RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
ამბები >>

არგუმენტაყრილი რუსეთი

მიმდინარე კვირას გაერო-ს განყოფილებასა და ჟენევაში განთავსებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მიხაილ ლებედევმა, ადამიანის უფლებების თემაზე გამართულ გაერო-ს მე-13 სესიაზე, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მიერ მომზადებული მოხსენება გააკრიტიკა.

24 საათი 11.03.10

მიმდინარე კვირას გაერო-ს განყოფილებასა და ჟენევაში განთავსებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მიხაილ ლებედევმა, ადამიანის უფლებების თემაზე გამართულ გაერო-ს მე-13 სესიაზე, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მიერ მომზადებული მოხსენება გააკრიტიკა.

დევნილთა უფლებების საკითხებში ბან კი მუნის წარმომადგენელმა ვოლტერ კელინმა მოხსენების მომზადებამდე ცხინვალის რეგიონში არსებული სიტუაცია ადგილზე შეისწავლა. კელინს მთელი ცხინვალის რეგიონის მონახულების საშუალება ჰქონდა. როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, მან ცხინვალის, ახალგორის და ყოფილი ზნაურის რაიონი მოიარა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ღია და გულახდილი კონსულტაციები გამართა. რაც შეეხება საკუთრივ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სიტუაციის აღწერას, კელინის განცხადებით, ადგილი ჰქონდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს. გენერალური მდივნის წარმომადგენელი ეროვნებით ქართველი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში შენობების წინასწარგანზრახული დანგრევის და ძარცვის გამო განსაკუთრებით შეწუხებულია. გარდა ამისა, კელინის დიდ უკმაყოფილებას იწვევს თითქმის ჩაკეტილი ადმინისტრაციული საზღვარი. მოხსენების მიხედვით, ვიდრე კონფლიქტის მოგვარების ყოველმხრივი და ხანგრძლივი გზა მოიძებნება, მხარეებმა პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რათა დევნილების და კონფლიქტში ჩართული დასახლებების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ვოლტერ კელინი ყველა მხარეს თხოვნით მიმართავს, რომ ჰუმანიტარული დახმარების შესვლა ყველა მხრიდან გაამარტივონ ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ყველაზე ოპტიმალური, უსაფრთხო და ეკონომიური მარშრუტების გამოყენება.

კელინმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ის მხარეებს არწმუნებს, რომ 2008 წლის და 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტების დროს დევნილად ქცეული ყველა მოქალაქე საკუთარ სახლებში ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად უნდა დაბრუნდეს. მათ ქონება და კერძო საკუთრება უნდა დაიბრუნონ, იქ კი, სადაც ეს შეუძლებელია, ისინი კომპენსაციით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი. ამ კონტექსტში გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას უცხადებს, რომ პოლიტიკური მოთხოვნები დევნილთა დაბრუნების უფლებას არ დაუკავშირონ. დღეისთვის კი, როგორც კელინი შენიშნავს, "2008 წლის კონფლიქტის გამო, დევნილების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო უკან დაბრუნება. ცხინვალში დაბრუნებული მოსახლეობის უმრავლესობა კი სახლების რეკონსტრუქციას კვლავაც ელოდება".

გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის მოხსენებას რუსული მხარე ცალმხრივს, პოლიტიზებულსა და არაობიექტურს უწოდებს. როგორც მიხაილ ლებედევი შენიშნავს, "კელინის მოხსენებაში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები იმ ტანჯვის შესახებ, რომელიც ოსმა ხალხმა საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმის აგრესიის გამო გადაიტანა." ის ასევე უარყოფს კელინის განცხადებას, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული საქმიანობა შეზღუდულია.

ლებედევის მტკიცებით, მოხსენებაში ფაქტობრივი უზუსტობებიც არის დაშვებული, ერთ-ერთ შეცდომად კი იმას ასახელებს, რომ "სამხრეთ ოსეთის" ნაცვლად - "საქართველოა" ნახსენები.

საწინააღმდეგო ქმედებების მიუხედავად, დევნილების დაბრუნების საკითხი მოხსენებაში ერთადერთია, რასაც რუსეთი პრინციპის დონეზე ეთანხმება. "რუსეთი ყველა დევნილის უფლებების დაცვას, უსაფრთხოებას და ღირსეულად დაბრუნებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს," - შენიშნავს მიხაილ ლებედევი. ის თავის გამართლებასაც კი ცდილობს და აღნიშნავს, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ვერასდროს ახორციელებდა.

როგორც "ევროპული კვლევების" ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა "24 საათს" განუმარტა, რუსეთი საჯაროდ იმიტომ ვერ უპირისპირდება დევნილების დაბრუნების საკითხს, რომ ეს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმაა. ეს საკითხი გაერო-ს კონვენცით არის განსაზღვრული. გარდა ამისა, სხვა ქვეყანებში იმავე პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი რეზოლუციაა მიღებული, რომელსაც რუსეთმაც დაუჭირა მხარი. როგორც გოგოლაშვილი შენიშნავს, "ლტოლვილების და დევნილების დაბრუნება ის საკითხია, რომელიც პოლიტიკურ არგუმენტებს არ ექვემდებარება. ამის წინააღმდეგ რუსეთი ღიად ვერ გაილაშქრებს და ვერ იტყვის, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი და დევნილები არ უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში." რუსეთის ფედერაციას არც სხვა შემთხვევაში აქვს არგუმენტირებული პოზიცია. "როცა რუსებს ეუბნები, რომ დევნლები უნდა დაბრუნდნენ, ისინი გპასუხობენ - კი, ოღონდ ჯერ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი. უსაფრთხოების, ხალხის ერთად თანაცხოვრების გარანტიები უნდა შეიქმნას. თუმცა, უსაფრთხოების ზომების შესახებაც არ აქვთ არგუმენტი, რადგან თვითონ ყველგან ამტკიცებენ, რომ რუსეთი უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და საერთაშორისო ჩარევა საჭირო არ არის," - აცხადებს გოგოლაშვილი. როცა რუსეთი უსაფრთხოების გარანტორად წარმოაჩენს თავს, ასეთ შემთხვევაში გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ დევნილები არ უნდა დაბრუნდნენ.

ბან კი მუნის 2009 წლის ანგარიშისგან განსხვავებით (რომელშიც საქართველოს შესახებ იყო საუბარი, თუმცა დოკუმენტის სახელწოდებაში საქართველო ნახსენები აღარ იყო), ვოლტერ კელინის მოხსენების სათაურში საქართველო აღნიშნულია. "გაერო-ს მოხელე კორექტული იყო, რადგან მთავარ სუბიექტად საქართველო აღნიშნა. გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ის ტერმინი გამოიყენა, რომელიც ორგანიზაციის დოკუმენტებსა და სულისკვეთებას შეესაბამება," - განაცხადა გოგოლაშვილმა. მისი აზრით, რუსეთი ვერ აღწევს იმას, რისი მიღწევაც სურდა. კერძოდ, მოსკოვი ცდილობდა, საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლა მოეხდინა იმ იმედით, რომ ტერმინებს ისე გამოყენებდნენ, როგორც რუსეთს წარმოედგინა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ადრე თუ გვიან საერთაშორისო საზოგადოება შეეგუებოდა და პოზიციებს დათმობდა. როგორც გოგოლაშვილი შენიშნავს, მოსკოვმა ეს ვერ შეძლო. რაც შეეხება კელინის მოხსენებაში მოტანილ ფაქტებს, ექსპერტის მტკიცებით, ეს საქართველოსთვის ის ბერკეტია, რომლითაც კონკრეტულ საკითხებში პროგრესის მიღწევა შეიძლება. "მგონია, რომ ამ სახის ნებისმიერი მოხსენება თუ პოზიცია, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის კონკრეტულ დარღვევებზე მიუთითებს, საქართველომ მოლაპარაკებებში უნდა გამოიყენოს," - შენიშნავს გოგოლაშვილი. მისი თქმით, მთელი მსოფლიო რომ აღდგეს და რუსეთთან ურთიერთობები გაწყვიტოს, მოსკოვი თავის პოზიციას მაინც არ დათმობს. თუმცა, ექსპერტის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთი კრიტიკულ მოპყრობას უნდა შეაჩვიოს. ყოველ შემთხვევაში, ეს რუსეთის შიდა სიტუაციაზე მაინც მოახდენს გავლენას.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი