავალი, თავად შეემუშავებინათ საკუთარი ქვეყნის მართვის სისტემა და ეკონომიკური მოდელი. თავად აერჩიათ ურთიერთობების ფორმები სხვა ქვეყნებთან.

- და ამ მხრივ წარმატებას სად, რომელ ქვეყანაში მიაღწიეთ?

- თუ შევხედავთ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლო პერიოდს, აღმოვაჩენთ, რომ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ნამდვილად შევძელით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს წარმატებით გაევლოთ ტრანსფორმაცია. დღეს 20-25 წლის წინანდელისგან სრულიად განსხვავებული სახელმწიფოები და საზოგადოებები არიან.

- საქართველოში თქვენთვის ახალი და განსხვავებული რა აღმოაჩინეთ?

- ყოველდღიური სიხარული, რომელიც გამოიხატება იმ რთული გარემოებების მიუხედავად, რომელიც დღეს თქვენს ქვეყანაშია შექმნილი - ეს ზუსტად ის სულისკვეთებაა, რომელიც ქართველ ხალხში აღმოვაჩინე. მიუხედავად იმისა, თუ რა სირთულეებს უმკლავდება ეს ხალხი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ქართველებს სიცოცხლის სიყვარული, ცხოვრებისადმი ლაღი დამოკიდებულება ახასიათებთ. საქმე ისაა, რომ მე მძიმე პერიოდი მაქვს გავლილი და კარგად ვიცი, ეს რას ნიშნავს.

ეს სიცოცხლიასუნარიანობა, რომელიც საქარველოს, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას ახასიათებს და რითიც განმსჭვალულია საზოგადოება, სულ სხვაგვარად ჩანს, როცა შორიდან უყურებ და სულ სხვაა, როდესაც ახლოს ხარ, თვითონაც აქ ცხოვრობ და კარგად აღიქვამ რეალობას.

- თქვენს წინამორბედებს თავისი მთავრობისგან სხვადასხვა დავალებები ჰქონდათ. ელჩი მაილსი ამბობდა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს დემოკრატიის საწყის ეტაპზე გადასვლის ხელშეწყობა იყო. ელჩი ტეფტი მთავარ მიზნად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას ასახელებდა. როგორი იქნება თქვენი მისია ამ ეტაპზე?

- ასე ვიტყოდი - ელჩ ტეფტის მიერ დაწყებული საქმის გაღრმავება და გაფართოება. ეს არის მხარდაჭერა საქართველოს სურვილისა, გახდეს უფრო დემოკრატიული, დასავლეთში უფრო ინტეგრირებული და უფრო მეტად შეძლოს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გამყარება.

ჩემი მისიის ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერაცაა.

ეს აგრეთვე მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაში გამოიხატება და იმისკენაა მიმართული, რომ აღსრულდეს "ვარდების რევოლუციის" დაპირებები.

ჩემი მუშაობის ნაწილია აგრეთვე, მთავრობის ურთიერთობა კერძო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებთან, რათა საქართველოს ეკონომიკამ ზრდა განაგრძოს.

- თქვენ აქტიურად ხვდებით საზოგადოების სხვადასხვა ფენას, ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს. სულ ახლახან ვაშინგტონიდან უწყებათაშორისი ჯგუფი ჩამოვიდა. თანამშრომლობის პროცესში რა პრობლემებს გამოყოფდით?

- ჯგუფს, რომელიც ვაშინგტონიდან ჩამოვიდა, კარგი შეხვედრები ჰქონდა ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მთავრობასთან. ჩვენ მთელ რიგ საკითხებს განვიხილავთ საიმისოდ, რომ აღსრულებული იყოს ის დაპირებები, რაც "ვარდების რევოლუციისას" გაიცა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო ლანდშაფტის თავისუფლებისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფაა. ამ პროცესის ღიაობა ყველა პარტიას მისცემს საშუალებას, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი იდეები და სამართლიანი კონკურენციის პირობებში იმოქმედოს. თუმცა, ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს იდეები აბსტრაქტული ხასიათისა არ იყოს და რეალურად უკავშირდებოდეს პრობლემებს, რომელიც მოქალაქეებს და საზოგადოებას აწუხებს.

უფრო მეტი უნდა გაკეთდეს კანონის უზენაესობის განმტკიცებაში პროგრესის მისაღწევად. მთლიანობაში მეტი უნდა გაკეთდეს სამართლიანი საზოგადოების ტრანსფორმირებისთვის. იმისთვის, რომ საზოგადოება საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლდეს და დასავლეთზე ორიენტირებული, დასავლური ღირებულებების მატარებელი გახდეს. ერთ-ერთი ამის მაგალითი გახლავთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც ახლახან მიიღო პარლამენტმა.

