ბანკმა "რესპუბლიკამ" სპეციალურად "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის, ინოვაციური პროდუქტი მოამზადა, რომელიც მთელი რიგი უპირატესობებით გამოირჩევა.
24 საათი 04.09.10
ბანკმა "რესპუბლიკამ" სპეციალურად "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის, ინოვაციური პროდუქტი მოამზადა, რომელიც მთელი რიგი უპირატესობებით გამოირჩევა.
"კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებს დღეიდან შესაძლებლობა მიეცათ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დასაფინანსებლად ბანკ "რესპუბლიკაში" სესხი შეღავათიანი პირობებით აიღონ.
სპეციალურად "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის შექმნილი სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 19 პროცენტია. სესხი ლარში გაიცემა, რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან სარგებელს და კომფორტს ქმნის. "ბანკი "რესპუბლიკა" სწავლის გადასახადს სრულად დააფინანსებს 19-პროცენტიანი სტუდენტური სესხით, რომლის ვადაც 2 წელია. რაც შეეხება სესხის აღებას, ამის შესაძლებლობა ეძლევა სტუდენტს, რომელიც მუშაობს, და ასეთები ძირითადად ბაკალავრიატის მეოთხე კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები არიან. მაგრამ თუ სტუდენტი არ მუშაობს, მაშინ მსესხებელი შესაძლებელია იყოს მშობელი ან ნათესავი, რომელსაც სტაბილური შემოსავალი აქვს. ბანკი ცდილობს მხარში ამოუდგეს "კავკასიის უნივერსიტეტს" და ასევე, ჩვენი მომავალი დააფინანსოს, რადგანაც ბოლო პერიოდში საფინანსო ინსტიტუტები კარგი კადრების დეფიციტს განვიცდით. საქართველოში სულ რამდენიმე სასწავლებელია, რომელსაც კარგი კადრების მომზადება შეუძლია, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს უნივერსიტეტიც არის," - გვითხრა ბანკ "რესპუბლიკას" სოციალური საბანკო საქმიანობის სამსახურის უფროსმა გიორგი სულაძემ.
ბანკი "რესპუბლიკა" და "კავკასიის უნივერსიტეტი" მაქსიმალურად ამარტივებენ სტუდენტური სესხის აღების პროცედურას, რაც, "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტ კახა შენგელიას განცხადებით, საზოგადოების მხრიდან კომფორტული დაფინანსებისა და საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას გაზრდის. "ჩვენ ამ ბანკთან 10 წელია ვთანამშრომლობთ და ყოველ წელიწადს სტუდენტებს ახალ პროდუქტს ვთავაზობდით, თუმცა ბანკ "რესპუბლიკას" 2010 წლის შემოთავაზება უპრეცედენტოა. სტუდენტურ სესხებზე 19-პროცენტიანი განაკვეთი მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი... ბევრია ისეთი ახალგაზრდა, რომელსაც "კავკასიის უნივერსიტეტში" სწავლა სურს, მაგრამ ფინანსურად დღეს ამის შესაძლებლობა არა აქვს. სესხის საშეღავათო პერიოდი საკმაოდ მაღალია, რაც სტუდენტებს ჩვენთან საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს," - ამბობს კახა შენგელია.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტს, რომელიც ბანკ "რესპუბლიკაში" სტუდენტურ სესხს აიღებს, სარგებლის სახით საჩუქრად სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი გადაეცემა.