შეხვედრები ხელისუფლების მაღალი რანგის პირებთან და დევნილების მონახულება - ასეთი იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრ სტუბის დღის წესრიგი.
24 საათი 09.09.10

შეხვედრები ხელისუფლების მაღალი რანგის პირებთან და დევნილების მონახულება - ასეთი იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრ სტუბის დღის წესრიგი.
ფინელი დიპლომატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვიდა და როგორც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარებით, ისე დევნილების მდგომარეობითა და ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობით დაინტერესდა.
ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას სტუბმა 2008 წლის ომი და ის მძიმე დღეები გაიხსენა, რომლებიც მაშინ საქართველოში გაატარა: "დღეს საქართველო დამშვიდებული, მშვიდობიანი ქვეყანაა, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას და აღმშენებლობას, რაც ძალიან მახარებს. მსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა. ეს უნდა შეეხოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებულ შეთანხმებას, ასევე ასოცირებულ წევრობას. მნიშვნელოვანია ვიზების გამარტივების თემა. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ დრომდე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე, მნიშვნელოვანია თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, რაც ძალიან დაახლოვებს ქართველ და ევროპელ ხალხებს".
რაც შეეხება მინისტრების მიერ დახურულ კარს მიღმა განხილულ საკითხებს, როგორც გრიგოლ ვაშაძემ განმარტა, მათ ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-ფინეთის ურთიერთობების შესახებ, რაც ეკონომიკური თანამშრომლობით უნდა გამყარდეს.
"საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა და აქ მშვიდობაა. მადლიერი ვარ, რომ შემიძლია, ქართველი ელჩების წინაშე წარვდგე და ყველას მნიშვნელოვანი მესიჯები გავუგზავნო. ფინეთმა ევროკავშირში შესასვლელად დიდი გზა გაიარა და ეს შეძლო. საქართველომაც უნდა განაგრძოს ევროპისკენ სვლა" - განაცხადა ბრიფინგზე სტუბმა. მან სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს პირობა მისცა, რომ ფინეთი "იფიქრებს" საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ოკუპირებულებად აღიარების საკითხზე. ოკუპაციის აღიარების საკითხი ფინელ სტუმართან შეხვედრაზე თავად იაკობაშვილმა დააყენა. "თუკი აქამდე საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ მიმართულებას ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის არაღიარების მიღწევა წარმოადგენდა, ახლა მთავარი ამოცანაა ოკუპაციის რაც შეიძლება ფართო საერთაშორისო აღიარება. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია ყველა მეგობრის გადაწყვეტილება - მათ შორის ფინეთისაც," - აღნიშნა ჟურნალისტებან საუბრისას თემურ იაკობაშვილმა.
გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრმა სტუბს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია გააცნო. იაკობაშვილის თქმით, ფინელი სტუმრისთვის ამ დოკუმენტის დეტალების გაცნობა "საკმაოდ ადვილი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ეუთო-ს თავად სტუბი ხელმძღვანელონდა და პროცესებში უშუალოდ მონაწილეობდა".
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსაც შეხვდა. მათ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.