- თქვენ მაგალითად ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი მოიყვანეთ... კარგად იცნობთ საბჭოთა მენტალობის ტრანსფორმირების ურთულეს პროცესს. თქვენი აზრით, რა უშლის ხელს დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას? რატომ ვერ გადალახა საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა ეს პრობლემები?

- ვფიქრობ, რომ საქართველო ზუსტად იმ პრობლემების წინაშე დგას, რაც გარდამავალ პერიოდში მყოფ სხვა საზოგადოებებს ახასიათებთ. რთულია, ალბათ, ერთი კონკრეტული საკითხის გამოყოფა, რომლის გადაჭრაც პოლიტიკური კულტურის, ან მთლიანად გარემოს რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევდა. ეს უფრო ევოლუციური პროცესია, როდესაც სპექტრის ყველა მხარეს მყოფი ადამიანი უკეთ გაიცნობს და ჩაერთვება პროცესებში, როდესაც დებატები გაიმართება არა ქუჩაში, არამედ ინსტიტუტებში, როდესაც კომპრომისი გამოიძებნება და ადამიანებისთვის ღია და ხელმისაწვდომი იქნება პარტიების მოსაზრებები და როდესაც ამის შემდეგ მოქალაქეები არჩევნებში გამოხატავენ თავის ნებას.

- პრეზიდენტ ობამას რუსეთთან ურთიერთობის "გადატვირთვის" პოლიტიკამ არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ახალგაზრდა დემოკრატიებშიც გარკვეული შიში გააჩინა. ზოგი დასავლელი ექსპერტი ამბობს, რომ დღეს ამერიკისთვის კავკასია და საქართველო პირველი რიგის ამოცანა აღარ არის. რუსეთი არ ასრულებს სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულებას, მუდმივად არღვევს ადამიანის უფლებებს კონფლიქტის რეგიონში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებები, დარბევები, რუსული ჯარის თარეში ყოველდღიური მოვლენაა. რუსეთის ძალისხმევით კონფლიქტის ზონა დატოვეს ეუთო-სა და გაერო-ს სადამკვირვებლო მისიებმა... თქვენი აზრით, რამდენად ართმევს თავს დასავლეთი ამ გამოწვევებს?

- მოკლე პასუხი ასეთი იქნება - ვაპირებთ მუშაობას, რათა ყველა მხარემ შეასრულოს ის შეთანხმებები, რომელიც გასულ აგვისტოსა და სექტემბერში დაიდო.

ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას მოსკოვში, ვენაში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ჟენევაში და ყველა იმ ადგილზე, სადაც კი ეს შესაძლებელია. ასევე ამას სჭირდება მცდელობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ სხვა ქვეყნებმა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა არ აღიარონ.

"გადატვირთვის" კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია, რას ვაკეთებთ იმასთან ერთად, რასაც ვამბობთ. გასულ წლის შემდეგ საქართველო ერთ სულ მოსახლეზე აშშ-დან ყველაზე დიდი დახმარების მიმღები ქვეყანაა. ეს რეალურად ასახავს მთელი ამერიკული პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულებას საქართველოსადმი და ეს მაშინ, როდესაც საქართველო და მისი მოქალაქეები საზოგადოების ტრანსფორმირებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი ცვლილებების გატარებას ცდილობენ.

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ბაიდენმა თბილისში ვიზიტისას აღნიშნა და აშშ-ს არაერთმა მაღალი რანგის წარმომადგენელმაც გაიმეორა, რომ ცვლილებები, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობაში ვახორციელებთ, არ იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე სხვა ქვეყნებთან. ჩვენ არ აღვიქვამთ, რომ ეს არის თამაში ნულოვანი ჯამით. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ჩვენსა და რუსეთს შორის სერიოზული ხასიათის განსხვავებები არსებობს და ჩვენ ნამდვილად არ გვერიდება ამ განსხვავებებზე მოსკოვში რუსეთის მთავრობასთან საუბარი.

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები კავკასიაში? ორიოდე დღის წინ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების, ალიევისა და სარქისიანის მიუნხენში შეხვედრის წინ ალიევმა განაცხადა, რომ თუ მთიანი ყარაბახის თემაზე მოლაპარაკება ამჯერადაც არ შედგება, აზერბაიჯანი წართმეული ტერიტორიის ომით დაბრუნებას არ გმორიცხავს.

