ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო სუარესი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა.
24 საათი 11.03.10
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟოაო სუარესი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში იგი პრეზიდენტ სააკაშვილს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებისას მთავარ თემად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, რუსეთის მიერ შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები და ეუთო-ს მისიის აღდგენის ფორმატი განიხილებოდა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ზაფხულში ოსლოში დაგეგმილ სხდომაზე შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სპეციალური რეზოლუციაც მიიღოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟოაო სუარესის სტუმრობამ მშვიდობიანი აქციის ფონზე ჩაიარა, რომლის ორგანიზატორებიც "ალიანსი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი 2010 წელს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ითხოვდნენ. ჟოაო სუარესი აქციის მონაწილეებს გაესაუბრა, თუმცა მედიისთვის კომენტარი საგარეო უწყებაში შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც ჟოაო სუარესმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისიტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვთან შეხვედრის შემდეგ განცახადა, ეუთო ყველა ძალისხმევას გამოიყენებს, რათა ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია საქართველოში დაბრუნდეს. თუმცა, მისივე თქმით, ეს რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური კუთხით გადასაწყვეტი საკითხია. "მნიშვნელოვანია, რომ ორმა ქვეყანამ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მისიის აღდგენის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ამ მიმართულებით რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარება. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს მისიის დაბრუნებას საქართველოში."
შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ნალბადოვმაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, სუარესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ბაზისი, რომელსაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება უნდა დაემყაროს. "შეხვედრაზე წარიმართა ვრცელი დისკუსია, თუ რა როლის შესრულება შეუძლია ასამბლეას, რომ ვითარება კვლავ რჩებოდეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ამ ვითარების მოგვარების საკითხში მისი მონაწილეობა უფრო ქმედითი გახდეს," - განაცხადა ნალბანდოვმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ. მან ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის აუცილებლობაზე ისაუბრა. "მოცემულ ვითარებაში საქართველო მსოფლიოს პირდაპირ ეთერში უნდა ცხოვრობდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მედიის, სასამართლოს თავისუფლების ხარისხსა და დემოკრატიულ პროცესებს, ასევე ეუთო-ს მისიის მანდატის აღდგენის აუცილებლობას. მიმაჩნია, რომ საქართველოში ეუთო-ს მისიის ყოფნა აუცილებელია, რადგან მოცემულ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს პირდაპირ ეთერში უნდა ცხოვრობდეს,"- განაცხადა ბაღათურიამ.