RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

რამდენიმე ისტორია სურვილთა თანხლებით

როგორ ცხოვრობენ დევნილები ჯვარში?

24 საათი 08.09.10

როგორ ცხოვრობენ დევნილები ჯვარში?

პროექტის „იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international ) საქართველოში წარმომადგენლობის თანამშრომლებმა ამ ზაფხულის მიწურულს სამეგრელოში ჩასახლებული დევნილები მოინახულეს. ეს იყო მორიგი სამუშაო შეხვედრა სათემო განათლების ცენტრების ხელმძღვანელებთან და უშუალოდ დევნილებთან, რაც პროექტის მიმდინარეობის ამ ეტაპზე მდგომარეობის გაცნობას და ბენეფიციარებთან გასაუბრებას ისახავდა მიზნად. დღეს ჯვარის სათემო განათლების ცენტრის ბენეფიციარებს გაგაცნოთ მათი პირადი ისტორიებით, დღევანდელობით, პრობლემებით და სურვილებით, რომელთა განხორციელებაშიც საზოგადოების თანადგომა კვლავაც სჭირდებათ. ეს ისტორიები თითქმის ჰგავს და არცა ჰგავს ერთმანეთს - ყველამ თავისი მძიმე გზა, თავისი „გოლგოთა“ გამოიარა ომშიც და სამშვიდობოს, თუმცა ყველა ამ ტკივილს ერთი საერთო სახელი აქვს - დევნილობა. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია და სიმძიმილი ისევ გრძელდება და მიუხედავად სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევისა, მათი ცხოვრება მეტ-ნაკლებად მძიმეა კვლავაც. „სხვა ვინ არ არის ცოდო ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელშიო“ - იკითხა წყელვა-კრულვიანი კითხვით ილია ჭავჭავაძემ და თქვენც ამასვე იფიქრებთ, ალბათ. თუმცა ეს ისტორიები დაგარწმუნებთ მათ სიმძიმილში.

ისტორია პირველი: 16 სექტემბერს მეხუთე შვილი შეეძინა თამარ შეროზიას. სხვა დროს ოჯახში კიდევ ერთი ბავშვის დაბადება დიდ სიხარულსა და ხმაურს გამოიწვევდა, მაგრამ სოხუმიდან ისეთი ცუდი ამბები მოდიოდა და თავად გალშიც, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, ისე ახლოს ტრიალებდა სისხლისა და სიკვდილის სუნი, რომ გასახარელი და სადარდელი ერთმანეთში არეულიყო. ყოველი დღე იქ დარჩენა აშკარა საფრთხეს წარმოადგენდა, თუმცა ოთხი მცირეწლოვანი ბავშვით, ახალშობილით და ახლად მოლოგინებული ქალით იქიდან გამოსვლაც დიდი რისკი იყო. მაგრამ ცეცხლმოკიდებული გალის ქუჩები, დახოცილი ადამიანები და გაუსაძლისი შევიწროვება არჩევანს აღარ უტოვებდა ოჯახს და 21 სექტემბერს 5 დღის ჩვილით ჭუბერის გზას დაადგა.

- წარმოუდგენლის ატანა შეუძლია თურმე ადამიანს, - იხსენებს ახლა თამარი. საწოლიდან ძლივს წამომდგარმა, მკერდზე აკრული ბავშვით რამდენიმე დღე ფეხით ვიარე ტყეში. ციოდა უკვე, მშივრები, გასაცოდავებულები, შეშინებულები მოვდიოდით და აღარ მეგონა თუ ეს გზა როდისმე დამთავრდებოდა. სიარული უჭირდათ ბავშვებს. ჩემი მეუღლე, აფხაზებისგან ნაცემი, თავადაც ჯანმრთელობა შერყეული, უმძიმეს მდგომარეობაში რიგ-რიგობით ეშველებოდა მათ. გაჩერება და ჩამორჩენა შეუძლებელი იყო, სხვა დევნილებთან ერთად დაუსრულებელ ნაკადად მოვდიოდით და ერთი რამ

გვახსოვდა მხოლოდ - როგორმე უღელტეხილზე გადმოგვეღწია, სამშვიდობოსთვის შეგვეფარებინა თავი. ასე ვაი-ვაგლახით მოვაღწიეთ ჯვარს და აქ ნათესავს შევეკედლეთ - ხუთი მცირეწლოვანი ბავშვით, უსახსროდ, უყველაფროდ... ახლა რომ ვიხსენებ, თავადაც არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მართლა გამოვიარეთ...