- რაც შეეხება კავკასიას - ეს რეგიონი ბოლო წლების განმავლობაში სირთულეებითა და ძალადობებით აღსავსეა. ჩრდილოეთ კავკასიაში კი ისევე, როგორც რუსეთის სხვა რეგიონებში, ის დებატები და გამოწვევებია ასახული, რომელიც რუსეთის მთავრობის მმართველობის პრინციპებს უკავშირდება.

კავკასიაში მიმდინარე პროცესებს იმ საერთო პრიზმაში და იმ პრინციპებით ვუყურებთ, როგორც ევროატლანტიკური ქვეყნები. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, დეტალურად განიხილავს კავკასიაში მიმდინარე პროცესებს.

რაც შეხება მთიან ყარაბახს - ჩვენ განვაგრძობთ მინსკის ჯგუფის ფარგლებში მონაწილეობას და ასევე ინდივიდუალურად ვმუშაობთ ქვეყნებთან, რათა ერთად გამოვძებნოთ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები

- ჩვენი ხელისუფლება ხშირად გვეუბნება, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოების ასეთი ზეწოლა იმიტომ ხდება, რომ რეგიონში გამორჩეულად დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მოთხოვნაც ამიტომაა განსაკუთრებული...

- ვფიქრობ, ნათელია, რომ უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს პროგრესი მართლაც რომ აღსანიშნავია. თქვენი ქვეყანა თავისი დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკური პროგრესით საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისგან ნამდვილად გამოირჩევა.

რაც შეხება, განიცდის თუ არა ზეწოლას საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და ხალხმა კარგად გაითვალისწინოს ის სტანდარტები და მდგომარეობა, რომელიც იმ საერთაშორისო ინსტიტუტებშია, რომლისკენაც ქვეყანა ისწრაფის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, გასაკეთებელი მეტია. ეს თავად საქართველოს ინტერესებში შედის, რადგან ეს გზა ქვეყანას თანამედროვე ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

მაშინ, როდესაც საქართველოში დემოკარატიის განვითარების პროცესებზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას, რომ არც ჩვენი დემოკრატიაა იდეალური და შესაძლოა, არც არსებობს იდეალური ფორმის დემოკრატია.

- ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთთანამშრომლობის ქარტია ორმხრივ ურთიერთობებზეა გათვლილი. როგორი პარტნიორია საქართველო? არის სირთულეები მოლაპარაკებებისა და ვალდებულებების შესრულების პროცესში?

- საქართველო ძალიან კარგი პარტნიორია. ქვეყანას დიდი წვლილი შეაქვს კოლექტიურ უსაფრთხეობაში ისეთ ადგილებში, როგორიცაა ავღანეთი და საქართველოს გეორაფიულ საზღვრებს მიღმა არსებული პრობლემების მოგვარებაშიც იღებს მონაწილეობას. ეს კი ჩემთვის ნამდვილად კარგი პარტნიორობის გამოხატულებაა.

კომისია ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ამერიკასაც და საქართველოსაც შეუწყოს ხელი, რომ ამ უკანასკნელმა დასახული გეგმები თავად განახორციელოს. კომისია აგრეთვე კარგი მექანიზმია იმისთვის, რომ უზრუნველყოს საქართველოში შემოსული თანხების, ტექნიკური კონსულტაციებისა თუ ექსპერტული ცოდნის ზუსტი თანხვედრა ქვეყნის მიერ დასახულ პრიორიტეტებთან. მთავრობებს შორის პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ შედეგები შეიძლება არ იყოს ხილული კომისიის შეკრებიდან მეორე დღესვე.

მაგალითად, ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან. შედეგები, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამოიხატა.

- რთული მისია გერგოთ, რადგან თქვენი ოფისიდან ორმოციოდე კილომეტრში საქართველო უკვე ოკუპირებულია და მინდა წარმატება გისურვოთ. იმედი მაქვს, სამიოდე წელიწადში სხვაგვარ ვითარებაში შევხვდებით და უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ საქართველოს კულტურაზე, კულინარიაზე და სასმელზე და იმაზეც, როგორ აისახება ეს ყველაფერი თქვენს განწყობაზე.

- დიდი მადლობა. საქართველოში ჩემი ყოფნის სასიამოვნო მხარეა ის, რაც მხოლოდ პოლიტიკას არ უკავშირდება და რაც გულისხმობს თქვენი კულტურის გაცნობას, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა კარგი ქართული სამზარეულო. ისიც სასიამოვნოა, რომ დღეს ამგვარი საუბრის საშუალება მომეცა.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი