გუშინ თბილისში ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ მოლაპარაკებების გამართვა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო.
24 საათი 05.02.10
გუშინ თბილისში ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ მოლაპარაკებების გამართვა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო.
ბუკიკიომ დღის განმავლობაში არაერთხელ გამოთქვა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ უკმაყოფილება. მისი მტკიცებით, საქართველომ კონსტიტუციაზე მუშაობა დამოუკიდებლობის დღიდან დაიწყო და ძალიან სამწუხაროა, რომ თითქმის ოცი წლის განმავლობაში ქვეყანამ გამართული კონსტიტუცია ვერ შეიმუშავა. დღესდღეობით კი, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას პროექტზე მუშაობა თავდაპირველად 2009 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. თუმცა, მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილებით, ბოლო ვადა მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადმოწიეს, ამჯერად კი პროექტის საბოლოო ვარიანტის მიღება შემოდგომისთვის იგეგმება.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მხოლოდ მას შემდეგ დაამტკიცებენ, რაც ცვლილებების პროექტის დასრულებულ ვარიანტს ვენეციის კომისია განიხილავს. ხოლო, რაც შეეხება დღევანდელ კონსტიტუციას, როგორც ბუკიკიო აცხადებს, “არსებული კონსტიტუცია არ აკმაყოფილებს თანამედროვე დასავლურ მოთხოვნებს.” ის დასძენს, რომ ყველაზე მეტი ხარვეზი სახელმწიფო მოწყობის საკითხებშია. ბუკიკიოს აზრით, ახალ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ხელისუფლების შტოების გამიჯვნას. ბუკიკიომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ახალი კონსტიტუციის შექმნის პროცესში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. მიხეილ სააკაშვილი კი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს ვენეციის კომისიიდან რჩევების მიღების იმედი აქვს. პრეზიდენტმა ბუკიკიოსთან შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი რეფორმა გაატარა. “უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ კორუფციასთან ბრძოლა, ბიზნესის გათავისუფლება და უფრო ფართო, გამჭვირვალე დემოკრატიული რეფორმები,” - განაცხადა სააკაშვილმა.
ჯანი ბუკიკიო გუშინ გამართულ შეხვედრებზე აცხადებდა, რომ მთავრობა უფრო ანგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტის წინაშე და სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი უნდა გახდეს. გარდა ამისა, ბუკიკიო მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება აუცილებელია და თუკი შესაძლებელია, ახალმა კონსტიტუციამ უნდა გაითვალისწინოს გარკვეული ტიპის რეგიონალიზმი, რათა რეგიონებს მეტი ავტონომია მიენიჭოთ. მან ასევე განაცხადა, რომ დელეგაციას კონსტიტუციის ცვლილებების ახალი პროექტის ერთი თავის ნახვის საშუალება მიეცა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება, დღევანდელი კონსტიტუცია კი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ძალიან ზოგად დებულებებს შეიცავს.
ამის გამოსასწორებლად, ბუკიკიოს აზრით, “აუცილებელია, რომ კონსტიტუცია თანხმობისა და კონსენსუსის საფუძველზე იყოს მიღებული. ამაში სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ.”
სწორედ ამ საკითხს განიხილავდნენ გუშინ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების კომისის თავმჯდომარესთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებისა და ჯანი ბუკიკიოს შეხვედრაზე. მსჯელობაში პოლიტოლოგი გია ნოდია მონაწილეობდა. “შეხვედრაზე კონკრეტულ კონსტიტუციურ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა. ძირითადი დრო ზოგადი პოლიტიკური გარემოს შეფასებას დაეთმო. კერძოდ აღინიშნა, რომ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში პოლიტიკური პარტიები მაინცდამაინც არ არიან ჩართულნი და არც ჩანს, რომ მათ ეს დიდად აინტერესებდეთ. ამასთან, ეს პროცესი საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც არ არის,” - განუცხადა “24 საათს” გია ნოდიამ. მისი თქმით, ამ საკითხის შესახებ შეხვედრაზე მყოფ ექსპერტებს სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ. ზოგი ხელისუფლებას აბრალებდა და ზოგიც პოლიტიკურ კულტურას.
გარდა ამისა, გუშინ ვარდების რევოლუციის შემდეგ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე საუბრობდნენ. პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე ჯანი ბუკიკიომ შენიშნა: “2004 წლის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ საუბრისას თქვენ აღნიშნეთ, რომ საჭიროა მისი გადახედვა და ვფიქრობ, ახლა ის დროა, რომ შეიცვალოს.” ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრმა ლევან ვეფხვაძემ. “მაშინ, როცა პრეზიდენტი მთავრობის მეთაური გახდა, სააკაშვილს თავისი უფლებებიც შერჩა და მთავრობის უფლებებიც დაემატა. პრეზიდენტი მთავრობის სხდომებსაც ატარებს და პარლამენტის დირექტორიც არის,” - განაცხადა ვეფხვაძემ. ხოლო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით დარჩიაშვილი სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დაცვის შესახებ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელ ჯანი ბუკიკიოს მოწოდებაში ახალს ვერაფერს ხედავს. დეპუტატის განცხადებით, “ხელისუფლება მზად არის, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯზე პარლამენტის უფლებები გაზარდოს და ეს ინიციატივა პრეზიდენტის მხრიდან მოდის.” როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, 2004 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზარდა, იმ ვითარებისთვის სრულიად ადეკვატური იყო, ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებული ცვლილებები კი არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ის პრინციპების დონეზე დიქტატორული იყო.
თბილისიდან ჯანი ბუკიკიომ მოთხოვნების შესაბამისი ცვლილების შეტანის დაპირება მიიღო. მიუხედავად ამისა, გია ნოდია მომავალ საკონსტიტუციო ცვლილებებს არაერთგვაროვნად აფასებს. მან განაცხადა: “არ ვიცი ახალი ცვლილებების შემდეგ კონსტიტუცია თანამედროვე დასავლურ მეთოდებს დააკმაყოფილებს თუ არა, რადგან საბოლოოდ არსებითი ცვლილებები ჯერ მიღებლი არ არის. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიუახლოვდება. რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი, ამის წინასწარმეტყველება რთულია, უფრო პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.” ნოდია შენიშნავს, რომ მუშაობის პროცესში კონცეპტუალური საკითხებიც მოსაგვარებელია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რა პრინციპზე უნდა აიგოს კონსტიტუცია. “ჯერჯერობით ყველაზე რთული საკითხია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის ძალაუფლების განაწილება. გაყოფილი აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა ყველაზე პოპულარული ჩანს - იმ აზრით, რომ ასეთ მიდგომაში პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ერთმანეთისგან მეტად არიან გამიჯნულები, კერძოდ, მთავრობა პარლამენტის წინაშე შედარებით მეტად იქნება პასუხისმგებელი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მიმართულებაა. საბოლოო ჯამში, ამის დეტალები გადამწყვეტია და ეს დეტალები გვაჩვენებს, რამდენად კარგი გამოვა შედეგი.” საკუთრივ გია ნოდიას კი გაყოფილი აღმასრულებელი ხელისუფლების მოდელი საერთოდ არ მოსწონს. მას მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, ამერიკული სტილის საპრეზიდენტო მოდელი იყოს ან ევროპული სტილის - საპარლამენტო. მისი აზრით, ეს უფრო თანმიმდევრული და ლოგიკური სისტემაა. თუმცა, გია ნოდიას თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლება, როგორც ჩანს, გაყოფილი აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბებას ფიქრობს.