ღვთის ნებით ცოცხლები გადავრჩით და თავიდან დავიწყეთ ცხოვრება აქ. თუმცა მაშინდელი დრო გახსოვთ ალბათ, მშვიდობის გარდა სხვაც ყველაფერი ჭირდა, შიმშილი, სიცივე, სიბნელე, არა - სამსახური, არა - სახლი. ლოგინებზე გვაწვიმდა - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამჭოლი ქარი მოძრაობდა ბინაში, ჩაიზე რა მიეყოლებინათ ბავშვებს, არ ვიცოდი... ადგილობრივი მთავრობა კარგად დაგვხვდა, რაც შეეძლოთ მოგვაშველეს, დაგვეხმარნენ, მაგრამ ამათაც რა ჰქონდათ, არც ადგილობრივები იყვნენ უკეთეს დღეში. თუ სადმე რამე კერძო სამუშაო გამოჩნდებოდა, არაფერზე ვამბობდით უარს მე და ჩემი უფროსი შვილები. მეუღლე დაინვალიდდა და ფიზიკურად მუშაობა აღარ შეეძლოო, მაგრამ ხელოსანია და იმდენი მაინც მოახერხა, რომ საცხობი გაგვიკეთა. პურის, საკონდიტრო ნაწარმის ცხობა დავიწყეთ, ჩვენი გამგებელი ბევრჯერ ფქვილით დაგვხმარებია, სახლიც გადაგვიხურეს და ცოტა სული მოვითქვით. ხუთი შვილი გავაჩინე კიდევ. დღეს ჩვიდმეტნი ვართ ოჯახში, ორი რძალი მყავს, შვილიშვილები, ყველა ერთად ვართ. ცოტა ხნის წინათ ორი ახალი ოროთახიანი ბინა გადმოგვცეს, დანიელების დახმარებით აშენებული, კარგი ბინებია, მაგრამ ჯერ ვერ გადავდივართ, საოჯახო ინვენტარი, ნივთები არა გვაქვს, ცარიელ კედლებში ხომ ვერ შევიყვანთ ბავშვებს? ამ დევნილობაში ვერაფერი შევიძინეთ. რასაც ვშოულობდით, საჭმელს და ჩასაცმელს, წიგნსა და წამალს ვერ აუდიოდა, ამიტომ ვინც რა შემოგვწირა, იმით გაგვქონდა თავი. ბევრი დამცირება, შეურაცხყოფა ამიტანია, მაგრამ საბედნიეროდ, გარშემო ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, ვისაც ჩვენი გასაჭირი გულთან მიჰქონდა და რაც შეეძლო, არაფერს იშურებდა.

დღეს ისევ რთული დრო უდგას ჩემს ოჯახს. მე ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ. მართალია, დევნილის სამედიცინო პოლისით ზოგი რამ უფასოდ ან შეღავათით გამიკეთეს, მაგრამ მკურნალობას ხომ უნდა თანხები? ხუთი თვის პენსია წინასწარ ავიღე და წამლები იმით ვიყიდე. საცხობი გავაჩერეთ. თქვენც იცით, რომ ფქვილი, სხვაც ყველაფერი - გაძვირდა და ვეღარ ავუდივართ ხარჯებს. ახლა სანახევროდ ნაკვეთი მაქვს აღებული, ჩემს შვილებთან ერთად ვამუშავებ და იქიდან მიღებული მოსავლის იმედზე ვართ. ყოველ დღე 6 კილომეტრს დავდივარ მის დასამუშავებლად... ყველა შევაწუხე, ერთჯერადად გვეხმარებიან კიდეც, მაგრამ ეს გამოსავალი მაინც არ არის. აი, საცხობის საქმეში რომ შეგვშველებოდა ვინმე, მუდმივი შემოსავალი გაუჩნდებოდა ოჯახს...

ისტორია მეორე: მანონი კაკულია სოხუმიდანაა, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ბინა ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პირობებსაც კი: ამორტიზებული შენობაა, სანტექნიკა, კანალიზაცია უმძიმეს დღეშია. გაზი არა აქვთ, წყალი ვერ ამოდის მის ოროთახიან ბინამდე. არავის არაფრის გაკეთებას არ სთხოვს, თავად მოაგვარებდნენ ყველაფერს, მეუღლე რომ მუშაობდეს. მისი ხელფასი და დევნილობის დახმარება ყოველდღიურ საჭიროებებს და გადასახადებს ძლივს აუდის. როგორც ყველას, მათაც სესხით და ნისიით გააქვთ თავი. ასეთ დროს ძნელია, რომ შრომისუნარიანი ადამიანი დაუსაქმებელია ოჯახში. ამ საყოველათაო უმუშევრობის ჟამს ჯვარში დროებითი სამუშაოს შოვნაც ჭირს, ამიტომ მისი ერთადერთი სურვილი მეუღლის დასაქმებაა.

