გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი საქმიანობის მორიგი ყოველკვირეული ანგარიში მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.
24 საათი 10.03.10
გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი საქმიანობის მორიგი ყოველკვირეული ანგარიში მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.
2 მარტიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგიონებში გასვლა დაიწყო. პირველი ვიზიტით ცესკო-ს წევრები თელავში ჩავიდნენ და ახმეტის, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრა. 4 მარტს კი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა სიღნაღში დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის და ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრებზე საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და წინასაარჩევნო გეგმები განიხილეს, ასევე საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესსა და ცესკო-ს სამუშაო ჯგუფების როლზე ისაუბრეს.
5 მარტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებზე მემორანდუმს შეიმუშავებს. მსგავსი მემორანდუმი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ცესკო-სა და ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდა. ცესკო-ში 5 მარტსვე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც ცესკო-ის თავმჯდომარემ სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია წარადგინა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ საარჩევნო პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რასაც ხელს უწყობს მსგავსი ტიპის შეხვედრები.
6 მარტს ცესკო-ში პოლიტიკურ პარტიებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა, სადაც ამომრჩეველთა სიების საკითხები და სიების მონიტორინგის მიმდინარეობა განიხილეს.
ცესკო-ს საქმიანობის გამჭვირვალობის ფარგლებში, კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდება ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის პროცესის შესახებ ცესკო-ში შემოსული წერილები და მათზე გაცემული პასუხები.
ამ კვირაში ცესკო საჯაროდ განსახილველად 2010-2011 წლების სამოქმედო სტრატეგიას გამოიტანს. მომავალი კვირიდან კი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები რეგიონულ ვიზიტებს გააგრძელებენ და წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ყველა რეგიონს ეწვევიან.