ასე უჩვეულოდ ძლიერი გვალვა კარგა ხანია არ ახსოვს სენაკს.
24 საათი 08.09.10
ასე უჩვეულოდ ძლიერი გვალვა კარგა ხანია არ ახსოვს სენაკს.
მუდამ ნოტიო და წყალუხვ მხარეში სიცხემ ისე დააზრო და გამოაშრო მიწა, რომ ჭებიც კი დაშრა და მოსახლეობას სასმელი წყლის მოპოვებაც უჭირს. მაისის შემდეგ ცის ნამი არ უნახვთ აქაურებს. უღიმღამოდ იმზირებიან ბაღები და ყანები. ამიტომ სამომავლოდ სარწყავი წყლის მომარაგებაზე ფიქრი აქ უკვე დაიწყეს. ამბობენ, ეს ზაფხული ჩვენთვის დიდი გაკვეთილიაო...
გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ საყოველთაო უწყლობისა და უნაყოფობის ჟამს სენაკელებმა სიმინდის უხვი მოსავლის სანახავად მიგვიწვიეს. წელს პირველად დათესილი ახალი ჯიშის სიმინდი იმდენად გვალვაგამძლე და ღონიერი აღმოჩნდა, რომ ვერც გამომშრალმა ნიადაგმა და ვერც უსაშველო სიცხემ ვერაფერი დააკლო - მსხვილი და მარცვალსავსე ტარო გამოიბა. ვეგეტაციის პერიოდიც საკმაოდ მცირე აქვს. პირველი მოსავლის აღების შემდეგ ამავე ნიადაგზე მეორედ დაითესება მარცვალი და აცივებამდე კიდევ ერთხელ მოიწევენ. ამგვარად, მცირე ფართობზეც კი საკმაოდ დიდი მოსავლის მიღება შეიძლება, რაც კლიმატური პირობების გართულების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
აგრარულ პროგრამას დევნილთა ინტეგრაციისა და განათლების პროექტის ფარგლებში ევროკავშირი აფინანსებს და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ქართული ფილიალი (dvv international - Georgia) ახორციელებს ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში წლის დასაწყისში dvv international - მა სათემო განათლების ცენტრები დააფუძნა ჯვარში, სენაკში, კოდასა და შაუმიანში, სადაც დევნილებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა პროფილის სახელობო და პიროვნების განვითარების სასწავლო კურსები გახსნა. Kკომპიუტერის, უცხო ენების, ჭრა-კერვის, ქარგვა-გობელენის, სტილისტის, ავტოშემკეთებლის, მცირე ბიზნესისა და დისტრიბუციის და კიდევ 30 სხვადასხვა სპეციალობას აქ მსმენელები უფასოდ ეუფლებიან, რამდენიმე თვიანი სწავლების შემდეგ სერთიფიკატს იღებენ და შეძენილი პროფესიით დასაქმების შესაძლებლობა უჩნდებათ. ტექნიკურად ყოველმხრივ აღჭურვილი და კვალიფიციური პედაგოგებით დაკომპლექტებული კურსები მათთვის სერიოზული შანსია ცხოვრების თავიდან დასაწყებად, ამიტომ სწავლის მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდია. სენაკში დევნილები შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ბაზაზე ღია გრუნტის მებაღეობას, საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურების, მარცვლეულისა და საკვებწარმოების საქმეს შეისწავლიან. მეცადინეობები თეორიულთან ერთად სასწავლო ნაკვეთებზე პრაქტიკულ სამუშაოებსაც ითვალისწინებს. Uფრო მეტიც, ძირითადი აქცენტი სწორედ პრაქტიკულ მეცადინეობებზე კეთდება.
საგაზაფხულო მოსავალი მსმენელებმა უკვე აიღეს, ახლა მარცვლეულის დრო უდგათ. უკვე მზად არის მოსათიბი ბალახიც, სავარგულების შევსებას მეორედ
მოასწრებენ და ზამთრისთვის საქონლის საკვებს მოიმარაგებენ. პარალელურად ნიადაგს საშემოდგომო ნათესებისთვისაც ამზადებენ, სადაც ბროკოლს, ყვავილოვან და ბრიუსელის კომბოსტოს გადარგავენ. ასე, რომ სასწავლებლის ფართობზე რამდენჯერმე მოიწევენ მოსავალს. სწავლების მიზანიც სწორედ ეს არის - მსმენელები მიწის მრავალჯერად, ეფექტურად გამოყენებას და მისი დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს აზიარონ.
- ჩვენს სასწავლებელში გადამზადებას დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარი ხუთი ჯგუფი გადის - გვითხრა კურსის ხელმძღვანელმა, ცენტრის წარმომადგენელმა გია ხარგალიამ. მსმენელთა ასაკი შეუზღუდავია, გვყავს როგორც 16 წლის ახალგაზრდა, ასევე 75 წლის მამაკაციც. მათ უმრავლესობას საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთები აქვთ და მებაღეობა-მებოსტნეობის გარკვეული გამოცდილებაც, მაგრამ ეს ადამიანები ჩვენთან მიწის დამუშავებისა და ნარგავების უკეთ მოვლის თანამედროვე ხერხებს ითვისებენ, ახალ კულტურებს ეცნობიან, ჩითილები გამოჰყავთ, მათი გადარგვის, შეწამვლის, შემდგომი დამუშავების meTodebs ეუფლებიან. მეცადინეობები არის თეორიულიც - ჯგუფებში და პრაქტიკულიც - სასწავლებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც მოწეული მოსავლის და ძვირადღირებული ნერგების 30% მათი საკუთრებაა. საგაზაფხულო ნათესებიდან მიღებული პროდუქტის - პომიდვრის, კიტრის, ბადრიჯნის, წიწაკის განსაზღვრული ნაწილიც თანაბრად გავუყავით და ოჯახებში წაიღეს. თითეულს 150-200 კილოგრამამდე შეხვდა და ამ პროდუქციის რეალიზებაც შეუძლიათ. თუ დასჭირდათ, ამაში ჩვენც დავეხმარებით. საჩუქრად გადაცემული 100-150 ძირი ნერგით კი საკუთარ ბაღებში მოიყვანენ აღნიშნულ კულტურებს. გარდა ამისა მსმენელები აქ თანამედროვე სასოფლო ტექნიკის გამოყენებასაც სწავლობენ. ყველა საჭირო ინვენტარი, მათ შორის სრულიად ახალი მოტობლოკი, dvv international - მა შეგვიძინა. dvv international - მა გადმოგვცა აგრეთვე ძვირადღირებული სათესლე მასალაც. შარშან სანიმუშოდ დათესილი ამერიკული სიმინდის მოსავალმა დაგვანახა, რომ ის ბევრად გამძლე და უხვმოსავლიანი ჯიშია, ითესება მჭიდროდ და ადგილი ნაკლები სჭირდება. ამიტომ წელს ერთ ჰექტარზე დავთესეთ და 10-12 ტონა მოსავალს ველოდებით, მაშინ როცა ამავე ფართობზე ადგილობრივი სიმინდი 3,5 ტონაზე მეტი ვერ მოიწევა. მსმენელებთან ერთად გავახარეთ საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურების 10000 ძირი ნერგიც. პროგრამა მსმენელებს არა მხოლოდ სპეციალობის დაუფლებასა და საკუთარი მეურნეობის განვითარებაში ეხმარება, არამედ წარმოებული პროდუქციით მატერიალურადაც უმართავს ხელს, რასაც მათთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს.
აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე კურსის ტრენერები მალხაზ ნაროუშვილი და ოთარ შენგელიაც გვესაუბრნენ. გვითხრეს, რომ ყოველ დღე 7-8 საათამდე სასწავლო ნაკვეთში მუშაობენ მსმენელები, თავიანთი ხელით გამოჰყავთ ჩითილები, აფხვიერებენ მიწას, ფოთლებს უწამლავენ მცენარეებს,
ნიადაგში სასუქი შეაქვთ და რასაც თეორიულად სწავლობენ, პრაქტიკულადაც აკეთებენ იმას. აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ საკუთარ კარ-მიდამოში მეურნეობის ხარისხიანად გაძღოლაში დაეხმარება.
პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ნაკვეთებიდან დევნილებთან შესახვედრად სენაკის სათემო ცენტრში გადავინაცვლეთ. გაუსაძლის გვალვასა და მოსავლის სიმცირეს აქაც უჩიოდნენ, მით უფრო რომ
დევნილთა დიდი ნაწილი უმუშევარია და სოციალური დახმარების პაკეტის გარდა შემოსავალი ფაქტიურად არ გააჩნიათ. Aარადა, ოჯახები ჰყავთ, მცირეწლოვანი ბავშვები, შვილიშვილები, მოხუცი მშობლები, რომელთაც თანადგომა სჭირდებათ.
შორენა გადელია გუმისთადანაა. Mმისი მეუღლე აფხაზეთის ომის მონაწილეა, ინვალიდი. ოჯახზე ზრუნვა ძირითადად შორენას უწევს, სამსახური არა აქვს, მაგრამ dvv - ის პროექტის ფარგლებში მცირე ბიზნესის კურსები გაიარა და მესაქონლეობის სფეროში ბიზნესპროექტი დაამუშავა. პროექტი მოუწონეს და დაფინანსებაც მოიპოვა. 25 ათასი ლარით 15 მსხვილფეხა საქონელი შეუძინეს, ოთხ დევნილთან ერთად დასახლებაში კოოპერატივი ჩამოაყალიბეს და ახლა რძის პროდუქტებს აწარმოებენ, რომელსაც იქვე თემში და ქალაქშიც ჰყიდიან. იმედი აქვთ, რომ მალე მოგებაზეც გავლენ, რაც მცირეწლოვანი ბავშვების დედისთვის დიდი სტიმულია.
- თავიდან ცენტრის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი - იხსენებს შორენა, - არ მეგონა თუ იგი ჩემი ოჯახის ცხოვრებას რამით წაადგებოდა, მაგრამ დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ყოფა საგრძნობლად შეიცვალა და ცენტრმა მომავლის იმედი გამიჩინა.
ქალბატონი ნარგიზა ნარსია სოხუმიდან გახლავთ, 18 წლის წინათ სენაკში ნათესავებს შეაფარა თავი. ქალიშვილი გაათხოვა და მოხუც დედასთან ერთად ახლა დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა. ამბობს, რომ მართალია, პრობლემები დევნილებს დღესაც მრავლად აქვთ, მაგრამ ბევრად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ადრე, რთული საყოფაცხოვრებო პირობები ჰქონდათ. დღეს წყალი და ელექტროენერგია მუდმივად აქვთ, გაზი ჯერ - არა, თუმცა ქალაქი გაზიფიცირებულია და დასახლებაშიც ჰპირდებიან მის შემოყვანას. პედაგოგის ხელფასს და მოხუცი დედის პენსიას დევნილობის დახმარება ემატება, მათი ცხოვრება აქ ასე თუ ისე დალაგდა, მოწესრიგდა, მაგრამ თავისად სოხუმი მიაჩნია მაინც. ამბობს, რომ ბედნიერად მაშინ იგრძნობს თავს, როცა სოხუმის ქუჩებს დაუბრუნდება.
