"ნუთუ ვერ ვეღირსები საკუთარ ოთახს, თუნდაც უფანჯროს, სადაც დავიდგამდი საწერ მაგიდას, თერმოსით ყავას ან ჩაის, გამოვიხურავდი კარს და შევუდგებოდი მოთხრობების წერას..."
24 საათი 14.11.09

"ნუთუ ვერ ვეღირსები საკუთარ ოთახს, თუნდაც უფანჯროს, სადაც დავიდგამდი საწერ მაგიდას, თერმოსით ყავას ან ჩაის, გამოვიხურავდი კარს და შევუდგებოდი მოთხრობების წერას..."
- ეს მოკრძალებული სურვილი, არც მეტი, არც ნაკლები, პროფესიით მათემატიკოსს, მაგრამ ჩვენთვის კარგად ნაცნობ მწერალს ზაალ სამადაშვილს ეკუთვნის. წელიწად-ნახევრის წინ მის ცხოვრებაში კიდევ ერთი, სრულიად განსხვავებული ეტაპი დაიწყო.
- ეს სურვილი 50 წლის ასაკში ამისრულდა. 2003 წელს უკვე მქონდა საკუთარი ოთახი, სადაც ოცნების განხორციელება შემეძლო, თუმცა სწორედ მაშინ ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი დაიწყო, რომლის გამოც ყველაფერი გვერდზე გადავდე.
- რამდენი ხანია, რაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობთ?
- თბილისის საკრებულო, მოგეხსენებათ, საკანონმდებლო ორგანოა. საკრებულოს წევრად 2006 წლის შემოდგომაზე ამირჩიეს, ხოლო უკვე საკრებულოს თავმჯდომარედ - 2008 წლის 11 აპრილს. ძალიან კარგად მახსოვს, რომ მოვალეობის შესრულებას სამ დღეში შევუდექი. ასე რომ, დაახლოებით წელიწად-ნახევარი გამოდის, რაც საკრებულოს თავმჯდომარე ვარ... თბილისი თითქმის მილიონ-ნახევრიანი ქალაქია და მილიონ-ნახევარზე მეტი პრობლემაა...
- ამასობაში თქვენი მწერლობა მორჩილად გელით?
- ხშირად და ბევრს არც ადრე ვწერდი. მე არ ვარ ეგრეთ წოდებული პროდუქტიული მწერალი.
- ყოველ შემთხვევაში, პუბლიკაციებით მაინც განებივრებული ვიყავით, როდესაც "24 საათთან" თანამშრომლობდით.
- სხვათა შორის, ის ნამდვილად კარგი დრო იყო. იმიტომ რომ გაზეთში მუშაობისას შემოქმედებითად უფრო მოწესრიგებული ვიყავი. საკუთარ თავს დავალებას ვაძლევდი და, მინდოდა თუ არა, კვირაში ერთხელ უნდა შემესრულებინა. ახლა უკვე ამ ტიპის პასუხისმგებლობა არც ერთი გაზეთის რედაქციის მიმართ არ მაქვს. თუმცა, წერას მაინც ვახერხებ. უფრო მეტიც - ახლა უფრო ვუფრთხილდები სამსახურიდან მორჩენილ თავისუფალ დროს. მართალია, ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ვცდილობ, ის ძირითადად ლიტერატურას მოვახმარო.
- თქვენს სვეტებსა თუ მოთხრობებში ხშირად იგრძნობოდა ნოსტალგია ძველი თბილისის, მისი კოლორიტის, ძველი უბნების მიმართ... ახლა თქვენი საქმიანობა და სამსახური პირდაპირ გავალებთ თანამედროვე და მომავლის თბილისზე ზრუნვას. როგორ თავსდება ის ნოსტალგია და ჩვენი დროის თბილისის "შენება" თქვენში და თქვენს საქმიანობაში?
- ჯერ ერთი, ის, რაც ყველა თბილისელისთვის (და არა მხოლოდ მათთვის, თითოეული მოქალაქისთვის) ძვირფასი და მნიშვნელოვანია - ვგულისხმობ გარემოს, ქუჩას, შენობას - ამას აგრეთვე ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კულტურისა და ქალაქის სახისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შევინარჩუნოთ. მოგეხსენებათ, რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორის, "ძველი თბილისის რეაბილიტაციის" პროექტი. ის, რასაც ემუქრება დროის მსახვრალი ხელი, როგორმე გადაარჩინო, შეინაჩუნო და იმ ისტორიული სახით შეუნახო შთამომავლობას, როგორიც შენ გახსოვს, უფრო მეტიც, როგორიც შენს მამა-პაპას ახსოვს. ასე რომ, პირიქით, რაც უფრო გამძაფრებული გაქვს ძველი თბილისის მიმართ შენი განცდა, დამოკიდებულება, რაც უფრო მეტად გიყვარს შენი ქალაქი, ეს გეხმარება, უფრო მეტი იფიქრო, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდო ამ საქმეს და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ისტორიული სახლი, ქუჩა, ან უბანი არ გაქრეს და მხოლოდ ტექსტში არ დარჩეს.
რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას, მხოლოდ ემოციებით ვერ იხელმძღვანელებ. შეიძლება არსებობდეს ესა თუ ის ადგილი, რომელთანაც შენი ბიოგრაფიის რაიმე ძვირფასი დეტალი იყოს დაკავშირებული, მაგრამ კულტურული თვალსაზრისით ის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდეს. ამ შემთხვევაში მას უნდა შეელიო და ემოციები გვერდზე გადადო. ამდენად, ყოველივე ზემოთქმულისთვის ყველაფერს ვცდილობ, ძალ-ღონეს არ ვიშურებ და არც დავიშურებ, ვიდრე ეს მოვალეობა მაკისრია.
- დატვირთული, მძიმე სამსახურისა და დღის რეჟიმის მიუხედავად, რა არის ის, რასაც არ და ვერ ღალატობთ და რისთვისაც ყოველთვის გამონახავთ დროს?
- ეს არის კითხვა.
- წერა?
- წერა უფრო შეიძლება დავიზარო ან გადავდო, მაგრამ კითხვას ვერ ვღალატობ. იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, გაცილებით ცოტას ვკითხულობ. ამიტომ კითხვაა ჩემთვის ის, რასაც ვერ ვღალატობ და გვერდზე ვერ გადავდებ.
- როგორც უკვე ვთქვით, თქვენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო ორი წელიწადი საგრძნობლად შეიცვალა და სულ სხვა საქმიანობით დაიტვირთა. მანამდე იყო შემოქმედებითი მუშაობა, ყოველკვირეული ლიტერატურული საღამოები "წიგნის სახლში", ლექციების კურსი ლიტერატურის შესახებ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან, შემოქმედებითი საღამო ფორაქიშვილების დარბაზში...
- ეს ყველაფერი მენატრება. მენატრება ახალგაზრდული აუდიტორია, რომელთანაც ვსაუბრობდი ჩემი საყვარელი წიგნების შესახებ, მომყავდა მათთვის საინტერესო ავტორები, იმართებოდა საუბრები ლიტერატურაზე. ის დრო, ცხადია, ძალიან მენატრება. გამოგიტყდებით და, ეს სურვილი იმდენად ძლიერია ჩემში, რომ როდესაც სამსახურში თანამშრომლები რაიმეს ერთად განვიხილავთ, ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი, როგორ ვიწყებ ლექციის კითხვას. მერე უცებ ვაფიქსირებ და მეცინება... დიახ, ხანდახან ასეც ხდება, უნებლიეთ შევტოპავ ხოლმე ლექციების კურსში.
- როდემდე გაგრძელდება თქვენი ცხოვრების ეს ეტაპი - ვგულისხმობ პოლიტიკურ ცხოვრებას?
- ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მომავალი წლის 30 მაისს გაიმართება. განწყობილება, რა თქმა უნდა, საბრძოლოა. არათუ იმედი მაქვს, დარწმუნებულიც ვარ ჩვენი გუნდის გამარჯვებაში. ვნახოთ... ყოველ შემთხვევაში, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ის, რასაც ახლა ვაკეთებ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლიტერატურით თავის დაკავება.
- "...ჩემს მიერ შემოთავაზებული სიურეალისტთა ძველი თამაშის ლიტერატურული ვარიანტი ერთ ადამიანს მაინც თუ გადმოაღებინებს თაროდან წიგნს, ჩავთვლი, რომ მიზანს მივაღწიე...". ასეთი იყო მწერალ ზაალ სამადაშვილის მიზანი. რა მიზანი აქვს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს?
- სხვათა შორის, ეს მიზანი ძალაში რჩება. ვთვლი, რომ უკიდეგანო მსოფლიო ლიტერატურაში უნდა ეძებოს ადამიანმა პასუხები მტანჯველ კითხვებზე, კითხვებზე, რომელიც, თუ ადამიანი აზროვნებს, თითქმის ყოველწუთიერად იბადება და მუდმივად დგები არჩევანის წინაშე. ყოველთვის უნდა ეცადო, სწორი არჩევანი გააკეთო, სწორად გასცე პასუხი მტანჯველ კითხვებს. ამისთვის კი არაჩვეულებრივი სამყაროა უკიდეგანო მსოფლიო ლიტერატურა და ჩემი მიზანიც, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს გადმოვაღებინო თაროდან წიგნი, ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, ლიტერატურით ვარ დაკავებული დღეს თუ არა. ეს, ვფიქრობ, პასუხისმგებლობის მქონე ყველა ადამიანის სურვილიცაა და მოვალეობაც.
- რის გამოც ამ სამსახურს შეუდექით, ახერხებთ იმ სურვილებისა და გეგმების განხორციელებას?
- ვფიქრობ, რომ მთავარია თბილისელებს, შენს თანამოქალაქეებს აგრძნობინო, რომ მათზე ფიქრობ, მთელი გულით ეკიდები მათ საქმეს და მათ გვერდით ხარ, ცდილობ, მძიმე ყოფა შეუმსუბუქო, დაეხმარო პრობლემების მოგვარებაში. ვფიქრობ, მთავარია განწყობა და დამოკიდებულება, რადგან ხდება ისეც, რომ რაღაც დროულად ვერ შეძელი, ისე ვერ გააკეთე, როგორც საჭირო იყო, თუმცა, ამას უკვე გპატიობენ და გაგებით ეკიდებიან. ყველაფრის მიღწევა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია. მეც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ. თუმცა, მთავარი მიზანი და ამოცანა ის არის, რომ ჩემი საქმიანობით, რაც შეიძლება, მეტმა ირწმუნოს ჩემი გულწრფელი სურვილი და მიზნები და ის, რომ მართლა ამისთვის მოვედი საკრებულოში, ამისთვის ვზივარ ამ სამუშაო ოთახში და ამიტომ ვთქვი ბევრ რამეზე უარი, რასაც აქამდე ვაკეთებდი. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ამის მიღწევა ადვილი არ არის. არც უნდა მოინდომო, რომ ყველას კეთილგანწყობას მოიპოვებ, ყველა შენი თანამოაზრე იქნება. ფუჭი ილუზიაა, ასეთი რამ ცხოვრებაში არ ხდება. მაგრამ შენ ცდა არ უნდა დააკლო, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუმსუბუქო ხვედრი, სოციალური იქნება ეს თუ ყოფითი. სულ ეს არის. სხვა არავითარი გეგმა და მიზანი არ მქონია.
- როგორ შეაფასებთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს?
- ვფიქრობ, რომ ნორმალურად მუშაობენ, ახალი სახელებიც არის, ძველებიც ფორმაში არიან. ეს ძალიან ზოგადი თემაა. მე არასდროს არ მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, რადიკალური ვყოფილიყავი შეფასებებში. XXI საუკუნის პირველ დეკადაში, რომელიც მომავალ წელს იწურება, ქართული ლიტერატურა ისეთივე საინტერესო და მრავალფეროვანია, როგორიცაა თავად ცხოვრება. ლიტერატურა ცხოვრებაა. სამი წლის წინ თბლისის საკრებულომ დააწესა ლიტერატურული პრემია "გალა" - იმართება ლიტერატურული კონკურსი საკრებულოს ეგიდითა და ორგანიზატორობით. ამ კონკურსში დამატებულია ორი ნომინაცია - (რაც ყოველთვის მაკლდა სხვა კონკურსებში) წიგნი ბავშვებისთვის და წიგნის მხატვრობა. აქვე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ძალიან საინტერესო ილუსტრატორები გვყვავს. რაც შეხება გამარჯვებული წიგნებისა თუ მწერლების გამოვლენა-დასახელებას, ამას ჩვენს მიერ მოწვეული ჟიური წყვეტს. ჟიურის წევრებს არავითარი შეხება არა აქვთ საკრებულოსთან. ეს არის ფორმა, რომელიც, ვფიქრობ, ყველასთვის მისაღებია. სახელმწიფო უწყება ცდილობს იზრუნოს ლიტერატურის განვითარებასა და წიგნის პოპულარიზაციაზე. შემდეგ კი მოწვეული ჟიური ანუ ლიტერატორები თავად წყვეტენ, თუ რომელ ავტორს გამოუვიდა უკეთ ესა თუ ის წიგნი. საკრებულო არ ერევა ლიტერატურულ გადაწყვეტილებებში.
პირადად მე კეთილად ვსარგებლობ ამ კონკურსით და მისი მეშვეობით ვიგებ, თუ რა ხდება თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.
- რას ისურვებდით? შეიძლება ბანალურ კითხვად მოგეჩვენოთ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს თქვენი ხატოვანი სურვილი.
- ვისურვებდი, რომ თბილისელები გაცილებით უკეთეს პირობებში, უკეთეს გარემოსა და ქალაქში ცხოვრობდნენ. დღეს თბილისი გაცილებით მოწესრიგებულია, ვიდრე თხუთმეტი, ათი ან თუნდაც ხუთი წლის წინათ იყო. მინდა, რომ რაც შეიძლება უკეთესი და უკეთესი გახდეს, რაც შეიძლება ნაკლები გაჭირვებული იყოს ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში. ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი. სხვა დანარჩენი წვრილმანი და მეორეხარისხოვანია. უმთავრესია, რომ ადამიანები იყვნენ კარგად.
ნანა ბასილაშვილი