პატრუშევი ცხინვალის პრობლემით დაინტერესდა
24 საათი 03.09.10
პატრუშევი ცხინვალის პრობლემით დაინტერესდა
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილება რუსეთის ხელისუფლების, ფაქტობრივად, ყველა რგოლმა გამოხატა. გუშინ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, დელეგაციასთან ერთად, ცხინვალში ჩავიდა. როგორც ოსური მედია იუწყება, პატრუშევი ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესდა.
მიმდინარე კვირას კი რუსეთის რეგიონული განვითარების სამინისტროში თათბირი გაიმართა, რომელზეც მინისტრმა ვიქტორ ბასარგინმა ცხინვალის რეჟიმს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენითი სამუშაოების შეფერხებაში დამნაშავეთა დასჯა დაავალა. გარდა ამისა, სხდომაზე იმსჯელეს რუსეთის გენერალური პროკურატურის მასალების შესახებ. პროკურატურის წარმომადგენლებმა ბასარგინს ურჩიეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას გადასცეს იმ ადგილობრივი ორგანიზაციების სია, რომლებმაც დაკვეთები ცუდად შეასრულეს.
პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ ამ მონაცემების შემდეგ ცხინვალის სამართალდაცველმა ორგანოებმა შესაბამისი ზომები უნდა გაატარონ.
ცხინვალის რეგიონში უმთავრეს პრობლემად საცხოვრებელი სახლების აღდგენა და ექსპლუატაციაში გადაცემა რჩება. როგორც რუსეთის საანგარიშო პალატის წარმომადგენლი განმარტავს, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ერთი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართის მშენებლობის ღირებულება თავდაპირველ ხარჯთაღრიცხვასთან შედარებით მოიჯარეებმა 30 პროცენტით გაზარდეს (ცნობისთვის, მოსკოვმა ცხინვალის რეჟიმს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღსადგენად 2008-2009 წლებში 10 მილიარდი რუბლი გამოუყო). ცოტა ხნის წინათ ცხივალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვადიმ ბროვცევმა რუსეთის “ეფ-ეს-ბე”-ს სასაზღვრო სამსახურის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტის 98 პროცენტი რუსეთის ფედერაციის დახმარებით ივსება.
ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ “24 საათი” კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა. მისი აზრით, აშკარად ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ცხინვალში თავისი თანხის ხარჯვა ძალიან ადარდებს. რადგან “იმდენი დაფინანსება, რაც პატარა ცხინვალზე იხარჯება, რუსეთში თითქმის არც ერთ ქალაქს არა აქვს. ცხინვალი აშკარად ძალიან მადიანი ქალაქი აღმოჩნდა. ძალიან ბევრ რესურსს იღებს, მაშინ როცა რუსეთში პრაქტიკულად კრიზისია. ცნობილია, რომ ამ დონის ქალაქებს რუსეთში არ პატრონობენ.” პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი ცხინვალში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია. მისი თქმით, ცოტა ხნის წინათ პუტინმა კოკოითი დაიბარა, ახლა კი რეაბილიტაციის საკითხებში გასარკვევად პატრუშევს ცხინვალში ჩასვლა მოუწია, რაც სერიოზული სიგნალია.
პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებაში ორი მიმართულებაა: პრორუსული ძალები, რომლებსაც ფულის დახარჯვა და ოსი ხალხის გულის მოგება სურთ და კორუმპირებულები (ე.წ. პროოსური დაჯგუფება), რომლებმაც კარგი ბეღელი ნახეს და თავიანთი ჯიბეების გასქელებას ცდილობენ. როგორც კონფლიქტოლოგი განმარტავს, ამან ცხინვალში შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ძალიან დიდი რაოდენობის თანხას უგზო-უკვლოდ ხარჯავენ.
მოსკოვში უკვე აღარ დავობენ იმქაზე, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთიდან გამოყოფილ თანხას მიზნობრივად არ ითვისებს, თუმცა კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგ რადიკალურ ზომების მიღებას რუსეთში თავს არიდებენ. ამის მიზეზი, როგორც ზაქარეიშვილი შენიშნავს, ის არის, რომ “რუსეთის ხელისუფლებას მსოფლიოში კოკოითთან დაპირისპირების განწყობის შექმნა არ უნდა. ამის გამო მოსკოვი აფხაზებსაც ეფერება, რადგან ქმნიან ილუზიას, თითქოს ცხინვალში და აფხაზეთში ყველაფერი კარგად არის. რუსები იძულებულნი არიან, პრობლემები საჯაროდ აიტანონ. კულუარულად კი სერიოზული რეორგანიზების მოხდენას ცდილობენ.”