ამავე სკოლის პედაგოგია გალიდან დევნილი ნინო ფარულავაც, ადგილობრივ სენაკელს გაჰყვა ცოლად და ერთი შვილი ჰყავთ. აღიარებს, რომ სხვებთან შედარებით უკეთესი პირობები აქვს, მაგრამ სიკეთე ყველასთვის უნდა. ძალიან აწუხებს, რომ დღეს დევნილ მშობლებს შვილებისთვის წიგნების ყიდვის საშუალებაც არა აქვთ, კლასებში თითო-ოროლა სახელმძღვანელოს იმედზე არიან ბავშვები, ამაზე ვინმემ ხომ უნდა იზრუნოსო... მშობლიური აფხაზეთი სტკივა კიდევ, თვლის, რომ უგუნური აფხაზებისა და უგუნური ქართველების გამო ვკარგავთ აფხაზურ ეთნოსს და მათთან დაბრუნებაზე ოცნებობს.
მანანა გრიგოლია კი დევნილზე გათხოვილი სენაკელია. Mმისი სოხუმელი მეუღლე უმუშევარია, ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავთ და უბინაობას უჩივიან. თავად თემის საბავშვო ბაღში მუშაობს, სათემო ცენტრის ხშირი სტუმარია და აქ რამდენიმე სასწავლო კურსიც გაიარა.Kკომპიუტერი და კოსმეტოლოგია უკვე შეისწავლა, ახლა ინგლისურის სწავლას აპირებს.Aამბობს, რომ ეს კურსები მათთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა უფასოდ დაეუფლონ ცოდნას და შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენონ.
ასევე ფიქრობს სოხუმიდან დევნილი რუსლანი, რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა და პრობლემებზეც უფრო მწვავედ ილაპარაკა. გვითხრა, რომ ახალგაზრდა კაცისთვის დასაქმებისა და ცხოვრების მოწყობის არანაირი
პირობა არ არის სენაკში. ამის გამო მის თანატოლებს ოჯახის შექმნაც კი უჭირთ და შანსი თუ მიეცათ, დაუფიქრებლად მიდიან აქედან. თავადაც ასე მოიქცეოდა, სადმე წასასვლელი რომ ჰქონდეს. რუსლანიც დასაოჯახებელია და სანამ სამსახურს არ იშოვის, ამაზე ვერც იფიქრებს. სამსახურის მოძიებას კი განათლება და გამოცდილება სჭირდება, რაც მას არა აქვს და სათემო ცენტრში ცდილობს დანაკლისი აინაზღაუროს. ბუღალტერიის, ოფისმენეჯერის, მცირე ბიზნესის, კომპიუტერის კურსებზე დადის, სერთიფიკატებს მიიღებს და უფრო გაბედულად შეუდგება საქმეს.Aახლა თითქმის ყოველდღე მოდის ცენტრში, სწავლობს, მეგობრებს ხვდება, სიახლეებს ეცნობა და აქაურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს, რამაც მისი ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა:
- დევნილთა დასახლებაში ერთადერთია ეს ადგილი, სადაც სიცოცხლის მაჯისცემას და ცივილურ ცხოვრებას შეიგრძნობ - ამბობს რუსლანი. Aაქ მოსვლა გვიხარია ყველას, რადგან სხვა არც გასართობი და არც განვითარებისათვის ხელმისწვდომი საშუალება ჩვენ არ გვაქვს. აქაურობა ცივილიზაციის შუქურაა ჩვენთვის და მოვითხოვთ, რომ იგი მომავალშიც არსებობდეს!
ეს გახლდათ იქ შეკრებილი დევნილების საერთო აზრი და განწყობა. როგორც ჩანს, მათთვის მართლაც ბევრს ნიშნავს აქაურობა, იმაზე მეტს - ვიდრე სპეციალობის დაუფლებაა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი და ღირებული მონაპოვარია დევნილთა ინტეგრაციისა და დამკვიდრების გზაზე. ამ ნდობასა და დამოკიდებულებას მოფრთხილება უნდა, ამიტომ dvv international - ი ცდილობს, უფრო გააქტიუროს და მრავალფეროვანი გახადოს ცენტრის მუშაობა და სათემო ცხოვრება.
რიტა ბაინდურაშვილი