"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის დედაქალაქში მორიგ შეხვედრებს მართავს.
24 საათი 11.03.10
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის დედაქალაქში მორიგ შეხვედრებს მართავს.
კრემლის კარზე მყოფ ქართველ კოლეგას "კონსერვატორმა" თანამებრძოლებმა მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი - "პროქართული საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოება" - გზაში დააწიეს და მისთვის ზურგის გამაგრებას შეეცადნენ. თავად დოკუმენტი დიდად ნაშრომ-ნაღვაწის შთაბეჭდილებას არ ტოვებს და მასში მხოლოდ ზედაპირულად არის ნაჩვენები პრორუსული ორიენტაციის მქონე ოპოზიციის ასევე ზედაპირული შეხედულებები. თუმცა, ამით წერტილი დაესვა მარჩიელობას პრაიმერისტთა შეხედულებებს მთავარ საკითხზე - მათ პოლიტიკურ ორიენტაციაზე კითხვები საბოლოოდ მოიხსნა. "არც პრორუსული და არც პროდასავლური კურსი საქართველოს ინტერესებში არ შედის. საქართველომ უნდა გაატაროს ეროვნული მიმართულება," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. "ეროვნული მიმართულება," საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს, ახსნა-განმარტებას თავად კონსერვატორები იძლევიან: "ევროპელი მეგობრები და საქართველოს მეზობლები უნდა შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანებისკენ ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია დღევანდელ ვითარებაში." ევროპელი მეგობრების რა მოგახსენოთ, მაგრამ ძიძიგურს, სულ ცოტა, ერთი მეზობელი ნამდვილად დაეთანხმება და მოუწონებს კიდეც საქართველოს საგარეო კურსისთვის ასეთი მიმართულების მიცემას. მით უფრო, რომ "უნდა დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და მოხდეს რუსეთის იმ სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება, რომელიც საფრთხეს არ უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას." ნეტა რა სტრატეგიული ინტერესები აქვს რუსეთს, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოს განვითარებას? - ამ კითხვაზე პასუხი პრაიმერისტებს არ აქვთ.
"ქრისტიან-დემოკრატი" ნიკა ლალიაშვილი ვერ ხედავს ასეთ შესაძლებლობას: "რუსეთის ეროვნული უშიშროების კონცეფციისა და სამხედრო სტრატეგიის გათვალისწინებით, ვეჭვობ, თანამედროვე რუსეთში არსებობდეს სტრატეგიული მიზანი, რომელიც ჰარმონიაში მოდის საქართველოს უსაფრთხოებასთან. საქართველოს აქვს ნატო-ში გაწევრიანების შანსი. ეს მაშინ განხორციელდება, როცა საქართველოში კონსტიტუციურ ვადებში ერთხელ მაინც მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა."
ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი "კონსერვატორთა" "პროქართულ გზას" "პოლიტიკური ქულების მოგების თვალსაზრისით გათვლილ" სვლას უწოდებს. "რუსეთისა და საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების ინტერესები თავსებადი არ არის. რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესია, ძალისმიერი გზით შეინარჩუნოს ამ რეგიონში თავისი ზეგავლენა. ამიტომ კონფლიქტური რეგიონების სახით სადავეები მუდამ მოჭიმული უნდა ჰქონდეს. საკმარისია, მან სადავეები ოდნავ მოუშვას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, რომ საქართველო მკვეთრად დასავლურ გზას დაადგება. დღეს რუსეთი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივ მიზნებს მივაღწიოთ."
"რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი "კონსერვატორთა" დოკუმენტს სერიოზულად არ აღიქვამს: "რუსეთის სტრატეგიული ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ ნათელია. "კონსერვატორები" ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ქართული მხარე, რომელიც რუსეთთან რაიმე სტრატეგიულ დათმობებზე ისაუბრებეს. "ფეისბუქში" მეც შემიძლია ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამ პოლიტიკური ძალის ხედვა ჩემთვის საინტერესო არ არის."
საქართველოში ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორ თენგიზ გოგოტიშვილის ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის სამსახურის "სარკე კვლევის" მიერ მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვით, თბილისის მოსახლეობის 76 პროცენტი ემხრობა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. რეგიონებში ნატო-ს მომხრეთა რიცხვი ტრადიციულად მეტია. "რამდენიც არ უნდა გადაიხადოს პუტინმა, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მსურველთა რიცხვი 62 პროცენტზე ნაკლები არ იქნება," - აცხადებს გოგოტიშვილი. ეს, ალბათ, თავად "კონსერვატორებმაც" იციან. უბრალოდ, "ეროვნული უსაფრთხობის" დოკუმენტს გარკვეულ საშვად გამოიყენებენ, რადგან ახლო მომავალში თავადაც აპირებენ რუსეთის დედაქალაქში გამგზავრებას. ამის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობსო - გაამხილა ინფორმაცია ძიძიგურმა.
სალომე დათუნაშვილი