მანონი თავად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია ადგილობრივ სკოლაში. ახლახან პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდები წარმატებით გაიარა და სამსახური შეინარჩუნა. ამბობს, რომ სერთიფიკატის მოპოვებაში ძალიან დაეხმარა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის მიერ დაარსებული ჯვარის სათემო განათლების ცენტრის ტრენინგებზე მიღებული ცოდნა. აქვე გაიარა ინგლისურის და კომპიუტერის კურსებიც.

ისტორია მესამე: წარმატებული პედაგოგია წალენჯიხელი ლალი აფაქიძეც. იგი ჯვარის მესამე საშუალო სკოლაში ასწავლის მშობლიურ ენასა და ლიტერატურას. სამი შვილის დედას სხვებზე არანაკლები ყოფითი პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენთან საუბარი მაინც პროფესიულ საკითხებზე ისურვა. გვითხრა, რომ უფრო მეტ პრობლემას სკოლაში აწყდება. ძალიან აწუხებს მოსწავლეების მდგომარეობა ჯვარში, რაც მათი ოჯახების მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ანარეკლია. მშობლებს ხშირ შემთხვევაში სახელმძღვანელოების შეძენის საშუალება არა აქვთ, ბავშვები ორი-სამი წიგნის ამარა არიან კლასში. მორიგეობით კითხულობენ გაკვეთილებს, ვრცელ ლიტერატურულ ტექტებს, რასაც დიდი დრო მიაქვს და მეცადინეობის ხარისხს საგრძნობლად აქვეითებს. ლალი 1995 წლიდან მუშაობს სკოლაში და იმგვარი დახმარება, რომ დევნილი ან ადგილობრივი მოსწავლეებისათვის წიგნები შეეძინა ვინმეს, არ ახსოვს. თვლის, რომ განათლების სფეროში ამ საკითხის მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო, სასკოლო წიგნები ძალიან ძვირია. ლალის თხოვნაა, განათლების სამინისტრომაც და სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მეტი ინვესტიცია ჩადონ ამ საქმეში, რათა მოზარდებს განათლების უკეთესი პირობები ჰქონდეთ. სათემო ცენტრის მიმართაც აქვს თხოვნა: ფსიქოლოგის დახმარების კურსი ისევ გაგრძელდეს დევნილი ბავშვებისათვის, ხოლო ინგლისურის შემსწავლელი კურსები სკოლის მოასწავლეებისთვისაც გაიხსნას ცენტრში, რადგან სკოლის გაკვეთილები არასაკმარისია უცხო ენის შესასწავლად, მშობლებს კი მათი კერძოდ მომზადების საშუალება არა აქვთ.

ისტორია მეოთხე: პამელა შამუგია ოჩამჩირედან დევნილი ქალბატონია, მეუღლე მძიმე სენით ახლახანს დაეღუპა, ერთი ვაჟი ჰყავს, რომელსაც დროებითი სამუშაო აქვს მხოლოდ. თავად ათეული წლებია სკოლაში გერმანულს ასწავლის. ყოველ დილას 5-6 საათზე დგება, ავტობუსს რომ მიუსწროს და სოფელ მუჟავას სკოლაში დროულად გამოცხადდეს, საღამოს გვიან ბრუნდება შინ.

- სანამ მეუღლე ცოცხალი იყო, მაცილებდა ხოლმე, ახლა ჯოხით მომარჯვებული დავდივარ, ძაღლები რომ მოვიგერიოო,- გვითხრა მან. დამსახურებულ დევნილ პედაგოგს ნაცნობი მძღოლები პატივს სცემენ, მგზავრობის ფასს არ ახდევინებენ ზოგჯერ, მაგრამ ქალბატონი პამელა უხერხულად გრძნობს თავს და იქნებ, ასეთი შეღავათი, როგორც დევნილს და ამ ხნის პედაგოგს, მთავრობამ თავად დამინიშნოსო, ამბობს. განსაკუთრებით ელექტროენერგიის გადასახადი აწუხებს. მისი გადახდა ხელფასამდე რამდენიმე დღით ადრე უწევს, როცა საამისო თანხა ჯერ არა აქვს. არაერთხელ სთხოვა შესაბამისი სამსახურის მუშაკებს, გადაეწიათ მისთვის გადახდის თარიღი, მაგრამ - უშედეგოდ. ეს საკითხი სხვა დევნილებისთვისაც საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა და ქალბატონ პამელას მოთხოვნას ერთსულოვნად შეუერთდნენ. იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული მოთხოვნით კიდევ ერთხელ, წერილობით მიმართონ რაიონის ენერგოსამსახურს, რომელიც იმედია, მათ სოციალურ სტატუსს და მდგომარეობას გაითვალისწინებს და ამჯერად მაინც დააკმაყოფილებს მათ.

