საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა თენგიზ შარმანაშვილმა გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო.
24 საათი 10.03.10
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა თენგიზ შარმანაშვილმა გუშინ სპეციალური პრესკონფერენცია მოაწყო.
ანონსის თანახმად, პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უნდა წარმოედგინათ. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ “ეროვნულ-დემოკრატმა” თენგიზ შარმანაშვილმა მედიის საშუალებით ვიღაცის წინაშე თავის მართლება დააპირა. შემდგომი უხერხულობების თავიდან ასარიდებლად კომისიის მდივანმა ჟურნალისტებს სთხოვა, რომ სახელმწიფო კომისიის პროექტი და კომისიის წევრთა ვარიანტები ერთმანეთისგან გაგვემიჯნა. როგორც ჩანს, მავანთა აღშფოთება შარმანაშვილისეული ვარიანტის ერთ-ერთმა ცვლილებამ გამოიწვია, რომელიც პრესაში თავად კომისიის მიერ ჩამოყალიბებულ აზრად დაფიქსირდა. კერძოდ, საქმე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა მიერ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას ეხება. კომისიის მდივნის აზრით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს არ შეიძლება, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობები ეკავოთ, რადგან “ასეთ ადამიანებს არ შეიძლება ჰქონდეთ ვალდებულებები სხვა სახელმწიფოების მიმართ." შარმანაშვილმა ასეთ თანამდებობათა ნუსხაც წარმოადგინა - პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურები, პარლამენტის წევრები, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი. ამით მან პასუხი გასცა “საქართველოს გზის" ლიდერ სალომე ზურაბიშვილის აღშფოთებას, თითქოს მას საკონსტიტუციო კომისია თბილისის მერობისკენ გზას უბლოკავს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მხოლოდ შარმანაშვილის იდეაა და მისი განზოგადება და “კომისიის საბოლოო ხედვად შეფასება არ შეიძლება”: “საქართველოში პოლიტიკური წყობა ფუნდამენტალურად უნდა შეიცვალოს. უნდა გადაიხედოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციები. მოხდეს პრეზიდენტის დისტანცირება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ის, რომ ძალოვანი მინისტრების დანიშვნა და გათავისუფლება მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა, ან ის, რომ მთავრობა პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე პარლამენტში ბიუჯეტს ვერ წარადგენს და კიდევ სხვა ფუნქციები პრეზიდენტს არ უნდა ეხებოდეს. ის უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაური, ახორციელებდეს პოლიტიკური არბიტრაჟის როლს, იყოს ქვეყნის მთავარსარდალი."
ჯერჯერობით კონსტიტუციაში უცვლელი რჩება ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის მუხლი. შარმანაშვილის განმარტებით, კომისიის წევრებმა ტერიტორიული პრობლემების მოგვარებამდე არსებული მუხლის შეცვლაზე უარი თქვეს.
კომისიას ორ საკითხზე მაინც მიუღწევია შეთანხმებისთვის. კერძოდ, მოქმედ კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი თვითმმართველობის რეგულაციაზე. საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ძირითად კანონს თვითმმართველობის თავი დაემატება. ეს გადაწყვეტილება უკვე გადაეგზავნა ვენეციის კომისიას, რომლის შეფასებასაც საქართველოში ორიოდე თვეში ელოდებიან. ვენეციიდან დასკვნა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზეც უნდა მოვიდეს.
სალომე დათუნაშვილი