გუშინ ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
24 საათი 05.02.10
გუშინ ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისარი კნუტ ვოლებეკი აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორის მიმართ საქართველოს სტრატეგია და აფხაზეთის განათლების საკითხები განიხილეს. სერგეი ბაგაფშმა კნუტ ვოლებეკს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ აღნიშნული სტრატეგიის განხილვას არ აპირებს. რაც შეეხება განათლების სისტემას, უმაღლესმა კომისარმა სომხური სკოლებისადმი სეპარატისტების მიდგომით კმაყოფილება გამოთქვა, თუმცა უკმაყოფილო დარჩა მათი განწობით ქართული სკოლების მიმართ.
ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლეს კომისარ კნუტ ვოლებეკთან შეხვედრისას სეპარატისტების ლიდერმა სერგეი ბაგაფშმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გააკეთა კომენტარი. მისი განმარტებით, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ურთიერთდათმობებია საჭირო. “ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, გაფორმდეს ხელშეკრულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მაგრამ ეს საკითხი ვერა და ვერ წყდება. მეტიც, ჩვენ ახალ დოკუმენტს გვთავაზობენ, ჩვენ კი მის განხილვასაც კი არ ვაპირებთ,” - აღნიშნა დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერმა.
გუშინვე ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისარი სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრ ინდირა ვარდანიასაც შეხვდა. კნუტ ვოლებეკმა ვარდანიასთან გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების საკითხი და სომეხი ეროვნების ბავშვების განათლების საკითხი განიხილა. “აფხაზეთის ყველა სკოლაში კანონმდებლობის თანახმად აფხაზური ენა ისწავლება, ისტორიას და გეოგრაფიას კი ყველა სკოლაში რუსულ ენაზე ასწავლიან. აფხაზეთში სომხური სკოლები ნორმალურად ფუნქციონირებენ და მათ სახელმწიფო აფინანსებს, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენს. სკოლადამთავრებულების ძირითადი ნაწილი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე სოხუმის ღია უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას, ზოგი მათგანი კი სასწავლებლად სომხეთში კი არა, რუსეთი მიემგზარება,” - განუცხადა ინდირა ვარდანიამ კნუტ ვოლებეკს.
აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრ ინდირა ვარდანიასთან შეხვედრაზე ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების საკითხების უმაღლესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა კმაყოფილება გამოთქვა სომხური სკოლების მიმართ სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მიდგომით, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, იმავეს ვერ იტყვის ქართული სკოლების შემთხვევაში. “კმაყოფილი ვარ მათი მიდგომით სომხური სკოლებისადმი, თუმცა არ ვარ კმაყოფილი მათი განწყობით ქართული სკოლების მიმართ. ასევე, შეშფოთებული ვარ იმით, რომ ისინი არ გამოხატავენ მზადყოფნას, მისცენ მოსწავლეებს ქართულ ენაზე განათლების საშუალება. ჩვენ აფხაზეთის ხელისუფლებას დახმარება შევთავაზეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ შეთავაზებას მიიღებენ,” - განაცხადა ვოლებეკმა.
"შეგიძლიათ თუ არა, მისცეთ ბავშვებს ქართულ ენაზე სწავლის საშუალება?" - კითხვა დაუსვა კნუტ ვოლებეკმა ინდირა ვარდანიას. “განცხადებები იმის შესახებ, რომ გალის რაიონის მოსწავლეებს არა აქვთ მშობლიური ენის სწავლის და განათლების მიღების საშუალება, სინამდვილეს არ შეესაბამება. თუკი ისინი რუსულ სკოლაში სწავლობენ, ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საშუალება. სოფლის სკოლები კი, ძირითადად, ყველა ქართულია,” - უპასუხა ინდირა ვარდანიამ კნუტ ვოლებეკს.
გალის რაიონში 20 სკოლა ფუნქციონირებს, მათ შორის ქართული და რუსული სკოლები, რომლებშიც 2985 მოსწავლე სწავლობს. სავალდებულო სასწავლო საგნებია: აფხაზური ენა, აფხაზეთის ისტორია და გეოგრაფია. აქ ვარდანია ვერავითარ დარღვევას ვერ ხედავს, რადგან გალი აფხაზეთის ერთ-ერთი რაიონია და იქ განათლება სახელმწიფო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. მიუხედავად ამისა, კნუტ ვოლებეკმა აფხაზეთის კონსტიტუციის მე-6 მუხლი მოიშველია და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ნებისმიერ ჯგუფს აქვს მშობლიური ენით სარგებლობისა და ამ ენაზე ურთიერთობის უფლება. “საერთაშორისო პრაქტიკისა და ევროსაბჭოს სტანდარტების თანახმად, მშობლებს აქვთ უფლება, შვილებისთვის განათლების ენა აირჩიონ,” - განუცხადა კნუტ ვოლებეკმა ვარდანიას.