მეხუთე ისტორია პროექტის ახალგაზრდა ბენეფიციარებს ირაკლი შონიას და ბაკურ

წულაიას შეეხებათ. ისინი ჯვარის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების აქტივისტები არიან, ხშირად ერთად მონაწილეობენ უნარების განვითარებისა და სამოქალაქო განათლების ტრენინგ-პროგრამებში, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში, ეკოაქციებში. ირაკლი ფეხბურთელია, სპორტული აკადემია დაამთავრა და ფეხბურთის ახალგზრდული გუნდი ჩამოაყალიბა ჯვარში. თვლის, რომ ქუჩიდან ახალგაზრდების სპორტულ მოედანზე გადანაცვლება, მათი სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან ზიარება ყველაზე კეთილშობილური საქმეა. ძალიან მონდომებული ბიჭები არიან, გუნდს რომ სპონსორი გამოუჩნდებოდეს და რეალური თანადგომა ჰქონდეთ, სერიოზულ შედეგებსაც მიაღწევდნენ.

აქაური ახალგაზრდები სპორტის სხვა სახეობებსაც მისდევენ. ახლახან სენაკელ თანატოლებთან ერთად ველორბოლა მოაწყვეს სკურში, დაზამთრებამდე კიდევ ერთი მარშრუტის შერჩევას ფიქრობენ. ველორბოლისათვის და გასვლითი ექსკურსიებისათვის საჭირო ინვენტარი (ველოსიპედები,კარვები, საძილე ტომრები და სხვ.) მათ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international ) საქართველოში წარმომადგენლობამ შეუძინა. ახალგაზრდები ტურისტულ მარშრუტებს ადგენენ და აღწერენ, რათა შემდგომში სამეგრელოში ჩამოსულ ქართველ და უცხოელ სტუმრებს შესთავაზონ.

სათემო განათლების ცენტრი ახალგაზრდებს განსაკუთრებით უყვართ და ეძვირფასებათ. თითქმის ყოველდღე მოდიან აქ, კინოჩვენებებს, დისკუსიებს აწყობენ, მომავალ აქციებს გეგმავენ, ერთობიან, ხალისობენ... ამიტომ მოთხოვნაც ერთადერთი აქვთ: მეტი თანადგომა და მხარდაჭერა ცენტრს და იმ პროგრამების მომავალშიც გაგრძელება, რასაც პროექტი ითვალისწინებს. ამბობენ, რომ თუ ასეთი ცენტრები სხვა რაიონებშიც გაიხსნება, ბევრად ნაკლები ახალგაზრდა იდგება ქუჩაში უსაქმოდ და ბევრად მეტი იცხოვრებს უფრო საინტერესო, ჯანსაღი ცხოვრების წესით...

P.S. აი, ის რამდენიმე პატარა ისტორია, რომელიც თქვენთვის შევარჩიეთ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, კიდევ ერთი საინტერესო სანახაობა გველოდა ჯვარში. დევნილთა ინტეგრაციისა და განათლების პროექტის ფარგლებში ჯვარის პროფესიული სწავლების ცენტრში ბენეფიციარების გადამზადება მიმდინარეობს, რომლებიც ათამდე სხვადასხვა სპეციალობას ეუფლებიან აქ. ათვისებული ხელობით მომავალში საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყებაც შეუძლიათ. სასწავლებელში ჩვენ მათი ხელნაკეთი ნივთები ვნახეთ, რომლებიც ისეთი აკურატულობით, პროფესიონალიზმით და გემოვნებით არის შესრულებული (ნაქარგი, ნაქსოვი, გობელენი, ხის და ლითონის ნაკეთობა და სხვ.), რომ თვით საუკეთესო ოსტატს მოსტაცებს თვალს. სწავლებისათვის საჭირო ყველა იარაღი, დანადგარი თუ სამუშაო მასალა dvv international- მა შეუძინა მათ და აქ შექმნილი ნიმუშებითაც მალე dvv - ის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე მოიწონებენ თავს. ამისთვის ისინი უკვე საგანგებოდ ემზადებიან.

რიტა ბაინდურაშვილი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი